საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-46(კ-21) 05 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.4 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2020წ. განჩინებაზე
რ. ჩ-მ 09.10.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ. შ-ის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2020წ. განჩინებით რ. ჩ-ს დაუდგინდა ხარვეზი, 26.10.2020წ. განჩინებით მოსარჩელეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.2020წ. განჩინებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და განემარტა, რომ განჩინების გასაჩივრება შეიძლებოდა კერძო საცივრით. აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ჩ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2020წ. განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და დაუდგინდა ხარვეზი. სააპელაციო პალატის 14.12.2020წ. განჩინებით რ. ჩ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2020წ. განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რ. ჩ-ს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2020წ. განჩინებაზე რ. ჩ-მ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 414.3 მუხლის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება რ. ჩ-მ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომელიც რეალურად იყო კერძო საჩივარი, რადგან სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საჩივრდება სწორედ კერძო საჩივრით (სსკ-ის 447.1 მუხ.). რ. ჩ-ს კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მიუხედავად, რ. ჩ-მ ვერ უზრუველყო დადგენილი ხარვეზის გამოწორება, რის გამო რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ამასთანავე, რ. ჩ-ს განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინადან რ. ჩ-ს მიერ გასაჩივრებულია ის განჩინება, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გასაჩივრებას არ ექვემდებარე, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2020წ. განჩინებაზე რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე