№ბს-391(2კ-20) 16 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-მ“ 2018 წლის 20 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, კერძოდ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ, სასამართლოს წინაშე განსახილველად წარდგენილი მოთხოვნები ფორმულირებული იქნა შემდეგი სახით:
- ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №02-9/404 ბრძანება შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებულ კიბესთან ზედდების ნაწილში, რაც შეადგენს 5.15 კვ. მეტრს;
- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“ №... საკადასტრო ერთეულზე იმ ნაწილში, სადაც მოყოლილია შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებული კიბე (კიბესთან ზედდების ნაწილში, რაც შეადგენს 5.15 კვ.მეტრს);
- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“, რომლითაც გაუქმდა 2015 წლის 2 ივნისის №... რეგისტრაცია;
- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „...-ს“ უარი ეთქვა „რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №02-9/404 ბრძანება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი) რეგისტრაციის თაობაზე 5.15 კვ.მეტრის ნაწილში (შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებულ კიბესთან ზედდების ნაწილში); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „...-ს“ უარი ეთქვა „რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999 წლის 23 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №207, ...ს ქუჩა N...-ში არსებული ... ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „...-ს“ მიერ აშენებული მინი ავტოსერვისის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა ქ. თბილისის „...ის“ ინსპექციის მიერ წარდგენილი /18.06.99წ. №1/ მიმღები კომისიის აქტი, ...ს ქუჩა N...-ში არსებული ...ის მიმდებარედ მინი ავტოსერვისის შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 288,0 კვ.მეტრი სასარგებლო ფართით; საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 1 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, …, ...ს ქუჩა N...-ში არსებული ...ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 158.00 კვ.მეტრი ფართობის, ნაკვეთის წინა ნომერი: №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო შპს „...-ს“ სახელზე.
ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქალაქ თბილისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 28 მაისის №1917575 გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამსახურმა განიხილა №AR1312762 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ს ქუჩა N...-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) საზღვრების კორექტირების საკითხი და განმცხადებელს აცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი ესკიზის მიხედვით მიწის ნაკვეთის, ...ის რაიონში, ...ს ქუჩა N...-ში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმის კორექტირება სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა, თუმცა ვინაიდან ცვლილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სცილდებოდა სამსახურის კომპეტენციას, თანდართული ესკიზის მიხედვით ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებაზე შემდგომში განმცხადებელს უნდა მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, სწორედ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 28 მაისის №1917575 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 2 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №... „რეგისტრაციის შესახებ“, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „...-ს“ განცხადება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N..., რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. სააპელაციო პალატამ 2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ს მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობით: 157.00 კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №..., შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 288.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „...-ს“ სახელზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ა)ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები; ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა: ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა; ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა; ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, დამაგრებული მიწა; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები; ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებად არ ითვლება შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის, საძოვრები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისეთი მიწა, რომელიც სხვა პირის კერძო საკუთრებაში იმყოფება.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს „...-ს“ საკუთრების წარმოშობის უფლების დამდგენი დოკუმენტები დღეის მდგომარეობით ძალაშია და იგი სადავოდ არ გამხდარა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო არ იყო უფლებამოსილი 2015 წლის 29 აპრილს გამოეცა ბრძანება №02-9/404 უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N...-ისმიმდებარედ 5,15 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში (შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებულ კიბესთან ზედდების ნაწილში) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 171-ე მუხლზე მითითებით, გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ კიბე წარმოადგენს შენობის განუყოფელ ნაწილს და შენობაში ცენტრალური გზიდან შესვლის ერთადერთ საშუალებას და შესასვლელს. მოცემულ შემთხვევაში, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება და მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №02-9/404 ბრძანება „უძრავი ქონების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ“ (შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებულ კიბესთან ზედდების ნაწილში, რაც შეადგენს 5,15 კვ.მეტრს) კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული, იგი ხელყოფდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში შპს „...-ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №02-9/404 ბრძანება „უძრავი ქონების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ“, შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებულ კიბესთან ზედდების ნაწილში, რაც შეადგენდა 5.15 კვ.მეტრს - ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას 5.15 კვ.მეტრი ფართის ნაწილში (შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებულ კიბესთან ზედდების ნაწილში) „რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ის მიმდებარედ არსებული 113 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: №..., დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №02-9/404 მიმართვის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 1 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადასტურებული იყო, რომ ქ. თბილისში, ..., ...ს ქუჩა N...-ში არსებული ...ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 158.00 კვ.მეტრი ფართობის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო შპს „...-ს“ სახელზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილების მიღებისას (ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ისმიმდებარედ მდებარე უძრავ ნივთზე სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 5,15 კვ.მეტრის ნაწილში, შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებულ კიბესთან ზედდების ნაწილში), დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რამეთუ როგორც აღინიშნა საქმეში არსებული მასალებით დასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოქცეული კიბე მიდგმული იყო არსებული შენობის კონტურზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ აღნიშნული კიბე მოქცეულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში და სწორედ ამ ფორმით იქნა მიღებული ექსპლუატაციაში 1999 წელს, რასაც ასევე ადასტურებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი შენობის არქიტექტურული პროექტი, სადაც კიბე დღეს არსებული ფორმით და მოცულობით არსებობდა ჯერ კიდევ 1999 წელს. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საბოლოო ჯამში ადასტურებდა იმას, რომ სადავო - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილებით სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღირიცხა მიწის ნაკვეთის ის ნაწილიც (5,15 კვ.მეტრი), რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის - შპს „.... - ს“ საკუთრებას და სადაც განთავსებული იყო შენობის არსებითი შემადგენელი ნაწილი -კიბე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, ისევე როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული და ისინი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა, რის გამოც არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ. კასატორებმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდნენ სააპელაციო საჩივრებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების მოსაზრებით თბილისის სააპელაციო სამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება. კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი.
კასატორებმა ასევე მიუთითეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 312-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე და იმაზე, რომ საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 106-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
კასატორების განმარტებით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც განიხილავს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციას და თუ დოკუმეტაცია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს მარეგისტრირებელი ორგანო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 29 აპრილს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება (საკადასტრო კოდი: N...). კასატორები მიიჩნევენ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი აღნიშნული ქონების მესაკუთრე გახდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ქალაქ თბილისის მუნი ციპალიტეტი, ისევე როგორც ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული ფიზიკური პირი, ვალდებულია დაიცვას როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ. N...-ის მიმდებარედ არსებული 113 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებისას შპს „... - ს“ საკუთრებად რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით და შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს არ დაფიქსირდა ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან. გარდა ამისა, როგორც ქ. თბილისში, ...ს ქ. N...-ში შპს „...-სათვის“ მინი ავტოსერვისის მოსაწყობად შედგენილ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპერქტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემულ გეგმაზე და ასევე საკადასტრო რუკაზე ფიქსირდება მხოლოდ კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კიბის გარეშე. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 28 მაისის №1917575 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „...-ს“ განცხადება და არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიიჩნია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმის კორექტირება კომპანიის მიერ წარდგენილი ესკიზის მიხედვით. შპს „...-ს“ მიერ სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენისა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის დროს დაფიქსირდა ზედდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2015 წლის 28 მაისს კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული და გათვალისწინებული ის გარემოება, რომ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „... - ს“ განცხადება და არქიტექტურის სამსახურის №1917575 გადაწყვეტილების და განმცხადებლის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე განხორციელდა ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.
კასატორი სსიპ ქონების მართვის სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ იგი მოქმედებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება მხოლოდ აღნიშნული დებულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმდებლობის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კორექტირება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, ხოლო, მოცემულ საქმეში კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგიტრირების დროს არ დაფიქსირდა გადაფარვა კომპანიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან. ზედდება გამოიწვია კომპანიის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილებამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება შპს „...-ს“ საკუთრებაში არსებულ კიბესთან ზედდების ნაწილში, რაც შეადგენს 5,15 კვ. მეტრს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სადავო ფართის - ქ. თბილისში, ...ს ქუჩის N...-ისმიმდებარედ არსებული 5.15 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დგინდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
- ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1998 წლის 8 ივლისის №368 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ს ქუჩა N...-ში არსებული ...ის მიმდებარედ შპს ,,... - სათვის“ ავტოსერვისის და მაღაზიის მოწყობის პროექტი. პროექტის დამტკიცების საფუძველი გახდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 14 მაისის №10.23.199 დადგენილება, რომლის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები დაწყებული უნდა ყოფილიყო არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის, არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციაში და მუშა ნახაზებისა და საავტორო ზედამხედველობაზე დამკვეთსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენისა და მშენებლობაზე ნებართვის მიღების შემდეგ და ინსპექციის მიერვე უნდა ყოფილიყო მიღებული ობიექტი ექსპლუატაციაში.
- თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999 წლის 23 ივლისს მიღებულ იქნა №207 გადაწყვეტილება, ...ს ქუჩა N...-ში არსებული ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „...-ს“ მიერ აშენებული მინი ავტოსერვისის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცდა ...ს ქუჩა N...-ში არსებული ...ის მიმდებარედ 288,0 კვ.მეტრი სასარგებლო ფართის მინი ავტოსერვისის შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, ქ. თბილისის „...ის“ ინსპექციის მიერ წარდგენილი /18.06.99წ. №1/ მიმღები კომისიის აქტი. „...ის“ ინსპექციას ეთხოვა აღნიშნულ ობიექტზე არსებული ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეგზავნა ტექინვენტარიზაციის ბიუროს ობიექტის აღრიცხვაზე ასაყვანად.
- 2007 წლის 1 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ..., ...ს ქუჩა N...-ში არსებული ...ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 158.00 კვ.მეტრი ფართობის, ნაკვეთის წინა ნომერი: №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „...-ს“ სახელზე.
- შპს „უ...ის“ მიერ 2015 წლის 17 მაისს მომზადებული აზომვითი ნახაზით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში, საკადასტრო კოდი: №... და საკადასტრო კოდი: №... მიწის ნაკვეთებზე მდებარე კიბის უჯრედის ზედდება შეადგენს 5.15 კვ.მეტრს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება ქ. თბილისში, ..., ...ს ქუჩა N...-ში სადავო 5.15 კვ.მეტრ ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი. ამასთან, ძალაშია და არ გასაჩივრებულა სადავო ფართის (5.15 კვ.მ) შპს „...-ს“ სახელზე რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტები. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე