Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1040(კ-19) 20 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ...ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2019წ. განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო).

აღწერილობითი ნაწილი:

12.02.2018წ. ...ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ. 20.03.2018წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიუთითა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამასთან, მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 23.09.2016წ. N... ბრძანების, 23.09.2016წ. N6/09/244 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 09.03.2018წ. N... ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2018წ. გადაწყვეტილებით ...ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ...ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.11.2018წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 30.03.2006წ. N... ბრძანებით ...ს მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 07.11.2006წ. N... ბრძანებულებით - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით საკუთრების უფლებით ეკუთვნის საქართველოს საპატრიარქოს ...ისა და ...ის ეპარქიას. 25.05.2006წ. სხდომაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გაერთიანებულმა კომისიამ განიხილა ...ის განვითარების კონცეფცია და დაასკვნა, რომ განსახილველად წარდგენილ კონცეფციაზე სამოქმედო გეგმად ეტაპობრივად დამუშავებისთვის მუშაობა მისაღები იყო. წარდგენილი პროექტი ხელს შეუწყობდა ...ის განვითარებას. 2009 წელს მომზადებული იქნა ,,...ის’’ და ...ის ტერიტორიის საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის შედეგები, 2015 წელს კი - ...ის ტერიტორიის ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევა და რეკომენდაციები.

საქართველოს საპატრიარქო ...ისა და ...ის ეპარქიის ...მა ა. გ-ამ 18.07.2016წ. N... წერილით მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ,,...ისა და ...ის ეპარქიაში ...ის’’ სახელზე ფიზიკური სამუშაოების ნებართვის გაცემის მოთხოვნით. წერილში მითითებულ იქნა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაგეგმილი ჰქონდა ...ისა და ...ის ეპარქიაში არსებული, დაზიანებული საეკლესიო ნაგებობების გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპობრივი ფინანსური უზრუნველყოფა. შეჩერებულ სამ სარეაბილიტაციო საეკლესიო ობიექტზე ჩასატარებელი იყო შემდეგი სამუშაოები: ...ის მონასტრის კუთვნილი ტერიტორიის გზისპირა ზღუდე-გალავნის და კარიბჭის მოწყობა.

საქართველოს საპატრიარქოს ...ისა და ...ის ეპარქიის ...ის სამსახურის ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ...ის მამათა მონასტრის საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის პროექტის არქიტექტურული ნაწილი 03.08.2016წ. შეთანხმებულია ...ის საბჭოსთან, რაც დასტურდება შესაბამისი ბეჭდით. პროექტს ერთვის განმარტებითი ბარათი. ამასთანავე, სსიპ საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის 24.08.2016წ. ... სხდომის ოქმის მიხედვით, სექციამ განიხილა ...ის მონასტრის საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის პროექტი, რასაც მიეცა დადებითი შეფასება. შედეგად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 23.09.2016წ. N... ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა ...ის მუნიციპალიტეტში, ...ის მონასტრის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაციაზე: საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მოწყობაზე (საფუძველი - საქართველოს საპატრიარქოს ...ისა და ...ის ეპარქიის ...ი ა. გ-ას 18.07.2016წ. N... წერილი, ...ის საბჭოს 03.08.2016წ. შეთანხმება).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პარლამენტის 22.10.2002წ. დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა კონსტიტუციური შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“, ასევე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე და მათში მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამშენებლო ნებართვა გაცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების პრინციპების უზრუნველყოფით. სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს საპატრიარქოს ...ისა და ...ის ეპარქიის ...ის სამსახურის ...ის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ის ...ის მამათა მონასტრის საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის პროექტის არქიტექტურული ნაწილი 03.08.2016წ. შეთანხმებულია ...ის საბჭოსთან, რაც დასტურდება შესაბამისი ბეჭდით, ამასთან, 23.09.2016წ. გაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების N... სანებართვო მოწმობის მიხედვით, ნებართვის მფლობელს წარმოადგენს ...ისა და ...ის ეპარქიაში ...ი, რომლის დირექტორიც არის ...ი ა. გ-ა. აღნიშნულ პირს წინამდებარე სარჩელით გასაჩივრებული აქტები სადავოდ არ გაუხდია. გარდა ამისა, მოპასუხის მითითებით, ჯერ კიდევ სსიპ საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სხდომაზე საპატრიარქოს წარმომადგენელი დაეთანხმა აღნიშნულ ფარგლებში ნებართვის გაცემას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო აქტებით გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავს ტერიტორიას, რომელიც ფუნქციურად, ტერიტორიულად, ისტორიულად დაკავშირებული იყო და არის უშუალოდ ...თან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება არა ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონას, არამედ უშუალოდ ძეგლის ტერიტორიას, რომელზეც ვრცელდება ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი დანაწესი. აღნიშნულს მოწმობს სახელოვნებადმცოდნეო კვლევა და მასში მოხმობილი წყაროები. ამასთან, 2015 წელს მომზადებული საქართველოს საპატრიარქოს ...ისა და ...ის ეპარქიის ...ის სამსახურის ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ...ის მამათა მონასტრის საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის პროექტის არქიტექტურული ნაწილი 03.08.2016წ. შეთანხმდა ...ის საბჭოსთან, რაც დასტურდება შესაბამისი ბეჭდით და რომლის განმარტებითი ბარათის თანახმად, მონასტრის ინფრასტრუქტურისათვის გათვალისწინებული ნაგებობები განთავსდება კომპლექსის ისეთ პერიფერიულ ზონებში, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად კითხვადია, არ არღვევს ჩამოყალიბებულ სილუეტს, არ შეაქვს დისონანსი კომპლექსის კომპოზიციურ, მოცულობით-სივრცით სტრუქტურაში. ამ მიზნით ჩატარდა კომპლექსის ფოტოფიქსაცია ტაძართან მისასვლელი ყველა ძირითადი გზიდან, თუ საფეხმავლო ბილიკიდან. დადგინდა ხედვის მნიშვნელოვანი არეები და კუთხეები, რაზეც დაეყრდნო საპროექტო მოცულობების პარამეტრების განსაზღვრა (საკონტროლო „წითელი ხაზები“).

სააპელაციო პალატამ გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნებართვა გასცა საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და ეფუძნებოდა სხვადასხვა წელს ჩატარებულ არქეოლოგიურ, გეოლოგიურ, ხუროთმოძღვრულ კვლევებს. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ ძეგლის გამორჩეულობიდან გამომდინარე, 2006 წლიდან ნებართვის გაცემამდე, წლების განმავლობაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, პროექტმა განიცადა რედაქტირება. შედეგად, მხოლოდ საბოლოოდ შეჯერებულ და სპეციალისტების მიერ მოწონებულ პროექტზე გაიცა ნებართვა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 23.09.2016წ. N... ბრძანება და N... სანებართვო მოწმობა გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

სადავო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 09.03.2018წ. N... ბრძანებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მასში არასწორად არის მითითებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები. ...ას წარდგენილი საჩივრის მიმართ გააჩნდა სათანადო ინტერესი. რაც შეეხება გასაჩივრების ვადის გასვლას, სამინისტროსადმი მიმართვამდე (20.02.2018წ.), იმავე მოთხოვნით ასოციაციას 12.02.2018წ. უკვე ჰქონდა სარჩელი წარდგენილი სასამართლოში. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრების ვადის გამოთვლისას ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტები სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მიუთითა ზაკ-ის 182.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და გაითვალისწინა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მომენტისთვის სასამართლოში ასევე წარმოდგენილი იყო სარჩელი სააგენტოს ბრძანებისა და სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლომ არსებითად შეისწავლა მითითებული აქტების კანონიერება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სამშენებლო სამუშაოების წარმოების კანონიერებასთან დაკავშირებით და არ არსებობს სადავო 09.03.2018წ. N... ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ...ამ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 23.09.2016წ. N... ბრძანებისა და N... სანებართვო მოწმობის ძალაში დატოვების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება, მითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან უგულებელყოფილ იქნა ზაკ-ის 96-ე, 53-ე, 601 მუხლების, ასევე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე, 48-ე მუხლების მოთხოვნები, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული.

კასატორი მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე, მათ შორის, 48.1 მუხლზე, რომლის თანახმად, განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სა...ისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამიჯნა უძრავი ძეგლის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ტერიტორიის ცნებები. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 36.1 მუხლის თანახხმად, ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით. აქ იგულისხმება არა ძეგლის ტერიტორია, როგორც ამას საპელაციო სასამართლო ადგენს, არამედ უშუალოდ ძეგლის ინდივიდუალური დავის ზონები. შესაბამისად, თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა არის ძეგლის ტერიტორიის შემდეგ შესაბამისი პარამეტრებით, დაირღვევა ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონის ცნება, რომელიც კანონიდან გამომდინარეობს და აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სადავო შემთხვევაში ნებართვის გაცემის კანონიერებას. 23.09.2016წ. N... ბრძანება 23.09.2016წ. N... კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებათვო მოწმობა გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, სადავო ნებართვა გაცემულია სამართლებრივად არარსებული ობიექტის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. რეალურად ნებართვა შეეხება ...ის მუნიციპალიტეტში ...ის მონასტრის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაციას, მაშინ, როდესაც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 30.03.2006წ. N... ბრძანებით და საქართველოს პრეზიენტის 07.11.2006წ. N... ბრძანებულებით, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს ...ს და არა ...ის მონასტერს. ისეთი უძრავი ძეგლი, როგორიც დასახელებულია (...ის მონასტერი), არ არსებობს. საპროექტო დოკუმენტაციით დადგენილია, რომ დარღვეულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის „ი.ა“, „კ“, „რ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს უნდა ჰქონდეს კანონის შესაბამისად მინიჭებული სტატუსი, უძრავ ძეგლზე კანონით დადგენილი წესით უნდა იქნეს დამაგრებული მიწის ნაკვეთი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, უძრავი ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული ტერიტორია ითვლება უძრავი ძეგლის ტერიტორიად, რომელზეც ვრცელდება დაცვის მექანიზმი, რათა კულტურული მემკვიდრეობა არასასურველი ზეგავლენისაგან დაცულ იქნეს სწორედ ამ ტერიტორიის ფარგლებში, და არა მის გარეთ. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, თუ რა მოიაზრება უძრავი ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონის ცნებაში: ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით. ამდენად, ამ კანონით დადგენილი პარამეტრები, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალები, ნებართვის გაცემის დროს უნდა ყოფილიყო დაცული. 36.2 მუხლის თანახმად, ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით: ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით. ამასთან, 36.4 მუხლის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვიზუალური დაცვის არეალი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის განისაზღვრება 500 მეტრის რადიუსით. სარჩელზე თანდართული საპროექტი დოკუმენტაციის მე-13 გვერდზე ნათლად არის დაფიქსირებული, რომ მშენებლობა მიმდინარეობს 25 მეტრის მანძილზე, მაშინ, როდესაც ფიზიკური დაცვის ზონა 50 მეტრიან რადიუსს განსაზღვრავს.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნებართვა გაცემულია იმ საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც ნებართვის მაძიებელს არ მოუთხოვია და არც შემდგომ მომხდარა შესაბამისი მოთხოვნის დაფიქსირება. ნებართვის გაცემის საფუძველია საქართველოს საპატრიარქოს ...ისა და ...ის ეპარქიის ... ა. 18.07.2016წ. N... წერილი და საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხურორთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს 03.08.2016წ. შეთანხმება. საქართველოს საპატრიარქოს ...ისა და ...ის ეპარქიის ... ა. 18.07.2016წ. N... წერილის მიხედვით, ნებართვის გაცემის მოთხოვნა შეეხება ...ის მონასტრის კუთნილი ტერიტორიის გზისპირა ზღუდეს - გალავნის და კარიბჭის მოწყობას, ხოლო საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მოწყობა შეთანხმებული არ ყოფილა საბჭოს 03.08.2016წ. შეთანხმების მიხედვით. სააგენტომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ გახდა აუცილებელი თავდაპირველი მოთხოვნის შეცვლა, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა დოკუმენტურად არ არის წარმოდგენილი. თუ ...ისა და ...ის ეპარქიას და საქართველოს საპატრიარქოს ჰქონდათ სურვილი, ...ის ტერიტორიაზე მოეწყოთ მონასტერი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მაშინ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა და უნდა შეეტანათ განცხადება ამ სამუშაოს განხორციელების მოთხოვნით.

კასატორი საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2015 წელს მომზადებული საქართველოს საპატრიარქოს ...ისა და ...ის ეპარქიის ხუროთმოძღვრების, სახვითი ხელოვნების და რესტრავრაციის სამსახურის ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ის ...ის მამათა მონასტრის საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის პროექტის არქიტექტურული ნაწილი შეთანხმებულია ...ის საბჭოსთან, თუმცა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კანონის 48.1 მუხლის თანახმად, ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად განცხადება უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სა...ისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი. ამდენად, მხოლოდ პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმება ...ის საბჭოსთან საკმარისი არ არის. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ჯერ კიდევ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამართულ სხდომაზე საპატრიარქოს წარმომადგენელი დაეთანხმა შესაბამის ფარგლებში ნებართვის გაცემას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამასთან, ასეთი მტკიცებულება რომც არსებულიყო, საკმარისი არ იქნებოდა შესაბამისი ნებართვის მისაღებად, ვინაიდან ...ის საბჭო არ წარმოადგენდა ნებართვის მაძიებელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.2019წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ...ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შეფასებას სადავო საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 23.09.2016წ. N... ბრძანებისა და N... სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნებთან მიმართებაში. 23.09.2016წ. N... ბრძანება და სანებართვო მოწმობა შეეხება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვას ...ის მუნიციპალიტეტში, ...ის მონასტრის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ადაპტაციაზე: საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მოწყობაზე.

კასატორის ძირითადი არგუმენტები უკავშირდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 48.1 მუხლის აუცილებელი პირობის დარღვევას, შესაბამისი სამუშაოების ნებართვის მისაღებად წარდგენილი მოთხოვნის ზუსტი ფორმულირების შესახებ, ასევე სადავო აქტების კანონიერებაზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ცნების არასწორ განმარტებას და იმ გარემოების გაუთვალისწინებლობას, რომ მოცემულ შემთხვევში, სადავო მშენებლობით დარღვეულია კანონით დადგენილი, ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალისათვის განსაზღვრული მანძილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისაკენ. ადმინისტრაციული წარმოების სახეები და მათი განხორციელების წინასწარ გაწერილი პროცედურები ემსახურება მთავარ მიზანს - აქტის მიღების პროცესში დაცულ იქნეს თანაზომიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის, საქვეყნოობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპები. ადმინისტრაციული წარმოება ემყარება არა შეჯიბრებითობის, არამედ ინკვიზიციურობის პრინციპს, რა პირობებშიც, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, უნდა ეფუძნებოდეს მყარ მოცემულობას: ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე და მათი შეჯერების გზით სამართლებრივი შედეგი დააფუძნოს შესაბამის სამართლებრივ ნორმებს. თავის მხრივ, საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოს მინიჭებული აქვს კომპეტენცია, შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული წარმოების შედეგის - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და შეაფასოს, გამოცემულია თუ არა სადავო აქტი ზაკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. „..ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის დასაბუთების მხოლოდ ფორმალურად არსებობა. გადამწყვეტია, რომ დასაბუთება იყოს შედეგის მიმართ შინაარსობრივად ადეკვატური, სათანადო, რელევანტური..“ (სუს 20.06.2019წ. Nბს-1012(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული პრინციპებით და გადაწყვეტილება მიიღო იმ გარემოებათა ერთობლივი შეფასების საფუძველზე, რომლებსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ დავის საგანთან. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება - განმარტა, რა ფაქტებზე დაყრდნობით გამოსცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, გაიზიაროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ დარღვეული არ არის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებთან დაკავშირებული ზაკ-ის და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებათა ერთობლიობას, რომლებიც წინ უძღვოდა გასაჩივრებული მშენებლობის ნებართვის გაცემას. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გაერთიანებულმა კომისიამ განიხილა კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავდა ...ის სამონასტრო ცხოვრების განახლება-ამოქმედებას, შესაბამისი არქიტექტურული გარემოს შექმნას - მონასტრის წევრთა საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო, კულტურული და სამეურნეო სათავსოების აშენების აუცილებლობას. კომისიის 25.05.2006წ. საოქმო გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ კონცეფციაზე მუშაობა მისაღები იყო, უძრავ ძეგლთან დაკავშირებით წარდგენილი პროექტი ხელს შეუწყობდა ...ის განვითარებას. საქმეში არსებული, მითითებულ ძეგლთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ძეგლის გამორჩეულობიდან გამომდინარე, 2006 წლიდან სადავო ნებართვის გაცემამდე, წლების განმავლობაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, პროექტმა განიცადა რედაქტირება. 2009 წელს მომზადდა ,,...ის’’ და მონასტრის ტერიტორიის საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის შედეგები, ხოლო 2015 წელს - მონასტრის ტერიტორიის ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევა და რეკომენდაციები. ასევე უდავოა, რომ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრთან და კულტურის სამინისტროსთან ერთად, 2001-2009 წლების განმავლობაში შეთანხმებულად ხორციელდებოდა ...ის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო 23.09.2016წ. ბრძანება უძრავ ძეგლზე სამუშაოების განხორციელების შესახებ გამოცემულია ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით. კერძოდ, სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის მიერ 24.08.2016წ. ... სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დადებითი შეფასება მიეცა 2015 წელს მომზადებულ საქართველოს საპატრიარქოს ...ისა და ...ის ეპარქიის ...ის სამსახურის ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ...ის მამათა მონასტრის საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის პროექტის არქიტექტურულ ნაწილს. თავის მხრივ, აღნიშნული პროექტის არქიტექტურულ ნაწილს მოიცავს ...ის საბჭოსთან 03.08.2016წ. დამტკიცებული შეთანხმება, რომელიც ...ისა და ...ის ეპარქიის უფლებამოსილი პირის მიერ 18.07.2016წ. წარდგენილ წერილობით მოთხოვნასთან ერთად, მითითებულ იქნა სადავო 23.09.2016წ. ბრძანების გამოცემის უშუალო საფუძვლად.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძვლებად მითითებული 18.07.2016წ. წერილი და საპატრიარქოს შტამპით 03.08.2016წ. დამოწმებული შეთანხმება ...ის საბჭოსთან, ერთობლიობაში ადასტურებს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, სადავო საკითხი გადაეწყვიტა ზემოაღნიშნული დოკუმენტებით განმტკიცებული სამონასტრო ცხოვრების განვითარების ერთიანი მიზნების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ 18.07.2016წ. N... წერილით საქართველოს საპატრიარქოს ...ისა და ...ის ეპარქიის ...ი ახდენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ინფორმირებას, ...ის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ...ის ეპარქიაში არსებული, დაზიანებული საეკლესიო ნაგებობების გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვისა და ეტაპობრივი ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე. ამდენად, დაინტერესებული პირი აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებით ადასტურებს უძრავ ძეგლთან დაკავშირებული პროექტის სრულყოფილად განხორციელების, მისი რეალურად სისრულეში მოყვანის მიზნის არსებობას, ხოლო ნებართვის გაცემის მიზნით წარდგენილი მოთხოვნა მითითებული გეგმის აღსრულების საშუალებას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ჩატარებული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანო გასცდა დაინტერესებული პირის ინტერესში შემავალ საკითხებს. სადავო მშენებლობის ნებართვა წინააღმდეგობაში არ მოდის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე საერთო გეგმასთან - აღდგეს ...ის სამონასტრო ცხოვრება და ამ მიზნით, მოეწყოს ინფრასტრუქტურა მონასტრის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ფორმალურ ხასიათს ატარებს ის ფაქტი, რომ გაცემული ნებართვით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება განმცხადებლის მიერ დაფიქსირებულ სამუშაოთა მოცულობას. საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრული, და ობიექტური გამოკვლევის ვალდებულების შესრულების მიზნებისათვის, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა შესაძლებლობა, მხედველობაში მიეღო გარემოებები, რომლებიც არსებობდა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე, უშუალო კავშირში იყო სადავო საკითხთან და უდავოდ ემსახურებოდა ძეგლის აღდგენისა და განვითარების კონცეფციას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ასევე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის არასწორად განმარტებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...ის სამონასტრო ცხოვრების განახლება-ამოქმედების მიზნით, შეიქმნა შესაბამისი არქიტექტურული გარემოს შექმნის - მონასტრის წევრთა საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო, კულტურული და სამეურნეო სათავსოების აშენების აუცილებლობა. ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, სამონასტრო კომპლექსის გასააქტიურებლად საჭირო ახალი ნაგებობები ისტორიულად არსებულ საფუძველზეა განთავსებული. პროექტით გათვალისწინებულ იქნა ადრე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები, სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობების არსებულ გარემოსთან შესაბამისობის თაობაზე. ნაგებობების განთავსება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კომპლექსის ისეთ პერიფერიულ ზონებში, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად კითხვადია, არ არღვევს ჩამოყალიბებულ სილუეტს, არ შეაქვს დისონანსი კომპლექსის კომპოზიციურ, მოცულობით-სივრცით სტრუქტურაში. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ საბოლოოდ შეჯერებული და სპეციალისტების მიერ მოწონებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა გაცემული სადავო ნებართვა სამშენებლო სამუშაოების შესახებ. პროექტთან დაკავშირებული დასკვნები ეფუძნება სხვადასხვა წელს ჩატარებულ არქეოლოგიურ, გეოლოგიურ, ხუროთმოძღვრულ კვლევებს. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას იმსჯელა არა ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონასთან, არამედ უშუალოდ ძეგლის ტერიტორიასთან მიმართებაში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობაზე, სათანადო დანაწესების გათვალისწინებით. სადავო მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა გაცემულ იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების პრინციპების დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ...ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ...ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2019წ. განჩინება;

3. ქ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ...ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 17.07.2019წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე