საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-234(კ-19) 11 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. მ-ე
მესამე პირები - ლ. უ-ი, კ. შ-ე, რ. მ-ე, რ. ჯ-ი, მ. ც-ი, გ. ვ-ე, ი. ფ-ე, ი. ბ-ე, ჯ. მ-ე, ო. ჭ-ე, გ. თ-ე, დ. ფ-ე, კ. გ-ე, დ. ბ-ე, თ. შ-ი, მ. ს-ე, ო. ა-ე, მ. ჯ-ა, რ. გ-ი, ნ. კ-ე, ი. ა-ე, მ. ც-ი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2018წ. განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
18.12.2017წ. დ. მ-ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქმედების განხორციელების დავალება - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისათვის პრემიის გაცემა, საკრებულოს თავმჯდომარის 15.11.2017წ. N4476 ბრძანების N1 დანართის შესაბამისად. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.01.2017წ. განკარგულებით დამტკიცდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (პროგრამული) ბიუჯეტი, რომლის ასიგნებებშიც გათვალისწინებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიების თანხები, შესაბამისი ოდენობებით. საკრებულოს თავმჯდომარისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მან ისარგებლა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი (პროგრამული) ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 27.01.2017წ. N447 განკარგულების მე-15, მე-16 მუხლებით, ასევე „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 09.12.2014წ. N56 დადგენილებით და 15.11.2017წ. გამოსცა N4476 ბრძანება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისთვის პრემიის გაცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მითითებულ პირთათვის პრემიის გაცემას, N1 დანართის მიხედვით. აღნიშნული ბრძანება, დანართთან ერთად, შემდგომი რეაგირებისთვის იმავე დღეს გადაიგზავნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ელექტრონული სახით. ბრძანება არ გასაჩივრებულა, შესულია ძალაში, თუმცა არ შესრულებულა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 24.04.2018წ. გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისათვის პრემიის გაცემა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ნოემბრის N4476 ბრძანების საფუძველზე, ამავე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 24.04.2018წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონის 61.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის - ბრძანებებს. ამავე კანონის 62-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, ამ კანონით და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.
სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 15.11.2017წ. N4476 ბრძანება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს აღსასრულებლად სავალდებულო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ 15.11.2017წ. N4476 ბრძანების გამოცემისას არ გამოიყენა „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.04.2017წ. N203 დადგენილება, რომელიც არ ითვალისწინებს წახალისების მიზნით საპრემიო თანხის გაცემას, ვინაიდან N4476 ბრძანება მიღებულია 2017 წლის 15 ნოემბერს, ხოლო საქართველოს მთვრობის 21.04.2017წ. N203 დადგენილება „პროფესიულ საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“, ამოქმედდა 2018 წლის პირველ იანვარს. შესაბამისად, დადგენილების მოქმედება ვერ გავრცელდება 2018 პირველ იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ მიუღია რაიმე სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერ ძალაში შესულ 15.11.2017წ. N4476 ბრძანებაში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე, აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს აღსასრულებლად სავალდებულო აქტს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია აღასრულოს იგი. ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციას და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციული ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირების ინდივიდუალურ ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებლად და გაუმართლებლად ილახება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატების კანონიერი ინტერესები, აღნიშნული კი, მათი დარღვეული უფლებების აღდგენის წინაპირობაა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასკ-ის 24-ე, 331 მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა მოსარჩელისა და მესამე პირებისათვის პრემიის თანხის გაცემის თაობაზე, არ არის გამართლებული.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ არამართლზომიერად შეზღუდა მოსარჩელისა და მესამე პირების ინტერესები, შესაბამისად, არ არსებობს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო საკითხი. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ 15.11.2017წ. N4476 ბრძანების გამოცემისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რიგი მოთხოვნები. ბრძანება გამოცემულია „გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით“, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ გიორგობის დღესასწაულისთვის - 23 ნოემბერს ძველი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეწყვეტილი იყო. ბრძანებაში არასწორად იყო მითითებული მისი გამოცემის საფუძველი, კერძოდ, საპრემიო თანხების გაცემის საფუძვლად მითითებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლი (მოხელის წახალისება). მითითებული ბრძანების გამოცემის დროს მოხელის წახალისება რეგულირდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლით და „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.04.2017წ. N203 დადგენილებით. გათვალისწინებული იყო წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა. პრემია გათვალისწინებული არ იყო. ამასთან, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობის 21.04.2017წ. N203 დადგენილება ამოქმედდა 2018 წლის პირველ იანვარს და ვერ მოაწესრიგებდა პირველ იანვრამდე არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მხედველობაში არ იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261.8 მუხლი, რომლის თანახმად, გარდამავალ პერიოდში - 2017 წლის 31 დეკემბრამდე არ გამოიყენებოდა მოხელის წახალისებისათვის კანონით დადგენილი ნორმები (ე.ი. 59-ე მუხლი). დარღვეულია ზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ 29.11.2017წ. N43/9006 წერილით მიმართა 15.11.2017წ. N4476 ბრძანების გამომცემ ორგანოს, ბრძანების ბათილად ცნობის ან მასში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, ზაკ-ის 601, 611 და 63-ე მუხლების შესაბამისად. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ასევე ის გარემოება, რომ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.01.2017წ. N1 დადგენილებით დამტკიცებული, პროგრამული ბიუჯეტის ასიგნებებით გათვალისწინებული 2017 წლის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიების თანხები მთლიანად ათვისებულია საკრებულოს თავმჯდომარის 21.12.2017წ. N43-83 ბრძანების საფუძველზე. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, გაძნელდება ან/და შეუძლებელი გახდება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, რამდენადაც მომდევნო წლების ბიუჯეტებში სათანადო თანხები ვერ იქნება გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრებული განჩინება ვრცელდება საკრებულოს თავმჯდომარის 15.11.2017წ. N4476 ბრძანების N1 დანართში მითითებულ ყველა პირზე, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მათგან 13 პირს 2017 წლის პრემია მიღებული ჰქონდა საახალწლოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2019წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 03.12.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია გარემოებები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ საქმისათვის, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - დ. მ-ემ 15.11.2017წ. გამოსცა N4476 ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისთვის პრემიის გაცემას, N1 დანართის შესაბამისად. დანართში მითითებულია თავად საკრებულოს თავმჯდომარე - დ. მ-ე. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 35.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.12.2014წ. N56 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.01.2017წ. N1 დადგენილების მე-15 და მე-16 მუხლები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.01.2015წ. N447 განკარგულება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიების გაცემის შესახებ“. აღნიშნული ბრძანება დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, შევიდა კანონიერ ძალაში და დანართთან ერთად, შესასრულებლად გადაეგზავნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება. ამავე კოდექსის 35.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებაში შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილებების მიღება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისების შესახებ, ხოლო 54.1 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერი.
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“, 26.04.2018წ. ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, დამტკიცებული იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.12.2014წ. N56 დადგენილებით. აღნიშნული „წესით“ პრემია განმარტებულია, როგორც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემოდა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. პრემია გაიცემოდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე და მის მიზანს წარმოადგენდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა წახალისება, მათი მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მიზიდვა („წესის“ მეორე, მე-4 მუხლები). ამავე „წესის“ 5.1 და 5.2 მუხლების თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეებზე) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით, ხოლო 5.5 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ამავე „წესის“ მე-6 მუხლი შეეხებოდა პრემიის გაცემის პერიოდულობას და ოდენობას.
სადავო პერიოდში ასევე მოქმედებდა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.01.2017წ. N1 დადგენილება (ძალადაკარგულია 22.12.2017წ.). აღნიშნული დადგენილების დანართის მე-15 მუხლში მითითებული იყო, რომ პრემიების გაცემა ხორციელდებოდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.12.2014წ. N56 დადგენილების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ასახული იყო 2017 წლის ბიუჯეტში, ხოლო მე-16 მუხლი ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლით განსაზღვრული პრემიის გაცემას სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საკრებულოს თავმჯდომარეს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (მათ შორის - საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისების საკითხში) და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს მათი აღსრულების ინიცირება მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე. ამასთანავე, 2018 წლის 26 აპრილამდე მოქმედი „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ ადგენდა შესაძლებლობას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებთან მიმართებაში მიღებულიყო გადაწყვეტილება პრემიის გაცემის შესახებ, შესაბამისი პერიოდულობისა და ოდენობის დაცვით.
უდავოა, რომ 15.11.2017წ. N4476 ბრძანების გამოცემის მომენტისათვის დ. მ-ე წარმოადგენდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, შესაბამისად, მას კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს, გააჩნდა ბრძანების გამოცემისა და მისი აღსრულების მოთხოვნის უფლება, ბრძანებაში მითითებულ ყველა სუბიექტთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ. მ-ეს აღძრული აქვს ასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელი, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობებს ადგენს ამავე კოდექსის 331 მუხლი, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთან აღნიშნული მოქმედება ან უმოქმედობა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაცვის ღირსია არა ნებისმიერი, არამედ კანონით დაცული ინტერესი. ამასთან, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. „..იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული, სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელეს უშუალო უფლებდამცავი ინტერესი უნდა გააჩნდეს..“ (სუს 03.09.2018წ. Nბს-574-574(კს-18) განჩინება). „..სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ „თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი..” (სუს 03.09.2018წ. Nბს-574-574(კს-18) განჩინება).
საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი დავისათვის საყურადღებოა დ. მ-ის მიერ სარჩელის წარმოდგენის თარიღი და ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კავშირშია შესაბამისი თარიღით სარჩელის წარმოდგენისას მოსარჩელის თანამდებობრივ სტატუსთან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რამდენადაც განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილება, სარჩელის დასაშვებობისა და მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დადგენის მიზნებისათვის, სააპელაციო სასამართლოს უპირველესად უნდა გამოეკვლია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის და უკავშირდებოდა მითითებულ დროს მოსარჩელის შესაძლებლობას, მოეხდინა არამხოლოდ საკუთარი, არამედ 15.11.2017წ. N4476 ბრძანების N1 დანართში მითითებული პირების უფლებათა რელიზება - მოეთხოვა მოპასუხისათვის შესაბამისი ქმედების განხორციელების დავალება ყველა სუბიექტის სახელით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საარჩევნო კოდექსის 133.1 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში. ამავე კოდექსის 135.1 მუხლის თანახმად, მორიგ არჩევნებში არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, ხოლო 135.2 მუხლის თანახმად, საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილებას დაწყება და ძველის შეწყვეტა უკავშირდება ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებას. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 25.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო 33.1 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ჩატარდა 2017 წლის ოქტომბერში. შედეგად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციამ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია - მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ანგარიშის შესახებ (22 აგვისტო - 24 ნოემბერი, 2017 წელი). აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, 24.11.2017წ. ცესკოს სხდომაზე გამოცხადდა ინფორმაცია, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 21.10.2017წ. არჩევნებისთვის შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ და სხდომის ოქმში გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი.
საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული ანგარიშის N9 დანართის 77-ე პუნქტი შეიცავს ინფორმაციას, 21.10.2017წ. არჩევნების შედეგად, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, თვითმმართველი თემის - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებად პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პირების შესახებ. აღნიშნულ პირთა შორის დ. მ-ე მითითებული არ არის. შესაბამისად, ვინაიდან 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული საკრებულოს მორიგი არჩევნების შედეგად დ. მ-ე არჩეული არ ყოფილა საკრებულოს წევრად, იგი საკრებულოს წევრთაგან თავმჯდომარედ ვერ იქნებოდა არჩეული. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ არჩევნების შედგების გამოცხადების შემდეგ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 29.11.2017წ. გამოცემულ N27 დადგენილებას „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, ხელს აწერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე.
ამდენად, როგორც ირკვევა, დ. მ-ეს 15.11.2017წ. N4476 ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება და მისი აღსრულების მოთხოვნის უფლება გააჩნდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო შესაბამისი შედეგების გამოცხადების შემდეგ, იგი აღარ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს. 15.11.2017წ. N4476 ბრძანების N1 დანართის საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შესაბამისი ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით დ. მ-ემ სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბერს მიმართა. მითითებული მომენტისათვის მას აღარ გააჩნდა კანონის საფუძველზე მისთვის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილება - ბრძანებაში მითითებულ ყველა სუბიექტთან მიმართებაში მოეთხოვა მუნიციპალიტეტის მერიისათვის პრემიის გაცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ადგენს შესაძლებლობას, საქმის არსებითად განხილვით სადავო საკითხის გადაწყვეტამდე შემოწმდეს სარჩელის დასაშვებობა და მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა. ამგვარი ინტერესის არსებობის დადგენა მნიშვნელოვანია, რამდენადაც რიგ შემთხვევებში, შესაძლოა პირს გააჩნდეს მხოლოდ სუბიექტური განწყობა და არა რეალურად, ობიექტურად არსებული ინტერესი დავის წარმოებასთან მიმართებაში. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში დასაშვებობის ინსტიტუტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქმის არსებით განხილვამდე მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დადგენა. ამასთან, შესაბამისი ინტერესის გამორიცხვა იწვევს ასკ-ის 262 მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს - სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას. მნიშვნელოვანია, რომ 262.5 მუხლი, საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზეც ადგენს შესაძლებლობას, შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით, შესაბამისი საფუძვლების გამოვლენისას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის ფარგლებზე დავის საგანთან მიმართებაში. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სარჩელის შინაარსი, შეემოწმებინა მისი დასაშვებობა და შეეფასებინა მოსარჩელის რეალურად მიღწევადი, აღსრულებადი უფლების არსებობის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის წარდგენის მომენტისათვის აღარ იყო კავშირში მის თანამდებობრივ სტატუსთან და მას, როგორც 15.11.2017წ. N4476 ბრძანების აღსრულებით დაინტერესებულ პირს, შესაბამისი სტატუსის გარეშე, შეეძლო მოეთხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება მხოლოდ მის ნაწილში, საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია - არსებობდა თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი აღსასრულებლად სავალდებულოდ მიჩნეულ ბრძანებაში მითითებულ ყველა სუბიექტთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა მნიშვნელოვან გარემოებას - დ. მ-ემ სარჩელი წარმოადგინა როგორც ადილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირმა (საკრებულოს თავმჯდომარემ), შესაბამისი აქტის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღსრულების მოთხოვნით თუ როგორც ბრძანებაში მითითებულმა ერთ-ერთმა სუბიექტმა (დაინტერესებულმა პირმა), რომელსაც მხოლოდ თავისი უფლების დაცვის მიზნით შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოსათვის შესაბამისი ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობაზე, მოსარჩელის რეალური კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით განსაზღვროს მისი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები და მხოლოდ მოთხოვნის სათანადო წესით დაზუსტების შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2018წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე