საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-921(კ-20) 19 თებერვალი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ვ-ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ვ-მა 2019 წლის 8 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის - 43862,59 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 43862,59 ლარისა და სასამართლოსგარეშე ხარჯის - 3195 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი გ. ყ-ი, შეეჯახა გ. ვ-ის ავტომანქანას. შედეგად, მოსარჩელეს აუნაზღაურდა ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანი, ადმინისტრაციულ ორგანოსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა დადასტურდეს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობა. სადავო შემთხვევაში კი, გ. ყ-ს არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა. იგი, მართალია, დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს მისი ქმედების ბრალეულობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის, მისი თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკონკრეტებულია, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტავს, კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი, თუკი კუმულატიურად არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი წინაპირობები: 1. საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2. დამდგარია შედეგი პირისთვის ზიანის მიყენების სახით; 3. არსებობს პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის; 4. ზიანის მიმყენებელი უნდა მოქმედებდეს ბრალეულად. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს სპეციალურ მოწესრიგებას სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებისას. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ნიშანდობლივია, რომ დასახელებული მუხლი „ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხიმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას... ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე, დაზარალებულის ბრალი. დაუძლეველ ძალაში იგულისხმება, რომ, მიუხედავად ავტომანქანის გულისყურით მართვისა, ზიანის თავიდან აცილება ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, ზიანი გამოწვეულია თუ არა დაბრკოლებით, რომელიც არ შედიოდა ტრანსპორტის მფლობელის კონტროლის სფეროში და მას გონივრულად არ შეეძლო არც მისი წინასწარ გათვალისწინება და არც დაბრკოლების ან მისი შედეგების თავიდან აცილება, ან დაძლევა, ანუ პირი მოკლებული იყო დაბრკოლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის №ას-494-463-2010 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 9 თებერვალს საპატრულო პოლიციის ქვეით პატრულთა სამმართველოს მე-... ოცეულის პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი გ. ყ-ი სამსახურებრივი ავტომანქანით, რომელიც ირიცხება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე, მოძრაობდა შუქნიშნის წითელ ფერზე და მოძრაობისას შეეჯახა ავტომობილს, რომელსაც მართავდა გ. ვ-ი.
საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ გ. ყ-ი, 2019 წლის 12 თებერვლის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითრით, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება) და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, რასაც შედეგად მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება მოჰყვა. ამასთან, ვინაიდან პოლიციელმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, არ დასტურდება დაუძლეველი ძალის არსებობა თუ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში მოსარჩელის ბრალეულობა, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ყველა სავალდებულო წინაპირობა. სადავო შემთხვევის სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებებიდან გამომდინარე კი, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამრიგად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად, რაც გულისხმობს თავდაპირველად დაზარალებულისთვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხის განხილვას, ხოლო თუ ეს ფაქტობრივად შეუძლებელია ან არათანაზომიერ დანახარჯებს საჭიროებს, მაშინ - ზიანის ფულადი სახით სრულად ანაზღაურებას.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 მარტის №002085519 დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 53255 ლარს. ამასთან, დადგენილია, რომ სს „...მა“ 2019 წლის 18 მარტს გ. ვ-ს, კასატორთან დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აუნაზღაურა 9392,41 ლარი. შესაბამისად, ფაქტობრივად მიყენებული და უკვე ანაზღაურებული ზიანის ოდენობების გათვალისწინებით, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 43862,59 ლარის გადახდა. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება არ ათავისუფლებს კასატორს ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულებისგან და მესამე პირთათვის - დაზარალებულთათვის ვერ შემოფარგლავს მიყენებულ ზიანს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხით.
საკასაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლების საფუძველზე, ასევე, მიიჩნევს, რომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის ექსპერტიზის ჩატარებისთვის გადახდილი საფასურის - 3195 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე