Facebook Twitter

ბს-909(2კ-19) 25 თებერვალი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ...ის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

...ის მუნიციპალიტეტის მერის 05.06.2018წ. N69011 ბრძანებით, მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო მერიის რეორგანიზაცია, რომლის შედეგად მოხდა მერიის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, შტატების გადაადგილება და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა. რეორგანიზაციის დაწყების შესახებ მერის 05.06.2018წ.N69011 ბრძანების თაობაზე ეცნობათ თანამშრომლებს, მათ შორის ნ. ბ-ს, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ბრძანების გაცნობა.

...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 06.06.2018წ. N45 დადგენილებით დამტკიცდა ...ის განყოფილების უფროსის და ორი უფროსი სპეციალისტის შტატი და თანამდებობა.

...ის მუნიციპალიტეტის მერმა 27.06.2018წ. მიმართა ნ. ბ-ს და მიუთითა, რომ რეორგანიზაციის გამო მისი შტატის შემცირებასთან დაკავშირებით სთავაზობდა ...ის განყოფილების 1-ლი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას ...ის საკითხებში.

03.07.2018წ. ნ. ბ-მა უარი განაცხადა უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე შემოთავაზებულ დანიშვნაზე.

18.07.2018წ. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა აცნობა მერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით მოძიებული ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობების შესახებ.

25.07.2018წ. ...ის მუნიციპალიტეტის მერიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა აცნობა, რომ მერიაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების გამო, მობილობის განხორციელება შეუძლებელი იყო. 31.07.2018წ. ...ის მუნიციპალიტეტის მერიას ...ის მოადგილემ აცნობა, რომ ადმინისტრაცია არ არის თანახმა ...ის აპარატში ნ. ბ-ის მობილობის წესით დანიშვნაზე.

03.08.2018წ. ...ის მუნიციპალიტეტის მერმა ნ. ბ-ს აცნობა, რომ მერიაში არსებული, მისი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ შეესაბამება ნ. ბ-ის სპეციალობას და კვალიფიკაციას. შესაბამისად ვერ მოხდა მისთვის აღნიშნული თანამდებობების შეთავაზება. ამასთან, აღინიშნა, რომ ნ. ბ-ს ჰქონდა უფლება მიეღო მერიის შეთავაზება ან მიეღო მონაწილეობა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში იმ პოზიციაზე, რომელსაც აკმაყოფილებდა განათლებით და კვალიფიკაციით.

...ის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2018წ. ბრძანებით მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ...ის განყოფილების უფროსი ნ. ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლოს 10 სექტემბრიდან. ნ. ბ-ი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2018 წლის 10 სექტემბრიდან, 2 წლის ვადით. ნ. ბ-ს მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ნ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა: ნ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ...ის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2018 წ. N1212 11 ბრძანების ბათილად ცნობა; ...ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ნ. ბ-ის ...ის სამსახურის - ...ის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება; ...ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ნ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე პერიოდისათვის არსებული განაცდურის სრული ოდენობით ანაზღაურების დავალება; ...ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ნ. ბ-ის სასარგებლოდ 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დავალება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 25.12.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2018წ. N121211 ბრძანება ნ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ, მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ბ-ის ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების უფროსის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ნ. ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა ...ის სამსახურში არსებული ორი განყოფილება და ჩამოყალიბდა მეორადი სტრუქტურული ერთეული - ...ის სამსახურის ...ის განყოფილება. დამტკიცებული საშტატო ნუსხით შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა და ...ის სამსახურში დამტკიცდა მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ერთი შტატი. სააპელაციო სასამართლომ, გაუქმებული და ახალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ფუნქციების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მანამდე არსებული განყოფილების უფროსის თანამდებობა და რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი განყოფილების უფროსის თანამდებობა წარმოადგენს ერთიან იერარქიულ საფეხურზე მყოფ, საჯარო სამსახურის მოხელის მეორე იერარქიულ რანგს. ახლადშექმნილი შტატი არ არის ნ. ბ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული შტატის იდენტური, ახლადშექმნილი განყოფილების უფროსისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა წრე უფრო ფართოა, ვიდრე ნ. ბ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა, ცვლილება განიცადა საკვალიფიკაციო მოთხოვნებმაც. ზემოაღნიშნულთან ერთად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახლადშექმნილი განყოფილების უფროსის თანამდებობა რანგობრივი იერარქიის, ხელფასის ოდენობის, სამუშაოს აღწერილობის, თანამდებობის დასაკავებლად წაყენებული მოთხოვნებისა და დაკისრებულ ფუნქციათა თვალსაზრისით მსგავსია ნ. ბ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული განყოფილების უფროსის თანამდებობისა, სააპელაციო პალატის შეფასებით აღნიშნული თანამდებობები ერთმანეთის ტოლფას თანამდებობებს წარმოადგენენ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან ახლად შექმნილი თანამდებობა ნ. ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი იყო, ადმინისტრაციულ ორგანოს ღია კონკურსის გამოცხადებამდე, ამ თანამდებობაზე გადაყვანა უნდა შეეთავაზებინა როგორც მოსარჩელისათვის, ისე სამსახურის მეორე სტრუქტურული ერთეულის უფროსის პოზიციაზე მომუშავე პირისათვის და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ურთიერთშედარების საფუძველზე უნდა გადაეწყვიტა ახლადშექმნილ განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად კონკრეტული კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭების საკითხი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ნ. ბ-ის ახლადშექმნილი განყოფილების უფროსის თანამდებობასთან კვალიფიკაციის შეუსაბამობის შესახებ, ვინაიდან ნ. ბ-ი 2005 წლიდან მუშაობდა გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო გამგებლის 14.01.2015წ. N24 ბრძანებით დაინიშნა ...ის განყოფილების უფროსად, დამთავრებული აქვს ... უნივერსიტეტის სრული კურსი სპეციალობით ...ა, მინიჭებული აქვს ...ის კვალიფიკაცია, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ცნობით დასტურდება, რომ ...ის კვალიფიკაცია უთანაბრდება ...ის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ახლადშექმნილი განყოფილების უფროსის თანამდებობა აღარ არის ვაკანტური, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულია სხვა პირი. იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული პირის აღდგენით არ უნდა შეილახოს სხვა პირთა უფლებები, რომლებიც ლეგიტიმურად იკავებენ თანამდებობას (სუსგ Nას-450-429-2015; Nბს-376-376(2კ-18)) სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. ბ-ის დანიშვნა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვეღარ მოხდება, თუმცა კანონის დარღვევით გათავისუფლება ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და ნ. ბ-ისათვის ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების საფუძველს. ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაწესებულებაში არსებული ვაკანტური თანამდებობების რანგის, ფუნქციური და შინაარსობრივი სპეციფიკისა და ნ. ბ-ის პიროვნული თუ პროფესიული მახასიათებლების გათვალისწინებით, უნდა განსაზღვროს ნ. ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებული სამუშაოს ტოლფასი თანამდებობა და სადავო საკითხზე ახალი, დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით დანიშნოს იგი ...ის სამსახურის მუნიციპალური ...ის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით დადგენილი პროცედურებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ...ის მუნიციპალიტეტის მერიამ და ნ. ბ-მა.

...ის მუნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციამ შესთავაზა ნ. ბ-ს უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რაზედაც მან უარი განაცხადა მიზეზის მიუთითებლად. თავის მხრივ ახალციხის მერიამ და ...ის აპარატმა უარი თქვეს მობილობაზე. როდესაც ნ. ბ-მა მიმართა მერიას მერიაში არსებული ვაკანსიებიდან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების მოთხოვნით, ამ დროისთვის კონკურსი უკვე იყო გამოცხადებული. ნ. ბ-მა N51128 განაცხადი ...ის განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე გააკეთა ბოლო დღეს, ნ. ბ-ი ვერ გადავიდა მეორე ეტაპზე საკონკურსო მოთხოვნის ვერ დაკმაყოფილების გამო. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის საფუძველზე განხორციელებულმა რეორგანიზაციამ გამოიწვია შტატების შემცირება და თანამდებობის გაუქმება, რასაც მოჰყვა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. ორივე განყოფილების უფროსს მიეცა შეთავაზებები დაეკავებინათ მანამდე შესრულებული ფუნქციების შემცველი ახალი თანამდებობები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არაიდენტური თანამდებობები ტოლფასად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ახლადშექმნილი შტატი არ არის ნ. ბ-ის მიერ გათავისუფლებამდე არსებული შტატის იდენტური. სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა ტოლფას თანამდებობას, კასატორს მიაჩნია, რომ თუ თანამდებობა არ არის მეორე თანამდებობის იდენტური, ისინი ვერ იქნებიან ტოლფასი თანამდებობები. ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლში საუბარია მოხელის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობაზე და არა ვალდებულებაზე. კანონი არ განიხილავს კონკურსის გამოცხადებამდე თანამდებობის შეთავაზებას განყოფილების უფროსისთვის და მათ შორის უპირატესობის მინიჭებას. მერია შეეცადა თანასწორობის პრინციპი დაეცვა და ორივეს შესთავაზა ის თანამდებობა, რომელიც ფუნქციურად და შინაარსობრივად იდენტური იყო მათ მიერ მანამდე განხორიცელებული უფლებამოსილების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების.

ადმინისტრაციული ორგანო სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად განსაზღვრავს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თითოეული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იქნა დადგენილი N51128 ვაკანსიაზე მოთხოვნები - უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება 2 წელი, პროფესია - ...ი. ნ. ბ-ის სპეციალობა არის ...ა და არა ...ის სპეციალობა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მერია მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, 52-ე მუხლით დადგენილია შესაძლებლობა და არა ვალდებულება, ხელმძღვანელი პირი მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში. კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

ნ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას, ნ. ბ-ის ...ის სამსახურის - ...ის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ...ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას, თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე პერიოდისათვის განაცდურის სრულად ანაზღაურებას, მერიისათვის 1 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდის დაკისრებას. კასტორი თვლის, რომ განმარტებას საჭიროებს ის სამართლებრივი შედეგი, როცა დგინდება გათავისუფლების უკანონობა, თუმცა ტოლფასი თანამდებობის არავაკანტურობის გამო მისი აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე შეუძლებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ნ. ბ-ის არგუმენტები, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ არალოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ ერთი მხრივ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უკანონოდ შეზღუდა ნ. ბ-ის შრომის უფლება, ხოლო მეორე მხრივ თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დაწესებულებაში არსებული ვაკანტური თანამდებობების რანგის, ფუნქციური და შინაარსობრივი სპეციფიკისა და პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების გათვალისწინებით, ნ. ბ-ს გათავისუფლებამდე დაკავებული სამუშაოს ტოლფასი თანამდებობის განსაზღვრა და სადავო საკითხზე ახალი აქტის გამოცემის გზით ...ის სამსახურის მუნიციპალური ...ის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა დაავალა. კასატორი უთითებს საკასაციო სასამართლოს 27.09.2018წ. გადაწყვეტილებაში (საქმე N234-234(2კ-18)) და 17.04.2019წ. გადაწყვეტილებაში (საქმე N595-595(2კ-18)) მოყვანილ მოსაზრებებზე იმის შესახებ, რომ მუშაკის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის საკითხი არ განეკუთვნება ადმინისტრაციის ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა რიგს, სააპელაციო სასამართლოს მიერ თანამდებობის ვაკანტურობის ან იმავე დაწესებულებაში ტოლფასი თანამდებობის არსებობის საკითხის გარკვევის ვალდებულების და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118.3 მუხლის შესაბამისად სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვდა საკასაციო საჩივრის ავტორი ნამდვილად არის ტოლფასი თანამდებობა მის მიერ ადრე დაკავებულისა, თუმცა ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგა, კასატორის მსოაზრებით ისედაც მისაღწევი იყო კასატორისათვის. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარი აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 114-ე მუხლის თანახმად, რეორგანიზაციის შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში მოხელეს, კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა, 1 თვის თანამდებობრივი სარგო ეძლევა. აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციამ დაარღვია, ვინაიდან ნ. ბ-ს წერილობით არ აცნობეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მას არ მიეცა 1 თვის თანამდებობრივი სარგო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირება. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გათავისუფლებული მოხელე.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა ...ის სამსახურში არსებული ორი განყოფილება: ...ის სამსახურის ...ის განყოფილება და ...ის სამსახურის მუნიციპალური ...ა და ჩამოყალიბდა მეორადი სტრუქტურული ერთეული - ...ის სამსახურის ...ის განყოფილება.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მანამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობად მიიჩნია ახალი განყოფილების უფროსის თანამდებობა. ტოლფასი თანამდებობის შეფასებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივ - სამართლებრივი გარემოებანი განსაზღვრავს. ამასთანავე, ტოლფასი ყოველთვის იდენტურს არ ნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში გართულდებოდა ტოლფასი თანამდებობის რეალური მოძიება. რეორგანიზაციას დაქვემდებარებულ დაწესებულებაში. აღნიშნული შეესაბამება საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესს“, რომლის 3.1 მუხლის ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტოლფასი თანამდებობა არის იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობა, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მანამდე არსებული და ახალი განყოფილებების ფუნქციების ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ სტრუქტურული ერთეულის ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში იგივეა, უმეტესწილად მსგავსია ძირითად უფლებათა წრე. მდგომარეობას არ ცვლის ზოგიერთი ფუნქციის სხვაობა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონმდებლობას ეფუძნება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ღია კონკურსის გამოცხადებამდე ადმინისტრაციას ახალი სტრუქტურის უფროსის თანამდებობაზე გადაყვანის წინადადება უნდა მიეცა როგორც ნ. ბ-ისთვის, ისე გაუქმებული მეორე განყოფილების უფროსის პოზიციაზე მომუშავე პირისთვის. საჯარო დაწესებულებამ უპირველეს ყოვლისა უნდა უზრუნველყოს ვაკანტური თანამდებობის გამოყენება მობილობის მიზნებისათვის. მერიას, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საუკეთესოს შერჩევის მიზნით, გაუქმებული ორი განყოფილების უფროსების შეფასებისას უნდა დაედგინა მათგან საუკეთესო კანდიდატი. აღნიშნული მობილობის პროცესის შემადგენელი ნაწილია. მობილობის საფუძველზე მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება საჯარო კონკურსის (ღია და დახურული) გარეშე. ზოგადად კარიერული განვითარება ხდება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, მობილობა კი გულისხმობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელის იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანას. „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 12.6 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის მობილობის საკითხს ათანახმებს ჯერ ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან, ხოლო შემდგომ დაბალი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან. მოსარჩელისათვის შეთავაზებული თანამდებობა - ახალი განყოფილების 1-ლი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა ...ის საკთხებში, ...ის საკრებულოს 10.08.2018წ. N61 დადგენილების მიხედვით, მესამე რანგს განეკუთვნება, ხოლო რეორგანიზაციამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული განყოფილების უფროსის თანამდებობა საკრებულოს 27.06.2017წ. N13 დადგენილების, გამგებლის 10.07.2017წ. N115411 ბრძანების თანახმად, მე-2 რანგის თანამდებობას განეკუთვნებოდა.ამდენად, მერიის შეთავაზება დაკავებულზე უფრო დაბალი თანამდებობის, არ ადასტურებს მობილობის კანონით დადგენილი წესით განხორციელებას. ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციას ორი გაუქმებული განყოფილების უფროსის პროფესიული უნარ-ჩვევების, გამოცდილების, კომპეტენციის, პიროვნული მახასიათებლებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის სხვა აუცილებელი გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე უნდა გადაეწყვიტა ახლადშექმნილი ...ის სამსახურის ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად კონკრეტული კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭების საკითხი.

კასატორის ნ. ბ-ის მოთხოვნას სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ არ ასაბუთებს კასატორის მითითება სუს 17.04.2019წ. 595-595(2კ-18) განჩინებაზე, ვინაიდან აღნიშნული განჩინება ეხება სხვა ფაქტობრივი გარემოებებიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებს, კერძოდ, შტატების რაოდენობის გაზრდის პირობებში რეორგანიზაციის შედეგად მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლებას. აღნიშნული განჩინებით დავა არსებითად არ გადაწყვეტილა, ამასთანავე, ქვედა სასამართლოს მიეთითა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის ან იმავე დაწესებულებაში ტოლფასი თანამდებობის არსებობის გამოკვლევის საჭიროება და მიეთითა, რომ თუ მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე სხვა პირი არ არის დანიშნული მოსარჩელე ექვემდებარება აღდგენას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობა დაკავებულია სხვა მოხელის მიერ და მისი დანიშვნის კანონიერება არ არის სადავო, მოსარჩელის აღდგენა უნდა მოხდეს ტოლფას ვაკანტურ თანამდებობაზე. არარელევანტურია კასატორის მითითება საკასაციო სასამართლოს 27.09.2018წ. N234-234(2კ-18) გადაწყვეტილებაზე, საკასაციო სასამართლოს აღნიშნულ აქტში ყურადღებაა გამახვილებული დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობის მომცემ იმ პროცესუალურ მექანიზმზე (დროებითი განჩინება, წინმსწრები გადაწყვეტილება), რომლებიც შესაძლოა აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლეოდეს და რომელთა გამოყენება მოსარჩელეს თავის დროზე არ მოუთხოვია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს ნ. ბ-ს კონკურსის შედეგები არ გაუსაჩივრებია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2018წ. N121211 ბრძანება ნ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ, მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ჩამოყალიბებულ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება მას (იხ. მაგ. სუს 08.06.2020წ. გადაწყვეტილება Nბს-139(4კ-19) საქმეზე, 30.11.2020წ. განჩინება Nბს-1242(კ-19) საქმეზე) და ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ნ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სააპელაციო სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი მობილობის წესის დარღვევის გამო, რაც არ ქმნის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან ნ. ბ-ს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, კონკურსის შედეგები არ გაუსაჩივრებია, ამასთანავე, მობილობის წესის კანონის დაცვით ჩატარების შემთხვევაშიც მერიას ახლად შექმნილი განყოფილების უფროსის თანამდებობის დაკავების საკითხის გადაწყვეტა მოუხდებოდა ორი განყოფილების უფროსს შორის საუკეთესოს შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით. ამდენად, არ დასტურდება ნ. ბ-ის ახალი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მობილობის წესით უპირობოდ გადაყვანა, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

დადგენილად არის ცნობილი, რომ ადგილი ჰქონდა შტატების შემცირებას, რაც ქმნიდა სამსახურის ორი განყოფილების უფროსების მიმართ მობილობის პროცედურის კანონით დადგენილი წესით განხორციელების საფუძველს. დადგენილია, რომ ახლადშექმნილი განყოფილების უფროსის თანამდებობა დაკავებულია კონკურსის შედეგად. ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო წარმოების ჩატარების გზით უნდა უზრუნველყოს საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის დამატებით კვლევასა და შეფასებას უკავშირდება. შტატების შემცირების შემთხვევაში კონკრეტული მოხელის გათავისუფლება საჭიროებს სათანადო დასაბუთებას, შტატის შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება ორგანოს მიერ მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, პირადი თვისებების, კოლეგიალობის, რეპუტაციის და სხვა გარემოებების გათვალისწინებას (სუსგ ბს-162-162(კ-18), 11.07.18წ.). მობილობის პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ჯეროვანი დასაბუთება იმისა თუ რატომ არ აკმაყოფილებდა მოსარჩელე რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი განყოფილების უფროსის თანამდებობას, დისკრეციის სფერო აქტის დასაბუთებას მოითხოვს (სზაკ-ის 53.4 მუხ.).

აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც დადასტურებულია, რომ ვაკანტური არ არის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანამდებობა. ნ. ბ-ი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მიხედვით ექვემდებარება ტოლფას თანადმებობაზე აღდგენას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ხსენებული ნორმა ითვალისწინებს სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევებს (თანამდებობის არარსებობის ან ამ თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების გამო). დავის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტა უმთავრესად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მობილობის პროცედურების არასათანადოდ განხორციელებას უკავშირდება, რის გამოც მობილობის პროცედურების სათანადოდ განხორციელების შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა იმსჯელოს მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხზე, უკეთუ დადგინდება, რომ ორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელიდან მოსარჩელეს ჰქონდა უპირატესობა - მას უნდა მიეცეს განაცდური.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გასაჩივრებას არ აქვს სუსპენსიური ეფექტი, გასაჩივრება არ იწვევს ავტომატურად სადავო აქტის შეჩერებას („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხ. მე-2 პ.). ამგვარი მოწესრიგებით კანონმდებელმა უფლების დაცვისა და საჯარო სამსახურის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების ინტერესებს შორის უპირატესობა მიანიჭა შეუფერხებელ ფუნქციონირებას. მოსარჩელეს არ მოუთხოვია გასაჩივრებული აქტის მოქმედების, კონკურსის პროცედურის შეჩერება. გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები განსხვავებულია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განხორციელდა უფლების დაცვა. სარჩელის განხილვის ეტაპზე სადავო აქტის მოქმედების შეჩერება, სარჩელის უზრუნველყოფის ზომების (სასკ-ის 29-ე, 31-ე მუხ.) გამოყენება იძლევა იმავე თანამდებობაზე მოხელის დაუყოვნებლივ აღდგენის შესაძლებლობას, ვინაიდან თანამდებობა ასეთ შემთხვევაში რჩება ვაკანტური, თანამდებობაზე არ ხდება სხვა პირის დანიშვნა. მოცემულ შემთხვევაში ჩატარებულია კონკურსი, სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობა სადღეისოდ არ არის ვაკანტური, თანამდებობის დაკავება მოხდა კონკურსის წესით, კონკურსის შედეგები არ გასაჩივრებულა, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მოხელის დაუყოვნებლივ იმავე თანამდებობაზე აღდგენის ვალდებულება არ გულისხმობს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხელის უფლების დაცვა მოხდებოდა მეორე მოხელის უფლების დარღვევის ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში ხდება მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 114-ე მუხლის თანახმად, რეორგანიზაციის შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე, ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში მოხელეს 1 თვის თანამდებობრივი სარგო ეძლევა. ...ის მუნიციპალიტეტის მერის 05.06.2018წ. N69011 ბრძანება „...ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“ გაეცნო მერიის თანამშრომლებს, მათ შორის მოსარჩელეს, რაც დასტრუდება ბრძანების გაცნობაზე ხელის მოწერით (ტ1, ს.ფ.122). ხელმოწერის გარდა საქმეში დაცულია არაერთი დოკუმენტი, რომლითაც მოსარჩელე ახორციელებდა მიმოწერას ადმინისტრაციასთან, რაც ადასტურებს რეორგანიზაციის შესახებ მის ინფორმირებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივრებს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ...ის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ...ის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე