Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 108-აპ 18 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),

ნ. გაბრიჩიძე,

დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის განაჩენში ზ. ჯ-ის მიმართ. კერძოდ, ზ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 15 ნოემბრიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ზ. ჯ-ლს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

ზ. ჯ-ლი წარსულში ორჯერაა ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. იგი 1996წ. 29 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 152-ე და 238-ე მუხლებით და ერთობლივად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

2001წ. 9 ივნისს მსჯავრდებული გადაიყვანეს საქართველოს ¹3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც იგი მოათავსეს საჯარიმო იზოლატორის ¹-- საკანში. მასთან ერთად საკანში იმყოფებოდნენ მსჯავრდებულები: გ. ჩ-ლი, ჯ. ხ-ვი და გ. თ-ლი.

2001წ. 4 ივლისს, დაახლოებით 10-11 საათზე, გ. თ-სა და ზ. ჯ-ლს მოუხდათ კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც განაწყენებულმა ზ. ჯ-მა წინასწარ მომარჯვებული ე.წ. “კოვზის ტარი” განზრახ დაჭრის მიზნით ჩაარტყა გ. თ-ლს მუცლის არეში, რითაც დაზარალებულს მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე დაზიანება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი თ. გ-ნი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას, რადგან ზ. ჯ-ლს მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით არაა დადგენილი ზ. ჯ-ის მიერ გ. თ-ის დაჭრის ფაქტი. დანაშაულის ჩადენას კატეგორიულად უარყოფს თვით ზ. ჯ-ლი და არც მოწმეები ადასტურებენ მის მიერ გ. თ-ის “კოვზის ტარით” დაჭრის ფაქტს. თვით დაზარალებული გ. თ-ლი აღნიშნავდა, რომ მან თვითონ დაიჭრა თავი.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა ზ. ჯ-მა და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მსჯავრდებულმა ზ. ჯ-მა აღნიშნა, რომ მას გ. თე-სათვის “კოვზის ტარი” არ დაურტყამს და არც სხეულის მძიმე დაზიანება მიუყენებია.

პროკურორმა ო. რ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია ზ. ჯ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ზ. ჯ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დაზარალებულის სახით დაკითხულმა გ. თ-მა როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო განხილვისას მიუთითა, რომ 2001წ. ივლისის თვეში იგი სასჯელის მოსახდელად გადაიყვანეს საგარეჯოს ¹3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოათავსეს ¹-- საკანში, სადაც იმყოფებოდნენ ზ. ჯ-ლი, ჯ. ხ-ვი და გ. ჩ-ლი. მას შელაპარაკება მოუხდა ზ. ჯ-თან, რომელმაც გალესილი კოვზის ტარით იგი მუცლის არეში დაჭრა. საქმეზე მოწმედ დაკითხულმა გ. ჩ-მა წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ ზ. ჯ-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გალესილი კოვზის ტარის დარტყმით მუცლის არეში დაჭრა პატიმარი გ. თ-ლი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულ გ. თ-ს მუცლის არეში მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით მიღებული აქვს სხეულის მძიმე დაზიანება.

პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, მოკვლევის პირველ სტადიაზე თვით ზ. ჯ-ლი და გ. თ-ლი მიუთითებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა თვითდაჭრას, მაგრამ მათ შემდგომში ახსნეს ასეთი განმარტების მიცემის მიზეზები; შემდგომში საქმეზე ჩატარებული წინასწარი და სასამართლო გამოძიებით უტყუარად დადგინდა ზ. ჯ-ის მიერ გ. თ-ის დაჭრის ფაქტი.

საქართველოს სიხსლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენში მოყვანილი ფაქტები.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის განაჩენი ზ. ჯ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.