Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 118-აპ 1 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ რ. ძ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 ოქტომბრის განაჩენით რ. ძ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 8 თვით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 7 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ რ. ძ-ლს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 5 წლითY თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რ.ძ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით რ.ძ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

რ. ძ-ლს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის დადგენილებით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის მიესაჯა 5 დღით პატიმრობა. 2003წ. 7 აგვისტოს მან განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება _ გამშრალი “---”. 2003წ. 8 აგვისტოს ქ.ბათუმში, --- ჩატარებული ჩხრეკის დროს რ.ძ-ის ჯინსის შარვლის წინა მარცხენა და უკანა მარჯვენა ჯიბიდან პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება _ 6,30 გრამი გამშრალი “-”, რომელიც მან უკანონოდ შეიძინა დაუდგენელი პირისაგან.

მსჯავრდებული რ.ძ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა არის ძალიან მკაცრი.

პროკურორი ე.ქ-ვა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს რ.ძ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რ.ძიმისტარიშვილმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება. შერაცხულ ბრალდებას არც მსჯავრდებული ხდის სადავოდ და განაჩენს მხოლოდ სასჯელის ნაწილში ასაჩივრებს.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ რ.ძ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, დაავადებულია მალთაშუა დისკის პროლაფსით, მიზანშეწონილად მიაჩნია, რ.ძ-ლს შეუმცირდეს სასჯელის ზომა და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ.ძ-ლს საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 იანვრის განაჩენი რ. ძ-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდოს 2 წლითYთავისუფლების აღკვეთა.

რ. ძ-ლს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.