Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-569(კ-19) 19 თებერვალი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-ემ 2018 წლის 21 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ამავე სამინისტროს ...ის დეპარტამენტის მე-... სამმართველოს უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის №MIA41702776865, ...ის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 იანვრის №164677 და სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის №MIA41800494779 აქტების ბათილად ცნობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროგრამის გასავლელად ნ. მ-ის ჩარიცხვის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. მ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ნ. მ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ მის მიმართ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლება, ვინაიდან აკადემიაში სხვა პირები ჩაირიცხნენ, ხოლო მოსარჩელეს დაუსაბუთებლად ეუბნებიან უარს კურსის გავლაზე. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლზე მითითებით, საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებით და სადავო საკითხის გადაწყვეტისას შეფასებულ უნდა იქნეს მოსარჩელის უფლებათა დარღვევა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩარიცხვის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისაღები პირებისთვის და სამინისტროს მოსამსახურეებისთვის წესდება სპეციალური პროგრამები, რომელთა შორისაცაა, უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ამასთან, მითითებული „წესის“ მე-3-მე-5 მუხლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით გაწერილია აკადემიაში ჩარიცხვისთვის აუცილებელი პროცედურა, კერძოდ, აკადემიაში ჩასარიცხად: 1. სათანადო წესით უნდა იქნეს წარდგენილი განცხადება (აპლიკაცია); 2. პირებს, რომელთა განცხადებაც აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს (განცხადების მიღებისას, შესაძლებელია, დაინიშნოს გასაუბრებაც), ჩაუტარდებათ ტესტირება ან/და გასაუბრება.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. მ-ემ უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნით განცხადება შეიტანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს ...ის პოლიციის დეპარტამენტში. ორივე ორგანომ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, მოსარჩელეს მიუთითა პირის აკადემიაში მსმენელად ჩარიცხვის ზემოაღნიშნული „წესით“ დადგენილი პროცედურის გავლის აუცილებლობაზე, კერძოდ, მოსარჩელეს განემარტა, რომ უნდა გაევლო წინასწარი შესარჩევი ტესტირება/გასაუბრება, რომლისთვისაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ელექტრონულად უნდა შეევსო ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით მიემართა შესაბამისი დანაყოფისათვის, რომელშიც კანდიდატს სურდა მუშაობის დაწყება. ამდენად, სადავო აქტები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და სათანადოდ აღწერს პირის აკადემიაში ჩარიცხვისთვის გასავლელ ეტაპებს. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელეს არ გაუვლია ხსენებული სავალდებულო ეტაპები, მისი აკადემიაში ჩარიცხვის საფუძვლები არ არსებობს. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ, მართალია, მოსარჩელეს გასაუბრება გავლილი აქვს 2007 წელს, თუმცა 2017 წელს ახალი სამართალურთიერთობა წარმოიშვა და ძველი გასაუბრების შედეგები მხედველობაში ვერ იქნება მიღებული.

თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ამრიგად, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ არსებითად თანასწორ პირებს თანაბრად მოეპყრონ. სადავო შემთხვევაში კი, თანასწორობის პრინციპის დარღვევა არ დასტურდება, რადგან მოსარჩელის ზოგადი მითითება, რომ სხვა პირები ჩაირიცხნენ აკადემიაში, არ გულისხმობს ნ. მ-ის უფლებების დარღვევას მაშინ, როდესაც მას არ გაუვლია კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო პროცედურები, მის მიმართ კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა და სხვა პირებისთვის უპირატესობის გაუმართლებლად მინიჭების ფაქტი არ დგინდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე