Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-358(კ-19) 20 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ლ. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - კერძო აღმასრულებელი რ. ს-ე

მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლით) - სს „...ი“

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2018წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

12.12.2017წ. ლ. ლ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, კერძო აღმასრულებლის რ. ს-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კერძო აღმასრულებლისათვის ქ. ქუთაისში, ...ას ქ. ...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ..., შენობა N1-ის გამოყოფილი ნაწილის 275,67 კვ.მ ფართი N1) შეფასების დავალება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით.

მოსარჩელის განმარტებით, კერძო აღმასრულებლის - რ. ს-ის წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ლ. ლ-ეს სს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 18809,28 აშშ დოლარი. კერძო აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, სარეალიზაციოდ განსაზღვრული ქონების შეფასება განხორციელდა რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, კერძოდ, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. ...-ში მდებარე ქონება შეფასდა 105,000 ლარად, თუმცა მისი რეალური საბაზრო ღირებულება არის 219 157,65 ლარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების შეფასება უნდა განხორციელდეს ობიექტური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ქონების დათვალიერებისა და შესწავლის შედეგად. აღნიშნული ქონება მდებარეობს ...ი მნიშვნელობის მქონე ...ე ზონაში და არის ძვირადღირებული.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.12.2017წ. განჩინებით ლ. ლ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე თარიღის განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სს „...ი“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.06.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.06.2018წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისში, ...ას ქ. ...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) შენობა N1-ის გამოყოფილი ნაწილი - 275,67 კვ.მ ფართი N1, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ. ლ-ის სახელზე. კერძო აღმასრულებლის რ. ს-ის წარმოებაშია ნოტარიუს ე. გ-ის მიერ 15.01.2015წ. გაცემული N150033717 სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ლ. ლ-ეს კრედიტორ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 18809,28 აშშ დოლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცელში მითითებულია, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია (შენობა N1-ის გამოყოფილი ნაწილი, 275,67 კვ.მ, ფართი N1, მდებარე: ქ. ქუთაისში, ...ას ქ. ...-ში, ს/კ ...). 12.12.2017წ. კერძო აღმასრულებელმა რ. ს-ემ ლ. ლ-ეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. კერძო აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, შპს ,,...ის’’ 2017 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისად, ლ. ლ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება შეფასდა 105,000 ლარად. საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,ა...ის’’ N11/6 აუდიტორული დასკვნით, ლ. ლ-ის საკუთრებაში რიცხული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, შეფასებულია 219157,65 ლარად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.7 მუხლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. აღნიშნული კანონის 25.7 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მე-8 პუნქტის მიხედვით, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. ამავე კანონის 18.1 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე.

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი. ამავე კანონის 63.1 მუხლით, უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვით). 63.2 მუხლით, კრედიტორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების დაწყების თაობაზე განცხადების წარდგენისას განსაზღვრავს აღსრულების სახეს.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2011წ №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების“ შესაბამისად, იძულებითი აუქციონის ამ ბრძანებით დადგენილი წესით გამართვა გამორიცხულია სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის გარეშე, რადგან შეფასების აქტში ფიქსირებულ ქონების საბაზრო ღირებულებას მნიშვნელობა აქვს აუქციონის გამოცხადებისას საგარანტიო თანხის განსაზღვრისათვის, ფასის მატების ბიჯის ღირებულებისათვის და აუქციონზე ქონების საწყისი ფასის განსაზღვრისათვის. ამასთან, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 47.1 მუხლით, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 47.2 მუხლის თანახმად, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. 47.4 მუხლის თანახმად კი, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარადგინა ორივე მხარემ - ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, აღმასრულებელმა დაიცვა კანონის მოთხოვნა - მან მიმართა უძრავ/მოძრავი ქონების შემფასებელს აუქციონის წესით სარეალიზაციო ქონების შესაფასებლად, როგორც ამას მოითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.2 მუხლი, ხოლო ლ. ლ-ემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან კანონის 47.4 მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენებას და სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე, ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ დოკუმენტის წარდგენას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი თანაბრად უზრუნველყოფს როგორც კრედიტორის, ისე მოვალის უფლებათა დაცვას. ამ მიზნით, მოვალე აღჭურვილია უფლებით, აღმასრულებელს წარუდგინოს საკუთარი ძალებით მოპოვებული, სარეალიზაციო ქონების ღირებულების შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.12.2017წ. განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, NA6078317 სააღსრულებო საქმის წარმოება შეჩერდა, ხოლო მოვალის მიერ მოპოვებული აუდიტის დასკვნა წარდგენილ იქნა სასამართლოში სარჩელთან ერთად და არა სააღსრულებო ბიუროში, აღმასრულებელთან. აღმასრულებელი შეჩერებულ სააღსრულებო საქმეზე ვერ განახორციელებდა შესაბამის მოქმედებებს. მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში, მოსარჩელეს აღმასრულებლის წინაშე უნდა წარედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა სარეალიზაციო ქონების ღირებულების შესახებ, რაც მოახდენდა მისი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული ქონების ფასის შედავების უფლების რეალიზაციას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქონების შეფასება ხორციელდება ”ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული კანონის 28.8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცა მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს. მოსარჩელის მიერ სასამართლოში (და არა აღმასრულებელთან) წარდგენილი შპს ,,ა...ის’’ 12.12.2017წ. N11/6 დასკვნა ზოგადი ინფორმაციულობით ხასიათდება და არ შეიცავს ”ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის 2.1 მუხლის ,,ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო მონაცემებს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სარეალიზაციო ქონების შეფასების შესახებ დასკვნა ძალმოსილია 6 თვის განმავლობაში. დასკვნის გაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მითითებული ქონება ხელახლა უნდა შეფასდეს, რათა შესაძლებელი გახდეს დასკვნის საფუძველზე სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარის მიერ წარდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარადგინა ორივე მხარემ - ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება აღსრულების პროცესში ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი მხარეს აძლევს უფლებას, წამოიწყოს დავა ქონების ფასზე, თუ არ ეთანხმება სააღსრულებო წარმოების დროს წარდგენილ დასკვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ მოვალე დაეთანხმა ქონების შეფასებას და მომავალში ამ საფუძველზე მითითებით ვეღარ შეძლებს ინტერესის დაცვას. ამავე კანონის 47.4 მუხლის თანახმად, მხარეს ექსპერტიზის დაკვნის წარდგენის უფლება აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეს გააჩნია უფლება და არა ვალდებულება, წარადგინოს დასკვნა, ხოლო აღმასრულებელს გააჩნია ვალდებულება და არა უფლებამოსილება, ქონების რეალიზაცია მოახდინოს კანონით დადგენილი წესით. ამ ვალდებულებაში იგულისხმება აუქციონის დანიშვნამდე ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დადგენა და არა ხელოვნურად დაბალი ფასის განსაზღვრა ქონების დათვალიერების გარეშე, იმ მიზნით, რომ ის უფრო იოლად შესაძენი გახდეს კრედიტორისათვის. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ ქონების დათვალიერება არ მომხდარა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეფასება განხორციელდა ზერელედ. მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ შეფასებას და წამოიწყო დავა. კასატორის მოსაზრებით, დასკვნის წარდგენის უფლების განუხორციელებლობა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსახილველ საქმეზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესხებ“ საქართველოს კანონის 47.4 მუხლიდან გამომდინარე, მხარე ვალდებული იყო, შესაბამისი დასკვნა სააღსრულებო ბიუროში წარედგინა ქონების შეფასებამდე. კასატორის განმარტებით, მას აღნიშნული დასკვნის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნდა და არა ვალდებულება. ამასთან, შესაბამისი უფლება არ გამოიყენა, ვინაიდან არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ქონება შეფასდებოდა არარელურად დაბალი ფასით. საქმეში წარმოდგენილი ორი დასკვნის შედარებით დადგინდა, რომ ქონების ფასებს შორის სხვაობა 115 000 ლარს შეადგენს. ამდენად, მას შემდეგ, რაც მხარემ გაიგო, რომ მოპასუხემ ქონება შეაფასა გამოკვლევისა და დათვალიერების გარეშე, ძალიან დაბალ ფასად, გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და წამოიწყო დავა ქონების ფასზე, რაც მოვალის არათანაბარ პირობებში ჩაყენებისაგან დაცვის გარანტია. კანონი არ ართმევს მოვალეს ქონების ფასზე დავის უფლებას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის უფლების გამოუყენებლობის პირობებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2019წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე სასამართლოს 03.12.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია გარემოებები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ საქმის გადაწყვეტისათვის, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

ქუთაისში, ...ას ქ. ...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) N1 შენობიდან გამოყოფილი ნაწილი (275,67 კვ.მ, ფართი N1) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ. ლ-ის სახელზე. უძრავი ქონების აღნიშნულ ნაწილზე, N1364 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 01.05.2014წ. საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „...“-ის იპოთეკის უფლება.

ნოტარიუს ეთერ გზირიშვილის მიერ გაცემული 15.01.2015წ. N150033717 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ლ. ლ-ისათვის კრედიტორ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „...ის“ სასარგებლოდ დაკისრებული 18809,28 აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია (ქუთაისში, ...ას ქ. ...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) N1 შენობიდან გამოყოფილი ნაწილი - 275,67 კვ.მ, ფართი N1).

ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა რ. ს-ემ დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, ლ. ლ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში 10.08.2016წ. დარეგისტრირდა ყადაღა. ამავე წარმოებასთან დაკავშირებით, დაყადაღებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, კერძო აღმასრულებელმა 23.10.2017წ. მიმართა შპს „...ს“.

შპს „...ის“ მიერ შედგენილი 30.10.2017წ. N170/2017 დასკვნით დგინდება, რომ ლ. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეფასდა საჯარო რეესტრიდან 21.02.2017წ. ამონაწერის მიხედვით. უძრავი ქონება წარმოადგენს ერთსართულიან კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც გააჩნია შესასვლელი ლითონის ერთფრთიანი კარი. საცხოვრებელი სახლის შიდა ინტერიერის დათვალიერება და დასურათება ექსპერტიზის ჩატარების დროს ვერ მოხერხდა. დასკვნის თანახმად, ქუთაისი, ...ას ქუჩა ...-ში მდებარე, ლ. ლ-ის კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო საორიენტაციო ღირებულება, შეფასების მომენტისათვის შეიძლება განისაზღვროს 105,000 ლარად.

12.12.2017წ. კერძო აღმასრულებელმა რ. ს-ემ ლ. ლ-ეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალეს ეცნობა 15.01.2015წ. N150033717 სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით წარმოების მიმდინარეობის შესახებ, განემარტა სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესაძლებლობა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.

12.12.2017წ. ლ. ლ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა კერძო აღმასრულებლისათვის ქმედების განხორციელების დავალება - ქ. ქუთაისში, ...ას ქ. ...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ..., შენობა N1-ის გამოყოფილი ნაწილის 275,67 კვ.მ ფართი N1) შეფასება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით. მოსარჩელემ წარადგინა შპს ,,ა...ის“ მიერ შედგენილი 12.12.2017წ. N11/6 ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნა, რომლითაც ლ. ლ-ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება შეფასებულია 219157,65 ლარად. დასკვნაში მითითებულია, რომ შესაფასებელი ქონება - საცხოვრებელი სახლი კაპიტალურია, წინა მხრიდან ერთსართულიანია, ხოლო უკანა მხრიდან - ორსართულიანი. პირველ სართულზე არის ორი საცხოვრებელი ოთახი, სამზარეულო, აბაზანა-ტუალეტი და მარანი. მეორე სართულზე არის 4 საძინებელი ოთახი, დიდი სასტუმრო, მისაღები ოთახი, სამზარეულო, აბანო და ტუალეტი. საცხოვრებელი სახლის ორივე სართულზე განხორციელებულია ევრორემონტი, ორივე სართულზე მოწყობილია მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა. ადგილმდებარეობის და სახლის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 კვ.მ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 300 აშშ დოლარით, ხოლო მიწის ნაკვეთთან ერთად სახლის მთლიანი საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 219157,65 ლარით.

განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (იპოთეკის საგნის) ღირებულების სწორად განსაზღვრა, ქონების რეალურ ფასად რეალიზების მიზნით. მოსარჩელის მოსაზრებით, სარეალიზაციო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კერძო აღმასრულებლის მოთხოვნის საფუძველზე შედგენილი აუდიტის დასკვნა სწორად არ ასახავს ქონების ღირებულებას, იქმნება აუქციონზე უძრავი ქონების რეალურ ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად გაყიდვისა და მისი, როგორც მოვალის, უფლების შელახვის საფრთხე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 3.3 მუხლის თანახმად, აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს კერძო აღმასრულებელი, რომელიც პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე. აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონის შემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით (კანონის 147.6, 147.12 მუხლები). მითითებული კანონის 17.5 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო 631.1 მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47-ე მუხლი შეეხება სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ქონების შეფასებას. 47.1 მუხლის თანახმად, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში, ხოლო 47.2 მუხლის შესაბამისად, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს სააღსრულებო წარმოების მხარის უფლებას - სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ - ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47.4 მუხლი და სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა დაუკავშირა მოსარჩელის მხრიდან ქონების საბაზრო ღირებულების ამსახველი ექსპერტის დასკვნის დროულად წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობას. სასამართლომ არასწორად მიუსადაგა მითითებული ნორმა მოცემულ შემთხვევას, გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სწორ სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა უფლებების დაცვის მიზანიდან გამომდინარე, სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სიზუსტით. ამასთან, სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი, რომელიც ადგენს შესაძლებლობას, შესაბამისი უფლების დაცვა განხორციელდეს სასამართლოსადმი მიმართვის გზით, მათ შორის - კანონის 18.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე. ამასთან, 18.3 მუხლის შესაბამისად, კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს.

მნიშვნელოვანია, რომ სააღსრულებო წარმოების მხარეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით ქონების ფასზე დავის უფლება მინიჭებული აქვს უპირობოდ და აღნიშნულისათვის დაბრკოლებას არ ქმნის ამავე კანონის 47.4 მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოუყენებლობა. კერძოდ, 47.4 მუხლი მხარეს ანიჭებს უფლებას, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან ქონების შეფასებამდე თავადაც წარადგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სარეალიზაციო ქონების შეფასების ამსახველი ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ამ უფლების გამოყენებისაგან თავის შეკავება ხელს არ უშლის პირს, აღმასრულებლის მიერ ქონების შეფასების შემდეგ წამოიწყოს დავა სარეალიზაციო ქონების ფასზე. კანონის 18.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესაძლებლობა კავშირშია აღმასრულებლის მიერ ქონებასთან მიმართებაში უკვე განხორციელებული შეფასების შედეგთან, რომელიც შეიძლება დაინტერესებულ პირს არარეალურად მიაჩნდეს. ამდენად, კანონის 47.4 მუხლით მხარისათვის განსაზღვრული უფლებამოსილება (და არა ვალდებულება) ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესახებ, წარმოადგენს აღმასრულებლისათვის შესაბამისი ქმედების კანონიერად განხორციელების პროცესის ნაწილს, თუმცა არა ამ ქმედების განხორციელების აუცილებელ ელემენტს. აღსრულების პროცესში სარეალიზაციოდ განსაზღვრული ქონების ღირებულებასთან დაკავშირებული დავის წამოწყების უფლების გამომრიცხავ გარემოებად არ უნდა იქნეს მიჩნეული დაინტერესებული პირის მიერ ქონების ღირებულების განმსაზღვრელი დასკვნის აღმასრულებელთან წარდგენა წარმოების დაწყებისას ან აღმასრულებლის მიერ ქონების შეფასებამდე. კანონის 47.4 მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს სამომავლოდ აღსრულების პროცესის მონაწილის უფლების მოსპობას - იდავოს ქონების ფასზე, მას შემდეგ, რაც გაეცნობა აღმასრულებლის ინიციატივით განხორციელებული ქონების შეფასების შედეგებს და მიიჩნევს, რომ მისი ქონება არასწორად შეფასდა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47.4 მუხლთან მიმართებაში წინააღმდეგობრივია: ერთი მხრივ, სასამართლო მსჯელობს მითითებული მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოუყენებლობის უარყოფით შედეგზე მოსარჩელის ინტერესთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ - სასამართლო ადასტურებს მოსარჩელის უფლების აღდგენის შესაძლებლობას, აღსრულების პროცესში ქონების საბაზრო ღირებულების ამსახველი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში. ამასთან, სასამართლო არ მიუთითებს კანონის მე-18 მუხლზე, რომელიც 47.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისაგან დამოუკიდებლად იძლევა აღსრულების პროცესში ქონების ფასზე დავის შესაძლებლობას, სასამართლო კონტროლის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იძულებით აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების შეფასების ძირითადი დანიშნულება, მისი არარეალური ღირებულებით გასხვისების თავიდან აცილებაა. აღმასრულებლის მიერ ქონების არასწორ შეფასებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს მოვალის უფლებების დარღვევა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად, თუ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ჯამი გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას, ნამეტი თანხა უბრუნდება მოვალეს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალის მიმართ მიმდინარეობს სხვა სააღსრულებო წარმოება იმავე ან/და სხვა კრედიტორის სასარგებლოდ და ასეთი წარმოების ფარგლებში მოვალეს არ ეკისრება რაიმე სახის გადახდევინება. კანონის 70.3 მუხლი). ამდენად, რაც უფრო აღემატება სარეალიზაციო ქონების ღირებულება კრედიტორისათვის ასანაზღაურებელი ვალდებულების ოდენობას, მით უფრო მეტი თანხის მიღების შესაძლებლობა აქვს მოვალეს ქონების რეალიზების შედეგად ამონაგები თანხიდან. ქონების ღირებულების არასწორად განსაზღვრით, მისთვის დასაბრუნებელი თანხა უსაფუძვლოდ შემცირდება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე. ამასთან, სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მათ როგორც ინდივიდუალურ, ისე ერთობლივ შეფასებას, ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულების სახე - ექსპერტის დასკვნა მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაციაა, მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელსაც საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული მტკიცებულების შემოწმება და სათანადოდ შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ამასთან, სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის, თუმცა მისი უარყოფა უნდა მოხდეს სასამართლოს დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოების დასადგენად მნიშვნელოვანია სარეალიზაციო ქონებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების - აუდიტის და ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშედარება, მათი სწორად შეფასება, თუმცა სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებები სათანადოდ არ შეუფასებია. საქმეზე წარმოდგენილი აუდიტის და ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშედარებით დგინდება, რომ მათში ასახული მონაცემები არსებითად განსხვავებულია სარეალიზაციო უძრავი ქონების შეფასებასთან მიმართებაში, კერძოდ, შპს „...ის“ 30.10.2017წ. N170/2017 დასკვნაში მითითებულია, რომ შესაფასებელი უძრავი ქონება წარმოადგენს ერთსართულიან კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც გააჩნია შესასვლელი ლითონის ერთფრთიანი კარი. აღნიშნული დასკვნით ქონების საბაზრო საორიენტაციო ღირებულება განსაზღვრულია 105,000 ლარით. რაც შეეხება მოსარჩელის ინიციატივის საფუძველზე შპს ,,ა...ის“ მიერ შედგენილ 12.12.2017წ. N11/6 აუდიტორულ დასკვნას, მასში მითითებულია, რომ შესაფასებელი ქონება - საცხოვრებელი სახლი კაპიტალურია, წინა მხრიდან ერთსართულიანია, ხოლო უკანა მხრიდან - ორსართულიანი. ადგილმდებარეობის და სახლის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ლ. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეფასდა 219157,65 ლარად. მნიშვნელოვანია, რომ შპს „...ი“ სარეალიზაციო ქონების შეფასებისას დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს, ამასთან, ექსპერტიზის ჩატარების დროს საცხოვრებელი სახლის შიდა ინტერიერის დათვალიერება და დასურათება არ მომხდარა, ხოლო შპს ,,ა...ი“ დაეყრდნო ფაქტობრივ მდგომარეობას და შეფასება განახორციელა ბინის საერთო ფართის მიხედვით. ამდენად, უდავოა, რომ ბინის ღირებულებასთან მიმართებაში მითითებული დასკვნები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას, განსხვავების პირობებში ერთ-ერთი დასკვნისათვის უპირატესობის მინიჭების აუცილებლობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე უარყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სპეციალური ცოდნის არქონის ან წარდგენილ მტკიცებულებათა არასარწმუნოობის შემთხვევაში, გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის მიზნით, სასამართლოს გააჩნია საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება - მიიწვიოს სპეციალისტი და დასკვნასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი განმარტება, რასაც ასევე მტკიცებულებითი მნიშვნელობა აქვს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,ა...ის’’ 12.12.2017წ. N11/6 დასკვნა ზოგადინფორმაციული ხასიათისაა და არ შეიცავს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო მონაცემებს, თუმცა გაურკვეველია, კონკრეტულად რას ეფუძნება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება აუდიტის დასკვნის მითითებული კანონის ნორმებთან შეუსაბამობის თაობაზე. გასაჩივრებული განჩინება ასევე არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ მითითებული აუდიტის დასკვნა არ არის შედგენილი და ხელმოწერილი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. სააპელაციო სასამართლო, სადავო შემთხვევასთან მიმართებაში სათანადო განმარტების გარეშე მოიხმობს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის 28.8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, 2019 წლის პირველ ივლისამდე, საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის შემუშავებამდე და მის ამოქმედებამდე, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება უნდა მიეცეს მხოლოდ აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს.

საკასაციო სასამართლო ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებას და თვლის, რომ მოთხოვნა საჭიროებს დაზუსტებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესია, აუქციონზე რეალიზაციამდე კერძო აღმასრულებლის მიერ მისი ქონების რეალური ღირებულების განსაზღვრა. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს, რომ კერძო აღმასრულებელს დაევალოს ქუთაისში, ...ას ქ. ...-ში მდებარე მისი კუთვნილი უძრავი ქონების შეფასება მოახდინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, თუმცა საქმეში ასეთი დასკვნა წარმოდგენილი არ არის.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.1 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა მხარეს აძლევს შესაძლებლობას, შეხედულებისამებრ, იმ მტკიცებულების (მათ შორის - ექსპერტიზის დასკვნის) ობიექტურობაზე მიუთითოს, რომლის გაზიარების აუცილებლობაც მიაჩნია საჭიროდ სადავო საკითხთან მიმართებაში. ამასთანავე, სასამართლოს შესაძლებლობა - იმსჯელოს მხარის მიერ მითითებული დასკვნის უპირატესობაზე სხვა დასკვნებთან მიმართებაში, უნდა გამომდინარეობდეს რეალურად არსებული მტკიცებულებებიდან. მოცემულ შემთხვევაში, ნათელია მოსარჩელის ზოგადი ინტერესი - მის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციო უძრავი ქონების შეფასება „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ობიექტური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის კონკრეტული შინაარსი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. მართალია, მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების შეფასების საფუძვლად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაზე მითითება გამომდინარეობს უძრავი ქონების ობიექტურად შეფასების ინტერესიდან და ადასტურებს მხარის შეხედულებას ბიუროს მიერ გაცემული დასკვნების მაღალკვალიფიციურობაზე, თუმცა არსებული ფაქტობრივი მოცემულობა სხვა დასკვნებთან მიმართებაში მისი შედარების შესაძლებლობას არ იძლევა. ამრიგად, მოსარჩელემ უნდა დააზუსტოს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ: იგი აღმასრულებლისაგან მოითხოვს ქონების ობიექტურად შეფასებას საქმეში მის მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე თუ ითხოვს შეფასება მოხდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის შესაბამისად, რაც შეუძლებელია, საქმეში ამ დასკვნის არარსებობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ განჩინებაში ასახული მითითებების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაზე, მის საფუძვლიანობაზე და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2018წ. გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე