№ბს-1124(კ-19) 22 თებერვალი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2019წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა(ა)იპ-მა „...ის“ 27.03.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.01.2018წ. N04/4767 და 26.02.2018წ. N04/11035 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის არასრულწლოვნის ადვოკატებად ა(ა)იპ ,,...ის“ იურისტების - ა. ა-ის და ს. მ-ის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხისთვის ისეთი ქმედებისგან თავის შეკავების დავალება, რომლითაც ა(ა)იპ ,,...ის“ იურისტებს უკრძალავს ბავშვთან კომუნიკაციას.
ა(ა)იპ-მა „...ის“ აღნიშნა, რომ ორგანიზაციას მომართა სახელმწიფო მზრუნველობის ერთ-ერთი პროგრამის მოსარგებლე არასრულწლოვანმა და ითხოვა იურიდიული დახმარების გაწევა, რადგან იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებას მისთვის მინდობით აღმზრდელი პირის (მიმღები ოჯახის) შეცვლის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ-მა „...ის“ განცხადებით მიმართა მოპასუხეს, როგორც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, და მოითხოვა ორგანიზაციის იურისტების არასრულწლოვნის ადვოკატებად დანიშვნა და არასრულწლოვნის შესახებ არსებული სრული დოკუმენტაციის გადაცემა, რაც არ დაკმაყოფილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.01.2018წ. N04/4767 წერილით. ადმინისტრაციულმა, ორგანომ მიუთითა, რომ ბავშვის უფლებების დარღვევის თაობაზე ინფორმაცია არ დასტურდებოდა, რის გამოც არ არსებობდა ადვოკატის დანიშვნის საჭიროება. ამასთან, მოპასუხემ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მისი თანხმობის გარეშე, არასრულწლოვანთან ა(ა)იპ-ის „...ის“ კონტაქტი. აღნიშნულის შემდგომ, ორგანიზაციამ კვლავ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მისი იურისტებისთვის ბავშვთან კომუნიკაციის შეზღუდვის საფუძვლების დასაბუთება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 26.02.2018წ. N04/11035 წერილში, მიუთითა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგებაზე და ამასთან აღნიშნა, რომ უშუალოდ ასეთი კატეგორიის (ბავშვის მინდობით აღზრდა/შვილად აყვანა) საქმის განხილვაში ჩართვით დაინტერესებული და ბავშვზე ზემოქმედების მსურველი მესამე პირების მხრიდან იმ არასრულწლოვანთან კონტაქტი, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა აღნიშნული საქმისწარმოება, მიზანშეწონილი იყო განხორციელებულიყო სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით, უარყოფითი სახის შესაძლო რისკების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, ორგანიზაციის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება. შესაბამისად, ორგანიზაციამ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.01.2018წ. N04/4767 და 26.02.2018წ. N04/11035 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში ა(ა)იპ-ს „...ის“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხეს დაეკისრა აგრეთვე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორცილებდა არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლობას, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ და ყურადღება გაამახვილა „ბავშვის უფლებების შესახებ“ 20.11.1989წ. კონვენციის მე-3 მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (X v. LATVIA, [GC], §95-96, №27853/09, ECHR 2013) და მიუთითა, რომ ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები უპირველეს ყურადღებას უთმობენ ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას, როდესაც საქმე შეეხება ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს, ყველა შემთხვევაში, მათი საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს უზენაესი. სასამართლომ მიუთითა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. მისი შეფასებით, სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მიზანშეწონილობას და არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სადავო აქტები გამოიცა იმ კონკრეტული ღონისძიებების (გარემოებების) მითითების გარეშე, რომლიდან გამომდინარეც მოპასუხემ დაადგინა ბავშვის უფლებების დარღვევის, ამდენად მისთვის ადვოკატის დანიშვნის საჭიროების არარსებობა, მისი სურვილი და საუკეთესო ინტერესი. შესაბამისად, სასამართლომ ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აქტების ბათილად ცნობა მოხდა ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ამ ეტაპზე არ არსებობდა მავალებელი სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საკითხების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“, „ე“, „ე1“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. კასატორმა აღნიშნა, რომ უწყება დავის საგანთან დაკავშირებით სააგენტოში შევიდა 10.05.2019წ., რის შემდგომაც 17.05.2019წ. განცხადებით სააგენტოს წარმომადგენელმა მოითხოვა 20.05.2019წ. 12:00 საათზე დანიშნული ზეპირი განხილვის გადადება, რადგან აღნიშნულ საქმეზე ზეპირი განხილვის დრო ემთხვეოდა სააგენტოს სხვა საქმეზე გასამართ სხდომის დროს, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ზეპირი მოსმენა გაიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაწილეობის გარეშე. ამას გარდა, კასატორის შეფასებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.
ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ მის მიერ გამოცემული აქტები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო. შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანოა სასამართლო, თუმცა უფლებამოსილი ორგანოების გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა ან გარიგება, კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს ან და იურიდიულ პირს შორის, აგრეთვე ასეთი საქმიანობისთვის ან გარიგებისთვის ხელის შეწყობა, რომლის მიზანია შვილად აყვანა. ამასთანავე, შვილად აყვანის დროს დასაშვებია ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო შვილად აყვანის დროს - კომპეტენტური ორგანოს მიერ მომსახურების გაწევა. კასატორის შეფასებით, სააგენტოს, როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს, გააჩნდა უფლებამოსილება ნორმატიულად განესაზღვრა მესამე პირების ურთიერთობის ფარგლები სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის მიმართ, მით უფრო, როდესაც საკითხი შეეხება არასრულწლოვანს, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს შვილად აყვანის პროცედურები.
ამას გარდა, კასატორმა მიუთითა, რომ მისთვის არ უნდა დაეკისრებინათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელისთვის ანაზღაურება, რადგან დავის საგანს შეადგენდა სოციალური დაცვის ფარგლებში მყოფი ბენეფიციარის მიმართ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოპოვება. შესაბამისად, სარჩელი გამომდინარეობდა სოციალური დაცვის სფეროდან, რომელიც ასკ-ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების უცვლელად დატოვების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ხსენებულ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს 21.05.2019წ. განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2019წ. განჩინება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონცენცია, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 03.10.2018წ. №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება“ და მიუთითა მათი გამოყენების მოტივებზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება განსახილველი საკითხის გადაწყვეტას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეფასებას, რომ ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ფაქტობრივად წარმოადგენს სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. აღნიშნული ნორმის თანახმად, „გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.“ მხარისთვის შეტყობინების წესი განსაზღვრულია სსკ-ის 70-78-ე მუხლებით. სსკ-ს 70.1 მუხლიდან გამომდინარე მხარისათვის შეტყობინების ვალდებულება ითვალისწინებს მისთვის საპროცესო მოქმედების შესრულების დროისა და ადგილის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და არა ასევე ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ შუამდგომლობის უცილობლად დაკმაყოფილების ვალდებულებას. საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა ზეპირი მოსმენის გამართვის დრო და ადგილი (ტ. I, ს.ფ. 331). აღნიშნულს ადასტურებს თავად კასატორიც (ტ. I, ს.ფ. 388). სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შესაძლოა გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი სსკ-ის 393.2 მუხლის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, „საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.“ საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს სადავო არ გაუხდია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სამართლებრივი შეფასებების წარმოსადგენად ისარგებლა კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებით - სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით. ადმინისტრაციული ორგანო არ მიუთითებს სხდომაზე მისი დასწრების გარეშე საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და დამთავრების შეუძლებლობაზე (სსკ-ის 276.1 მუხლი). ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტი მონაწილეობას ღებულობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ ზეპირ მოსმენაში, რა დროსაც წარადგინა საკუთარი მოსაზრებები სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეფასებას, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოში სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, წარმოადგენს სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 393.3 მუხლით გათვალისწინებულ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს. დამატებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ექვემდებარება სსკ-ის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გაუქმებას, რადგან საქმეში დაცულია სააპელაციო სასამართლოში გამართული სხდომის ოქმი (ტ. I, ს.ფ. 347), რომლითაც დგინდება, რომ სასამართლომ განიხილა ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა და მიუთითა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივებზე. სასამართლოს შეფასებით, სააგენტოს, როგორც მხარესა და მოთხოვნის ავტორს, არ წარმოუდგენია შუამდგომლობაში მოხსენიებული იმ გარემოების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც იგი ითხოვდა სხდომის გადადებას.
საფუძველს არის მოკლებული კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, შეესაბამებიან საქართველოს კანონმდებლობას და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
სკ-ს 11981.1 მუხლის შესაბამისად, „არასრულწლოვანს აქვს მშობელთა/სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის უფლება.“ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო,“ ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „უფლებამოსილი ორგანოების გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა ან გარიგება კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის, აგრეთვე ასეთი საქმიანობისთვის ან გარიგებისთვის ხელის შეწყობა, რომლის მიზანია შვილად აყვანა. ამასთანავე, შვილად აყვანის დროს დასაშვებია ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების გაწევა.“ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, „ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არასრულწლოვანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისთვის უზენაეს პრიორიტეტად და ამოსავალ წერტილად მიიჩნევს ბავშვის საკუთესო ინტერესს (X v. LATVIA, [GC], §95-96, №27853/09, ECHR 2013). ამდენად, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის მის ცხოვრებაში რეალიზებას, რაც თავისმხრივ საჭიროებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახულ დასაბუთებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ გამოცემის საფუძვლებზე მითითებას, არამედ სარწმუნოდ უნდა ასაბუთებდეს აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს. დასაბუთებიდან უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინა გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე (სუსგ №ბს-512-494(კ-13), 29/05/2014). ამასთან, სზაკ-ის 53.4 მუხლის მიხედვით, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.“ საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტები გამოიცა იმ კონკრეტული ღონისძიებების (გარემოებების) მითითების გარეშე, რომლიდან გამომდინარეც მოპასუხემ დაადგინა ბავშვის უფლებების დარღვევის, ამდენად მისთვის ადვოკატის დანიშვნის საჭიროების არარსებობა, მისი სურვილი და საუკეთესო ინტერესი. კონკრეტული სამართლებრივი შედეგის წარმომშობი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხორციელდება იურიდიული მნიშვნელობის მქონე კონკრეტული გარემოებების განსაზღვრისა, მათი გამოკვლევისა და მითითების გზით. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს იმ ღონისძიებებზე, რომლითაც გამოიკვლია და უარყო არასრულწლოვნის უფლებების დარღვევა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა მოცემული საქმის ასკ-ის 32.4 მუხლზე დაყრდნობით გადაწყვეტის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების უცვლელად დატოვების ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების უცვლელად დატოვების ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ამ ნაწილში სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, საკასაციო საჩივარი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების გაუქმების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დასაშვებად იქნეს ცნობილი, დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე