Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 124-აპ 8 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 30 დეკემბრის განაჩენი მის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 30 დეკემბრის განაჩენით ნ. ნ-ეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 5 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 11 თებერვალს, პროკურორის საჩივრის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეცვალა იმ მიმართებით, რომ ნ. ნ-ეს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის ზომად განუსაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით ნ. ნ-ეს მსჯავრი დაედო ხულიგნობისათვის, რომელიც ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:

2003წ. 26 მაისს მთვრალმა ნ. ნ-ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეზობელ მ. ს-ლს. იმავე დღეს მან კვლავ აგინა მ. ს-ლს და მის მეუღლეს ხ. ს-ლს. შემდეგ მივარდა ამ უკანასკნელს და დაუწყო ცემა, რა დროსაც დანით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ნ. ნ-ძე ითხოვს სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, დაზარალებულს შეურიგდა. პალატას სთხოვს, გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული გარემოებები და დააკმაყოფილოს მისი საჩივარი.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მოინანია დანაშაული და ითხოვა პირობითი მსჯავრის შეფარდება.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ე. რ-მა და გ. ჟ-მა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

დაზარალებულმა ხ. ს-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს. ამასთან ერთად, პალატას წარმოუდგინა შუამდგომლობა მსჯავრდებულისათვის სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლის შესახებ. აღნიშნა, რომ მსჯავრდებული მისი მეზობელია, მასთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-ამ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნ. ნ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. ამასთან ერთად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ნ-ეს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 5 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით. პალატა სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

მსჯავრდებული ნ. ნ-ძე წინასწარი და სასამართლო გამოძიების ყველა სტადიაზე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. საკასაციო პალატის სხდომაზე მან კვლავ მოინანია დანაშაული და ითხოვა პატიება. მსჯავრდებული პირველადაა სამართალში, წარსული შებღალული არა აქვს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი ის არის. პალატა ითვალისწინებს დაზარალებულ ხ. ს-ის თხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 63-65-ე მუხლებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განაჩენი ნ. ნ-ის მიმართ შეიცვალოს:

ნ. ნ-ეს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 5 წელი.

პირობით მსჯავრდებულ ნ. ნ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნ. ნ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა _ გაუქმდეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.