Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 122-აპ 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ისაევი,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ს. ფ-სა და დაზარალებულების _ ა. და ლ. მ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ო-ის, დ. მ-ის და ი. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004წ. 3 თებერვლის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 ივლისის განაჩენით ვ. ჯ-ძე და ს. ფ-ძე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “ე” ქვეპუნქტებით. ვ. ჯ-ეს შეეფარდა 10 წლით, ხოლო ს. ფ-ეს _ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით გ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 375-ე მუხლით და მის მიმართ გამოყენებულ იქნა პირობითი მსჯავრი. საქმეზე დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდნენ ლ. და ა. მ-ები და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები. განაჩენი საჯაროდ გამოცხადდა 2003წ. 8 ივლისს. განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ არც დაზარალებულები და არც მათი ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატები. 2003წ. 16 ივლისს დაზარალებულების ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატებმა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მიმართეს განცხადებით და მოითხოვეს განაჩენისა და საქმეში არსებული სხვა მასალების ასლები, რომლებიც მათ გადაეცათ. 2003წ. 29 ივლისს დაზარალებულმა მხარემ განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი შეტანილ იქნა რაიონულ სასამართლოში. 2003წ. 1 აგვისტოს კი დაზარალებულმა მხარემ რაიონულ სასამართლოს მიმართა განცხადებით საპატიო მიზეზით განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე. რაიონულმა სასამართლომ განიხილა აღნიშნული განცხადება და 2003წ. 11 სექტემბრის დადგენილებით დაზარალებულ მხარეს უარი უთხრა გაცდენილი ვადის აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ დაზარალებული მხარისათვის ცნობილი იყო განაჩენის გამოტანის დრო და მათ არასაპატიო მიზეზით გააცდინეს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. განჩინებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს ზემოთ მითითებული დადგენილება. სააპელაციო პალატამ შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და დადგენილად მიიჩნია, რომ დაზარალებული მხარისათვის განაჩენის დადგენის შესახებ ცნობილი გახდა 2003წ. 18 ივლისს, ე.ი. განაჩენის გამოტანიდან 10 დღის შემდეგ, მაგრამ დაზარალებულმა მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა არა სააპელაციო წესით განაჩენის გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2003წ. 29 ივლისს.

საკასაციო საჩივრით დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ი. გ-ვა და დ. მ-ლი ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და გასაჩივრების ვადის აღდგენას. კასატორთა განმარტებით, მათთვის ცნობილი არ ყოფილა, თუ როდის გამოცხადდა განაჩენი, კასატორთა განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად განიხილა მათ დაუსწრებლად, რითაც დაარღვია დაზარალებულთათვის კანონით მინიჭებული უფლება, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. კასატორთა მითითებით, მათ სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მაშინ, როდესაც ჩაბარდათ განაჩენის ასლი და, აქედან გამომდინარე, მათ არასაპატიო მიზეზით სააპელაციო წესით განაჩენის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ გაუცდენიათ.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ს. ფ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალ განხილვას იმ საფუძვლით, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია.

პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასციო საჩივარს.

მსჯავრდებულმა გ. ჯ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა კასატორებს, დაზარალებულების _ ა. და ლ. მ-ების ინტერესების დამცველ ადვოკატებს _ დ. მ-სა და ი. გ-ას, პროკურორ ბ. გ-ეს, მსჯავრდებულ გ. ჯ-ლს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად მიიჩნია, რომ დაზარალებულ მხარეს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით არ გაუცდენია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო გასაჩივრების ვადის დინების დაწყების გამოანგარიშების წესს. კანონი გასაჩივრების ვადის გამოანგარიშებას განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან აწესებს მხოლოდ იმ განსასჯელთა მიმართ, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, სხვა ამისათვის უფლებამოსილი პირების მიმართ გასაჩივრების ვადის დინება იწყება განაჩენის გამოცხადების დღიდან. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ვ. ჯ-ის, ს. ფ-სა და გ. ჯ-ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი საჯაროდ გამოცხადდა 2003წ. 8 ივლისს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დაზარალებული და მისი ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატები არ ესწრებოდნენ განაჩენის გამოცხადებას. საქმის მასალების მიხედვით, მათთვის განაჩენის დადგენის შესახებ ცნობილი გახდა 2003წ. 18 ივლისს, ე.ი. ჯერ კიდევ სააპელაციო გასაჩივრების თოთხმეტდღიან ვადაში. არც დაზარალებულებს და არც მათი ინტერესების წარმომადგენლებს ამ ვადაში საქმის განმხილველ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი არ შეუტანიათ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაზარალებულმა მხარემ შეიტანა არა სააპელაციო გასაჩივრების ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ასევე სწორი შეფასება მისცა და სწორად მიიჩნია, რომ გაცდენილი ვადის აღდგენის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ დაზარალებულთა მხარე არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას.

საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს მსჯავრდებულ ს. ფ-ის საკასაციო საჩივარზე, ვინაიდან მას განაჩენი მისი მსჯავრდების ნაწილში სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის თანახმად, საკასაციო გასაჩივრების საგანს წარმოადგენს საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 547-ე, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 თებერვლის განჩინება, რომლითაც დაზარალებულებს _ ლ. და ა. მ-ებს უარი ეთქვათ სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.