საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1049(კ-19) 19 თებერვალი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ბ-ე
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ბ-ემ 2018 წლის 25 ივნისს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის სხდომის ოქმის, იმავე სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 5 ივლისის №04-15-05/757 და სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის №04/30711 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით საქმე, განსჯადობის წესით, განსახილველად გადაეგზავნა ხულოს მაგისტრატ სასამართლოს.
ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის სხდომის ოქმი ზ. ბ-ის ნაწილში, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 5 ივლისის №04-15-05/757 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის №04/30711 გადაწყვეტილებები. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულმა განყოფილებამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზ. ბ-ეს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, დანიშნული ჰქონდა კომპენსაცია, თუმცა ვინაიდან გადამოწმებისას მის საპენსიო საქმეში სამედიცინო საქმე ვერ იქნა მოძიებული, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელეს მართებულად შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი. ამასთან, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ჩაითვალა და დაბრუნებას არ დაექვემდებარა, ხოლო შემდგომ პერიოდში მიღებული გასაცემელი - 840 ლარი უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ზ. ბ-ისთვის, საპენსიო საქმეში სამედიცინო საქმის მოუძიებლობის საფუძვლით, სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტისა და 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით მიღებული სოციალური პაკეტის თანხის - 840 ლარის უკან დაბრუნების დავალების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო იმავე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა. რაც შეეხება სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლებს, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სოციალური პაკეტი შეიძლება შეწყდეს სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას, ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი. ამრიგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უფლებამოსილია, მიიღოს სოციალური პაკეტი, რომელიც შეიძლება შეუწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი დაკარგავს შესაბამის სტატუსს, ან დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება სამედიცინო დაწესებულებაში გადამოწმებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. ბ-ე, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, 2002 წლის 13 მარტიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს. ასევე, დადგენილია, რომ ზ. ბ-ის საპენსიო საქმის გადამოწმებისას, საქმეში არ აღმოჩნდა მისი სამედიცინო საქმე, რის გამოც, სადავო აქტებით, 2017 წლის 1 ივლისიდან მოსარჩელეს შეუწყდა სოციალური პაკეტის დარიცხვა. ამასთან, მასვე ეცნობა, რომ 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად მიღებული საპენსიო თანხა ექვემდებარებოდა ლეგალიზაციას, ხოლო 2016 წლის 1 დეკემბრის შემდეგ მის მიერ მიღებული სოციალური პაკეტის თანხა 700 ლარის ოდენობით და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დანამატის თანხა - 140 ლარი აღსადგენი ექნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელისთვის სოციალური პაკეტის შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების დავალების საფუძვლიანობის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ზ. ბ-ეს 2000 წლიდან აქვს მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ხოლო 2003 წლის 3 ოქტომბრიდან ხულოს სსე ბიუროს №072396 აქტის საფუძველზე - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. ამასთან, ზ. ბ-ეს 2017 წლის 27 თებერვალს კვლავ ჩაუტარდა საექსპერტო გამოკვლევები და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ, შეზღუდვის სტატუსის დადგომის დროდ კი დადგინდა 2000 წელი. შედეგად, ხულოს ტერიტორიული ერთეულის 2017 წლის 31 ოქტომბრის №201712 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. ბ-ეს კვლავ დაენიშნა სოციალური პაკეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მოსარჩელე 2000 წლიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხოლო შესაბამისი სტატუსი ჯერ კიდევ 2003 წლიდან აქვს უვადოდ მინიჭებული. ამრიგად, მას სოციალური პაკეტი ვერ შეუწყდებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესაბამისი სტატუსის დაკარგვის გამო. ასევე, არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს მოეთხოვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმება, ხოლო მან ასეთი დავალება არ შეასრულა. ამრიგად, მოსარჩელისთვის სოციალური პაკეტის კანონმდებლობით განსაზღვრული შეწყვეტის საფუძვლების არსებობა არ დასტურდება. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელე ცალსახად აკმაყოფილებდა სოციალური პაკეტის მიღების წინაპირობებს, მას სოციალური პაკეტი არ უნდა შეწყვეტოდა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საპენსიო საქმეში მოსარჩელის სამედიცინო საქმე ვერ იქნა მოპოვებული, რამეთუ აღნიშნული ვითარება საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და მოსარჩელის მდგომარეობის გადამოწმების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ეს 2017 წლის ივლისიდან უსაფუძვლოდ შეუწყდა სოციალური პაკეტი და დაუსაბუთებლად დაევალა თანხის უკან დაბრუნება. ამიტომ, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი და საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე