ბს-1124(კ-19) 25 თებერვალი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმდჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა(ა)იპ „...ის“
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2019წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა(ა)იპ-მა „...ის“ 27.03.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.01.2018წ. N04/4767 და 26.02.2018წ. N04/11035 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის არასრულწლოვნის ადვოკატებად ა(ა)იპ ,,...ის“ იურისტების - ა. ა-ის და ს. მ-ის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხისთვის ისეთი ქმედებისგან თავის შეკავების დავალება, რომლითაც ა(ა)იპ ,,...ის“ იურისტებს უკრძალავს ბავშვთან კომუნიკაციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.01.2018წ. N04/4767 და 26.02.2018წ. N04/11035 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში ა(ა)იპ-ს „...ის“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხეს დაეკისრა აგრეთვე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ დავა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, რის გამოც არ არსებობდა მოსარჩელის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი, ბაჟის დაბრუნება უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2021წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების გაუქმების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ორ შემთხვევას ითვალისწინებს - მხარის და დავის საგნის მიხედვით. მხარის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევაში გადამწყვეტია მხარის სტატუსი (მაგ.: მოსარჩელის სოციალურად დაუცველობა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სხვ.), ხოლო დავის საგნის მიხედვით სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებისათვის მნიშვნელოვანია უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნა, დავის შინაარსი (მაგ. სოციალური დავები, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სარჩელები და სხვ.). დავის საგნის მიხედვით სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ერთ-ერთი შემთხვევაა სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატებად ორგანიზაციის იურისტების დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და მოპასუხისთვის არასრულწლოვნის ადვოკატებად ორგანიზაციის იურისტების დანიშვნის დავალება. ამდენად, განსახილველი დავის საგანი სწორედ სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთანაა დაკავშირებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 და VII17 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე.“ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.
ამდენად, განსახილველი დავის მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც გამორიცხავდა სარჩელის წარდგენისას ა(ა)იპ-ის „...ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას, თუმცა ორგანიზაციის სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 112). აღნიშნული თავის მხრივ წარმოშობდა სასამართლოს ვალდებულებას მოსარჩელის მიერ შეცდომით გადახდილი ბაჟი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაებრუნებინა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53.1 მუხლი ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრებას იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უკანასკნელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუმცა მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს იმ შემთხვევაში ეკისრება, როდესაც ბაჟის გადახდა სარჩელის წარმოებაში მიღების აუცილებელი პირობაა. უკეთუ დავა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, მოსარჩელის მიერ ბაჟის შეცდომით გადახდა იწვევს გადახდილი თანხის არა მოპასუხისათვის დაკისრებას, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას. ამდენად, მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა უცვლელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ა(ა)იპ-ის „...ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელისათვის ანაზღაურება მოპასუხეს დაეკისრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 -ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2019წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.02.2018წ. გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ა(ა)იპ-ის „...ის“ სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ა(ა)იპ-ის „...ის“ სარჩელზე 10.04.2018წ. N1 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ქ. ცინცაძე