Facebook Twitter

საჩივრისა და განცხადების (შუამდგომლობის) განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-1253(ს-20) 11 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ის საჩივრისა და განცხადების (შუამდგომლობის) დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილებაზე.

2019 წლის 17 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოდან განსახილველად წარედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები ბ.ბ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბერის დადგენილებით ბ.ბ-ე (პირადი ნომერი - ...; დაბადების თარიღი - ...წ.; რეგისტრაციის მისამართი - ...ა, სოფ. ...ა) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბერის დადგენილებაზე საჩივარი (განცხადება) წარადგინა გ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილებით გ. ბ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება, დაზარალებულმა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა. სასამართლომ მიუთითა ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო აღნიშნული დადგენილება.

პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც ბ.ბ-ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

პალატამ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული დადგენილება გამოტანილია ბ.ბ-ის მიმართ, რომელსაც საჯარო შეტყობინებით ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც მისი მხრიდან სადავოდ არ არის გამხდარი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივარს არ ერთვოდა უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც გ. ბ-ე უფლებამოსილი იქნებოდა სამართალდამრღვევის სახელით საჩივარი წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებაზე, მეტიც, გ. ბ-ე თავადვე უთითებდა, რომ მისი ბიძაშვილი იყო ბე. ბ-ე, ხოლო ბ.ბ-ე - სხვა პიროვნება, რომელიც მოცემულ სოფელში არ ცხოვრობდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ბ-ის საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწის #4/ა-297-20 წერილით გ. ბ-ეს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილებით გ. ბ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ საჩივარს არ ერთვოდა უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც გ. ბ-ე უფლებამოსილი იქნებოდა სამართალდამრღვევის სახელით საჩივარი წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებაზე, ხოლო მის მიერ სადავოდ გამხდარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა ბ.ბ-ე, რომელიც, როგორც თავად გ. ბ-ე უთითებდა, იყო სხვა პიროვნება, რომელიც მოცემულ სოფელში არ ცხოვრობდა და არა მისი ბიძაშვილი ბე. ბ-ე. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ იმ დროის მდგომარობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე დაბრუნებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილება საჩივრის ავტორს (გ. ბ-ეს) ჩაბარდა 2020 წლის 15 ოქტომბერს.

2020 წლის 1 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილ იქნა გ. ბ-ის განცხადება, როგორც სააპელაციო სასამართლოში შეცდომით შესული. გ. ბ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწის #4/ა-297-20 წერილისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამასთან, 2021 წლის 28 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილ იქნა გ. ბ-ის შუამდგომლობა, რომლითაც ახლად გამოვლენილი გარემოების გამო, რაც წარმოადგენს პირველ ინსტანციაში 2016 წლიდან შეტანილ მის კოლექტიურ სარჩელებს, ბე. ბ-ის მონაწილეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილების გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საჩივარი და განცხადება (შუამდგომლობა) უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია დადგენილების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს დადგენილების კანონიერება და შესაბამისად, არც მოცემულ საკითხზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დადგენილების კანონიერების შემოწმების უფლება აქვს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ბ-ემ ასევე წარმოადგინა განცხადება (შუამდგომლობა) ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილების გაუქმების თაობაზე, რასთან მიმართებითაც საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, ასეთი არსებობის შემთხვევაში, ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

დამატებით გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება გამოტანილია ბ.ბ-ის მიმართ, რომელსაც საჯარო შეტყობინებით ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც მისი მხრიდან სადავოდ არ არის გამხდარი. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც გ. ბ-ე უფლებამოსილი იქნებოდა სამართალდამრღვევის სახელით რაიმე პრეტენზია, განცხადება წარედგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საჩივარი და განცხადება (შუამდგომლობა) დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საჩივარი და განცხადება (შუამდგომლობა) დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე