Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1077(კ-19) 19 თებერვალი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ. მ-ე, შ. მ-ე, გ. მ-ე, შ. მ-ე

მესამე პირი - დ. მ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შ. მ-ემ, გ. მ-ემ, შ. მ-ემ და გ. მ-ემ 2017 წლის 3 ნოემბერს სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2017 წლის 3 ოქტომბრის №26 საოქმო გადაწყვეტილებისა და №297 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და საქმეში მესამე პირად მიეთითა დ. მ-ე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით შ. მ-ის, გ. მ-ის, შ. მ-ისა და გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელე შ. მ-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება, ხოლო იმავე სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით შ. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შ. მ-ე და ადმინისტრაციული საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის, შ. მ-ის, გ. მ-ისა და შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 3 ოქტომბრის №26 ოქმი და №297 განკარგულება და კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტებით გააუქმა მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გამოცემული აქტი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. ასეთ გარემოებად კი მიიჩნია არა მესამე პირის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაცემა, არამედ მოსარჩელეთა მიერ მიწის ნაკვეთის მფლობელობის 2015 წლიდან შეწყვეტის ფაქტი. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად. სასამართლომ კი კომისიას დაავალა ისეთი გარემოებების შესწავლა, რაც სცდება მოპასუხის უფლებამოსილებებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლები კომისიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის აღარ ფლობდნენ სადავო მიწის ნაკვეთს.

საკასაციო სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.). ამრიგად, საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული ფაქტის (ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის) 2007 წლამდე დადგომის დადასტურებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს №206 განკარგულებით გ. მ-ეს, გ. მ-ეს, შ. მ-ესა და შ. მ-ეს თანასაკუთრებაში გადაეცათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ... ...ში (...)მდებარე 996 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ კომისიას 2017 წლის 26 სექტემბერს განცხადებით მიმართა დ. მ-ის წარმომადგენელმა - ჯ. ქ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტისა და ფაქტობრივი მფლობელობის მიუხედავად, შ. მ-ის მიმართ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის გამო, ვერ დაირეგისტრირა კუთვნილი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, კომისიამ 2017 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე ხელახლა განიხილა მოსარჩელეთათვის საკუთრების უფლების აღიარების საკითხი, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები მიწის ნაკვეთს 2015 წლიდან აღარ ფლობდნენ და მიიღო გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული აქტის კანონიერების შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად ცნო მოსარჩელეთა მიმართ გაცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ბათილად ცნობისთვისაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, აქტის უკანონობაც კი არ არის საკმარისი. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებიდან გამომდინარე, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობა კი არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ამრიგად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის უნდა დასტურდებოდეს როგორც მისი უკანონობა, ისე კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა ან მესამე პირთათვის არსებითი ზიანის მიყენება.

სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს, რომ მოსარჩელეები 1970-2015 წლებში ნამდვილად ფლობდნენ მათ საკუთრებაში რიცხული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, სადავო უძრავ ქონებას. ამასთან, კასატორი საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის კანონიერებას ასაბუთებს კომისიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის (2017წ.) მოსარჩელეთა მიერ ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტით და ამ გარემოებას ახლად აღმოჩენილად მიიჩნევს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, გარდა იმისა, რომ უდავოდ დადასტურებულია მოსარჩელეთა მიერ მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფაქტობრივად ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც საკუთრების უფლების აღიარების სავალდებულო წინაპირობაა, მოსარჩელეები კომისიაში 2017 წელს წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში თავად უსვამდნენ ხაზს მიწის ნაკვეთის მხოლოდ 2015 წლამდე ფლობაზე. ამრიგად, ერთი მხრივ, მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ საკუთრების უფლების აღიარებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ აუცილებელ კრიტერიუმებს, რომლებითაც აქცენტი გაკეთებულია მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობაზე, მეორე მხრივ კი, მოსარჩელეებმა კომისიას იმთავითვე მიაწოდეს სრული ინფორმაცია, რაც გამორიცხავდა მათ მიერ 2015 წელს მიწის ნაკვეთის მფლობელობის შეწყვეტის ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევას. შესაბამისად, დასახელებული ვითარება არ ადასტურებს არც აქტის უკანონობას და არც მოსარჩელეთა ქმედების მართლსაწინააღმდეგობას.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარების მართლზომიერება დამოკიდებულია ასაღიარებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სწორად განსაზღვრაზე. კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარების ობიექტი ვერ გახდება კერძო პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ან ისეთი უძრავი ნივთი, რომელზეც სხვა პირს გააჩნია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. სადავო შემთხვევაში კი, მართალია, დ. მ-ე მიუთითებდა, რომ მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მაგრამ ხსენებული დოკუმენტი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 ივნისის №... გადაწყვეტილებით არ იქნა შესაბამისი იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2003 წელს, როდესაც მიწის რეფორმა დასრულებული იყო და მიწის რეფორმის კომისიას უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარებით მესამე პირის საკუთრების უფლების შელახვაც არ დგინდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის ფარგლებში დავის არსებითად გადაწყვეტისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობებს. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე