Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-394(კ-20) 22 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).

2016 წლის 1 დეკემბერს ჰ. უ-იმ, რ. ა-იმ, ს. ტ-მა და ს. ა-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა ჰ. უ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის №1000511713, რ. ა-ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის №1000510752, ს. ტ-ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის №1000510718 და ს. ა-ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის №1000510721 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოსარჩელეებისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჰ. უ-იმ, რ. ა-იმ, ს. ტ-მა და ს. ა-იმ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჰ. უ-იმ, რ. ა-იმ, ს. ტ-მა და ს. ა-იმ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებს და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედანი და არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივნისის განჩინებით კასატორებს – ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზები, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედანი იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში და სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორებს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2020 წლის 5 აგვისტოს კასატორების წარმომადგენელმა - ზ. ვ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა 7 დღით იმ მოტივით, რომ მარწმუნებლები არ იმოფებოდნენ საქართველოში და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

2020 წლის 10 აგვისტოს და 18 აგვისტოს კასატორების წარმომადგენელმა - ზ. ვ-მა განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს, საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი და განცხადებაში მიუთითა, რომ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს 2 დღეში წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით და კასატორებს - ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის დაევალათ დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედნის იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

2020 წლის 21 ოქტომბერს კასატორების - ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის წარმომადგენელმა - ზ. ვ-მა განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მოითხოვა საქმის გაცნობა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად და საპროცესო ვადის გაგრძელება 2 დღით.

2020 წლის 23 ოქტომბერს კასატორების - ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის წარმომადგენელმა - ზ. ვ-მა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა კვლავ დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივრის ასლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით კასატორების - ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 2 დღით და კასატორებს - ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის დაევალათ დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედნის იმდენ ასლად წარმოდგენა, რამდენი მხარეც არის საქმეში.

2021 წლის 4 თებერვალს კასატორების - ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის წარმომადგენელმა - ზ. ვ-მა საკასაციო სასამართლოში ელექტრონულად გადმოაგზავნა კვლავ დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივრის ასლი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე არაერთხელ გაგზავნის შედეგად - 2021 წლის 2 თებერვალს ჩაბარდა კასატორების - ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის წარმომადგენელს - ზ. ვ-ს. ამდენად, კასატორებმა - ჰ. უ-იმ, რ. ა-იმ, ს. ტ-მა და ს. ა-იმ მათთვის მიცემულ ვადაში სრულყოფილად არ შეავსეს 2020 წლის 29 ივნისისს განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

კასატორების - ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის წარმომადგენელმა - ზ. ვ-მა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის, საპროცესო ვადის არაერთგზის გაგრძელების მიუხედავად, ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო. კერძოდ, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რაც შეეხება დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედნის სახით წარმოდგენას, აღნიშნული ხარვეზი კასატორების მიერ არ იქნა აღმოფხრილი და საკასაციო სასამართლოში გადმოგზავნილი იქნა კვლავ დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივრის ასლი სათანადო წესით არსებული ხელმოწერის გარეშე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და ს. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ზ. ვ-ის საადვოკატო კომპანიას“ ჰ. უ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარზე 12.08.2020წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს „ზ. ვ-ის საადვოკატო კომპანიას“ (ს/კ №...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2020წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლებით, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ჰ. უ-ის, რ. ა-ის, ს. ტ-ისა და

ს. ა-ის საკასაციო საჩივარი;

2. შპს „ზ. ვ-ის საადვოკატო კომპანიას“ (ს/კ №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2020წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე