Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-62(კ-21) 11 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებაზე.

2020 წლის 21 სექტემბრს რ. ჩ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ჯ. ა-ის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩნებით მოსარჩელე რ. ჩ-ს მიეცა 7 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად; ამავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩნებით ხარვეზების გამოსასწორებლად მოსარჩელე რ. ჩ-ს გაუგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დადგენილი შვიდდღიანი საპროცესო ვადა, დამატებით 7 დღით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩნებით ხარვეზების გამოსასწორებლად მოსარჩელე რ. ჩ-ს კვლავ გაუგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დადგენილი შვიდდღიანი საპროცესო ვადა, დამატებით 7 დღით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩნებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა მის მიერ 2020 წლის 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა რ. ჩ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით რ. ჩ-ს ამავე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის: კერძო საჩივარი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე გამოტანილ განჩინებაზე, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრებული განჩინების ზუსტი დასახელება, ასევე მითითებული იქნებოდა იმ გარემოებზე, თუ რაში მდგომარეობდა განჩინების უსწორობა. რ. ჩ-ს ასევე დაევალა წარედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რომელიც ჩარიცხული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე. ამავე განჩინებით რ. ჩ-ს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საჩივარი (კერძო საჩივარი) დატოვებული იქნებოდა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ-ს წინამდებარე დადგენილი ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა და დამატებით მიეცა 7 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კერძო საჩივრით კი, გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს ასეთი გასაჩივრების შესაძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე რ. ჩ- საკასაციო წესით სადავოდ ხდის კერძო საჩივრის განუხლილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებას.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩნებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა მის მიერ 2020 წლის 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩნება გასაჩივრებულ იქნა რ. ჩ-ს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის სადავო განჩინებით კი, რ. ჩ-ს კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ განჩინება არ საჩივრდება. ამდენად, მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის განუხლილველად დატოვების შესახებ სადავოდ გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება არც საკასაციო და არც კერძო საჩივრით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე