გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 80-აპ 19 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე,
თ. კობახიძე
განიხილა მსჯავრდებულ დ. ვ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი და დაზარალებულების _ ნა. და ნ. ა-ების შესაგებელი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის განაჩენით დ. ვ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები: ნა. და ნ. ა-ები 1995წ. ივლისის შუა რიცხვებში იმყოფებოდნენ დ. ვ-ას ფირმის ოფისში, მდებარე უკრაინის რესპუბლიკის დედაქალაქ კიევში, --- დაახლოებით 12 საათზე დ. ვ-უა მივიდა ნა. და ნ. ა-ებთან. ნა. და ნ. ა-ებს თან ჰქონდათ 610 მილიონი უკრაინული კარბოვანეცი და სურდათ ამერიკულ დოლარებზე გადახურდავება. დ. ვ-ამ შესთავაზა დახმარება ფულის გადახურდავებაში, რაზეც უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, მოულოდნელად, მან დაავლო ხელი ნ. და ნ. ა-ების კუთვნილ პოლიეთილენის პაკეტში ჩალაგებულ 610 მილიონ უკრაინულ კარბოვანეცს, რაც იმ დროისათვის არსებული კურსის მიხედვით შეადგენდა 4000 აშშ დოლარს და გაიტაცა, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული თანხა მას აღარ დაუბრუნებია. სააპელაციო პალატამ სამართლებრივი შეფასება მისცა მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დ. ვ-ას მსჯავრი დასდო სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საკასაციო წესით საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ დ. ვ-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ბრალდებულ დ. ვ-ას სამართალში მიცემის დადგენილება.
კასატორმა _ მსჯავრდებულმა დ. ვ-ამ აღნიშნულის თაობაზე განმარტა, რომ, როგორც მას ახსოვს, მისი სამართალში მიცემის დადგენილება საქმეში არსებობდა. საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რითაც დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
დაზარალებული ნა. ა-ძე მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვებას. დაზარალებულის განმარტებით, საქმეში არსებობდა დ. ვ-ას სამართალში მიცემის დადგენილება, რომელიც, მისი მოსაზრებით, საქმიდან შეგნებულად იქნა ამოღებული.
დაზარალებული ნ. ა-ძე მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვებას. მისი განმარტებით, საქმეში არსებობდა დ. ვ-ას სამართალში მიცემის დადგენილება, რომელიც დაინტერესებულმა პირმა საქმიდან შეგნებულად ამოიღო.
პროკურორმა ა. ს-მა განმარტა, რომ, ვინაიდან საქმეში არ არსებობს ბრალდებულ დ. ვ-ას სამართალში მიცემის დადგენილება, რაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით დარღვევას წარმოადგენს, სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის სამართალში მიცემის სტადიიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, მსჯავრდებულ დ. ვ-ას, დაზარალებულებს _ ნ. და ნ. ა-ებს, პროკურორ ა. ს-ლს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის განაჩენი დ. ვ-ას მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ქვემდებარეობით სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, დ. ვ-უა პირველად მსჯავრდებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 9 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით და შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 5 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 9 თებერვლის განაჩენი დ. ვ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000წ. 20 სექტემბრის განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 5 აპრილის განაჩენი დ. ვ-ას მიმართ გაუქმდა და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საქმის გამოძიება დაევალა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. 2002წ. 19 ოქტომბერს აღნიშნული საქმე საბრალდებო დასკვნით განსახილველად წარიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად გადაეცა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბ. ჩ-მ დაიწყო საქმის განხილვა. მოსამართლემ, სსსკ-ის 457-ე მუხლის თანახმად, ისე გახსნა სასამართლო ძირითადი სხდომა, რომ არ უმსჯელია ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხზე. საქმე განსახილველად გადაეცა მოსამართლე ნ. ბ-ეს. 2003წ. 11 მარტს მოსამართლე ნ. ბ-ემ, ასევე სსსკ-ის 457-ე მუხლის თანახმად, ისე გახსნა სასამართლო ძირითადი სხდომა, რომ არ უმსჯელია ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხზე. 2003წ. 18 მარტს მოსამართლე ნ. ბ-ემ ასევე აიცილა საქმის განხილვა და იგი განსახილველად გადაეცა მოსამართლე მ. ქ-ეს, რომელმაც თვითაცილების წესით საქმე გადასცა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს. საქმე განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს მოსამართლე ა. ხ-ლს, რომელმაც, ანალოგიურად, სსსკ-ის 457-ე მუხლის თანახმად, ისე გახსანა სასამართლო ძირითადი სხდომა, ისე ჩაატარა სასამართლო გამოძიება და ისე ცნო დამნაშავედ დ. ვ-უა, რომ არ უმსჯელია ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხზე. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, ასევე სსსკ-ის 457-ე მუხლის თანახმად, ისე გახსნა სასამართლო ძირითადი სხდომა, ისე ჩაატარა სასამართლო გამოძიება და ისე ცნო დამნაშავედ დ. ვ-უა, რომ არ უმსჯელია, თუ რაიონულმა სასამართლომ რატომ არ იმსჯელა ბრალდებულის სამართალში მიცემის საკითხზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა. ამავე კოდექსის 563-ე მუხლი კი მოიცავს საპროცესო კანონის არსებითი დარღვევების ჩამონათვალს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტი განმარტავს, რომ განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ ბრალდებული არ არის მიცემული სამართალში კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალების მიხედვით, მას შემდეგ, რაც საქმე დამატებითი გამოძიების ჩატარების შემდეგ წარიმართა სასამართლოში, რაიონული სასამართლოს არც ერთ იმ მოსამართლეს, რომელმაც გახსნა სასამართლო ძირითადი სხდომა და დაიწყო საქმის განხილვა, არ უმსჯელია ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის განაჩენი დ. ვ-ას მიმართ და საქმე ქვემდებარეობით სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 562-ე 563-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის განაჩენი დ. ვ-ას მიმართ და საქმე ქვემდებარეობით სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.