Facebook Twitter

ბს-1223(კ-19) 19 თებერვალი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. დ-მა 15.03.2018წ. სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის, მესამე პირის - ვ. გ-ს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამნეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 16.11.2017წ. N..., 19.12.2017წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.02.2018წ. N... გადაწყვეტილების და ვ. გ-ს საკუთრებაში უძრავი ქონების (ს.კ. ...) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.06.2009წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ...ის რაიონის დაბა ბაკურიანში, ...ის ქ. N...-ში მდებარეობს უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი, აღნიშნული უძრავი ქონების 1/4 ნაწილის და ამ საცხოვრებელ სახლზე არსებული მინაშენის 1/8 წილის მესაკუთრე გახლავთ მოასრჩელე ი. დ-ი, ს/კ ..., ხოლო დანარჩენი წილების მესაკუთრეები არიან ნ. გ-ი, თ. ლ-ე, მ. ფ-ე და ლ. გ-ი. აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ტექინვენტარიზაციის არქივში დაცულია საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, სადაც შენობა-ნაგებობის დახასიათებაში მითითებულია „საცხოვრებელი, სარდაფი, აივანი, ბოსელი, ღობე“. ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ საცხოვრებელ სახლს გააჩნია საერთო სარგებლობის გზა. ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრემ ვ. გ-მ 12.06.09წ. მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (26.06.09წ.) გადაწყვეტილებით ვ. გ-ს საკუთრებად დარეგისტრირდა ...კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობა, ვ. გ-ს საკუთრებაში მოექცა ...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი, ბოსელი და სათავსო, ამავე რეგისტრაციით მან მოიპოვა საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ სარგებლობის გზაზე. მოსარჩელემ გაასაჩივრა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება. სარეგისტრაციო სამსახურმა ჯერ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო შემდეგ შეწყვიტა წარმოება, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. 13.02.18წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც საკუთრებაში უღიარდა ვ. გ-ს, არის საერთო სარგებლობის მისასვლელი გზა, რომლის რეგისტრაციის საფუძველი არ არსებობდა. ამ ინფორმაციის შემცველია გენგეგმა და ტექპასპორტი. მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გამოიკვლია დოკუმენტაცია და არ მისცა მათ სამართლებრივი შეფასება. ტექპასპორტის და გენგეგმის მიხედვით ...ის ქ....-ში მდებარე უძრავი ქონების შემადგენლობაში საცხოვრებელ სახლთან ერთად შედის აგრეთვე „სათავსო“ და „ბოსელი“, რაც ასევე გამორიცხავდა ვ. გ-ს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციის შესაძლებლობას. მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გამოიკვლია აღნიშნული დოკუმენტაცია და არანაირი შეფასება არ მისცა მათ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 12.07.2018წ. გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. დ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 12.07.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-8 და მე-9 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ რეგისტრაციისას განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა. ვ. გ-ს უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 29.05.2009წ. საარქივო ცნობა N39, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, რომლის ნამდვილობა სადავოდ გამხდარი არ არის. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომლებითაც დაადასტურებდა თავის საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე, უკეთუ პირი ვერ ახერხებს საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობას მისასვლელი გზის სხვის საკუთრებაში ყოფნის გამო, შესაძლებელია სკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი გზის გამოყენება, რაც დამოუკიდებელი დავის საგანს წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.02.2008წ. N3ბ/198-06 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბორჯომის რაიონული სასამართლოს 19.09.2001წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა ვ. კ-ს სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ამყარებს თავის მოთხოვნას მოსარჩელე მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს არ ადასტურებს და არც მის საკუთრების უფლებას წარმოშობს სადავო მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მესამე პირის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის უკანონობას დაადასტურებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-მა. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საარქივო ცნობის საკმარისობა, მისი ავთენტურობა. დავის საგნისათვის არსებითი იყო რეგისტრაციისათვის საარქივო ცნობის საკმარისობის დადგენა. არ შეფასებულა აგრეთვე ვ. გ-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან. ვ. გ-ს არ წარუდგენია საჯარო რეესტრში ტექნიკური პასპორტი და გენგეგმა. აზომვით ნახაზს მიეცა ვ. გ-ს კუთვნილი ...ის ქ. N...-ში მდებარე მიწის ფორმა, ამით რეალურად მოხდა ბოსელის და სათავსოს მისაკუთრება. ტექნიკური პასპორტების მიხედვით N... და N... ნაკვეთებს შორის არის საერთო სარგებლობის გზა, რომელიც არც ერთ ნაკვეთში არ ექცეოდა. სადღეისოდ გზა მოქცეულია ვ. გ-ს საკუთრებაში. კასატორი თვლის, რომ ვ. გ-ს ბაკურიანში, ...ის N...-ში ორი მიწის ნაკვეთი აქვს რეგისტრირებული, რეალურად ... კვ.მ. შედის ... კვ.მ. ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ არსებობს დამოუკიდებლად, საარქივო ცნობით ...ის N...-ში მას ... კვ.მ. -ით შეავსო უძრავი ნივთის ფართობი, ის დამოუკიდებლად მას არ გადასცემია. ჭეშმარიტების მოკვლევის მიზნით სასამართლოს უნდა დაევალებინა საჯარო რეესტრისათვის საქმის მასალების ხელახალი შესწავლით გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის წარმომადგენელმა 06.11.2019წ. სასარჩელო მთხოვნაზე უარის თქმის გარეშე გამოიხმო საკასაციო საჩივარი, სსკ-ის 831 მუხლზე მითითებით კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა ი. დ-ის სარჩელის განუხილველად დატოვება, ახალციხის რაიონული სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა კასატორის შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობის შესახებ. აღნიშნულის გამო, 16.12.2019წ. კასატორის წარმომადგენელმა უარი განაცხადა თავის შუამდგომლობაზე.

19.06.2020წ. კასატორის წარმომადგენელმა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა საკასაციო სასამართლოს, შუამდგომლობას თან დაერთო სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.11.2019წ. N5007194619 დასკვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების, საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ გამხდარ რეგისტრაციას - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2009წ. N... გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა რეგისტრაციის მოთხოვნა, საფუძვლად უდევს უფლების დამდგენი დოკუმენტი - 29.05.2009წ. საარქივო ცნობა N39. ხსენებული საარქივო ამონაწერით (ტ.1, ს.ფ. 113-114) ირკვევა, რომ ბაკურიანის საკრებულოს გამგეობის 30.04.1998 წ. N2 დადგენილებით დაბაში მცხოვრებ 999 კომლს (დანართის თანახმად) საკუთრების უფლებით გამოეყო საკარმიდამო მიწის ფართობები. ბორჯომის რაიონის გამგეობის 16.12.1998წ. N171 დადგენილებით დამტკიცად 30.04.1998წ. N2 დადგენილება. საქმეში დაცული N1 დანართში (დაბა ბაკურიანში მცხოვრები მოქალაქეების სია, რომლებსაც მიწის რეფორმის გატარებისას შეევსოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საკუთრებაში) 945-ე ნორმად მე-3 კატეგორიის კომლად აღრიცხულია ვ. კ-ა, რომელსაც სიის მიხედვით დაუკანონდა ...ჰა ნაკვეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.06.2009წ. სადავო რეგისტრაციას, რომლითაც ვ. გ-ს საკუთრებაში აღირიცხა სადავო ნაკვეთი, საფუძვლად უდევს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რის გამოც არსებობდა ისეთი დოკუმენტის მოთხოვნის პირობა, რომელიც წარმოშობდა რეგისტრაციის გაუქმების პირობას. ასეთი დოკუმენტის წარმოუდგენლობა ქმნიდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 19.12.2017წ. გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.02.2008წ. N3ბ/198-06 გადაწყვეტილება, რომლითაც ბორჯომის რაიონული სასამართლოს 19.09.2001წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ვ. კ-ა-გ-ს სააპელაციო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.02.2008წ. გადაწყვეტილებით (საქმე N3ბ/198-06) ლ. გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ-ს საკუთრებაში გააჩნია სულ მცირე ... ჰა მიწის ფართობი, აქედან 0,05 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რის გამოც მას დამატებით აღარ ეკუთვნის მიწის ფართი, შესაბამისად ჩაითვალა, რომ პრეტენზიები ვ. კ--ს საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ფართთან დაკავშირებით იყო უსაფუძვლო. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებებზე შეტანილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითება 19.09.01წ. და 27.02.08წ. სასამართლო გადაწყვეტილებებზე არ ადასტურებს მოთხოვნის საფუძვლიანობას, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.02.18წ. გადაწყვეტილებით მართებულად არ იქნა გაზიარებული მომჩივნის ეს არგუმენტი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. გ-ს, როგორც მე-3 კატეგორიის კომლს, ... ჰა ნაკვეთი გამოეყო საკრებულოს გამგეობის 30.04.1998წ. N2 დადგენილებისა და 16.12.1998წ. N171 დადგენილების საფუძველზე, რაც სადავოდ მოსარჩელის მიერ არ გამხდარა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული სამართლებრივი აქტები არ ქმნიდნენ რეგისტრაციის საფუძველს. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „რ“ ქვეპუქნტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. ამასთანავე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მისასვლელი გზის პრობლემის 180-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. სსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო წარმოებაში არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი მიზნებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს, რომელთა შეფასებაზე მხარეები ზეგავლენას არ ახდენენ, ამასთანავე საკასაციო ინსტანციაში არ ხდება ფაქტების დადგენა, შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რის გამო საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ი. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2019წ. განჩინება;

3. ქ. ქ-ეს (პ.ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.09.2019წ. N8459925494 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ქ. ცინცაძე