Facebook Twitter

№ბს-703(2კ-20) 4 მარტი, 2021 წელი ქ.2თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა. ს-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 3 მაისს ა. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხისათვის მისი განთავისუფლების დღიდან - 2014 წლის 23 სექტემბრიდან, აღდგენის დღემდე - 2019 წლის 23 იანვრამდე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავალებული და აუნაზღაურებელი თანამდებობრივი დანამატის - 15 900 ლარის (2014 წლის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი - 1500 ლარი და 2015-2017 წლები - 14 400 ლარი) და დანამატის ანაზღაურების დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის - 0.07 პროცენტის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 23 იანვრიდან (აღდგენის დღიდან) თანხის სრულად ანაზღაურებამდე) ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ა. ს-ას სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 23 სექტემბრიდან, აღდგენის დღემდე - 2019 წლის 23 იანვრამდე, თანამდებობრივი დანამატის - 15 900 ლარის ოდენობით ანაზღაურება; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა. ს-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-610-610(კ-18) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; ასევე მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე ა. ს-ა აღდგენილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის (განყოფილების ...ი) თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

ა. ს-ას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისთვის ქ. თბილისის მერის 2013, 2014, 2015, 2016, 2017 წლების ადმინისტრაციული აქტებით განსაზღვრული იყო დანამატები, რაც ა. ს-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 23 სექტემბრიდან, აღდგენის დღემდე - 2019 წლის 23 იანვრამდე ჯამში შეადგენდა - 15 900 ლარს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის წერილით, ა. ს-ას ეცნობა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ა. ს-ას მიმართ დანამატის ანაზღაურების დავალებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული იძულებითი განაცდური „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე გულისხმობდა როგორც თანამდებობრივ სარგოს, ისე ყველა იმ დანამატს, რომელსაც პირი მიიღებდა სამსახურში ყოფნისას, რომ არ არსებულიყო ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას, დანამატის ანაზღაურების დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის - 0.07 პროცენტის ანაზღაურებაზე, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილშიც გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ ვინაიდან მოსარჩელე - ა. ს-ა წარმოადგენდა პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება, აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და ა.შ. წესრიგდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც არ ითვალისწინებდა ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში დაყოვნებული ყოველი დღისათვის ანაზღაურების ვალდებულებას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - ა. ს-ა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ სადავო ურთიერთობაზე ამ ნაწილში ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსი.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-9, 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, 112-ე მუხლზე, 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მუხლებიდან ცალსახად გამომდინარეობს ის გარემოება, რომ სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო; ხოლო ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული საკლასო დანამატი, წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო - ასეთის არსებობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ აქვს მინიჭებული ის კლასი, რომლის საფუძველზეც მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელი იქნებოდა საკლასო დანამატის განსაზღვრა.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით განხორციელდა მოსარჩელისათვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, რაც შეეხება დანამატს, ასეთის ანაზღაურების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არც მოსარჩელის გათავისუფლების დროს მოქმედი და არც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არ გააჩნდა. დანამატის ანაზღაურების ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ა. ს-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც კასატორის მითითებით, არ მოიცავს დანამატს და არა შრომითი გასამრჯელოს, რომელიც, კანონის განმარტებით, შესაძლოა მოიცავდეს დანამატსაც.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ დანამატი მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს. დანამატი თავისი არსით წარმოადგენს სამუშაო საათების გარდა, ზედმეტად შესრულებული სამუშაოსთვის გასაცემ ანაზღაურებას, რომელიც შეფასებული უნდა იქნეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით შესრულებული სამუშაოს ოდენობის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მითითებით, შეუძლებელია იმის დადგენა, რომ ესა თუ ის პიროვნება თანამდებობაზე ყოფნის პირობებში დაექვემდებარებოდა თუ არა დანამატის გაცემას და ასეთის არსებობის პირობებში რა ოდენობით მიიღებდა მას. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოთხოვნას წარმოადგენს დანამატის ანაზღაურება, ცხადია მოსარჩელეს აკისრია მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ მასზე ნამდვილად გაიცემოდა დანამატი, ამასთან კონკრეტულად იმ თანხის ოდენობით, რა თანხასაც მოსარჩელე ითხოვს.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ შესაბამისის მტკიცებულებების წარმოუდგენლობის პირობებში, რაზე დაყრდნობითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იქნება მოთხოვნილი დანამატის ანაზღაურებაზე, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მითითებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ს-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა. ს-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, ერთის მხრივ, კასატორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 23 სექტემბრიდან, აღდგენის დღემდე - 2019 წლის 23 იანვრამდე, თანამდებობრივი დანამატის - 15 900 ლარის ოდენობით ანაზღაურების კანონიერების შეფასება, ხოლო მეორეს მხრივ, კასატორის ა. ს-ას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, დანამატის ანაზღაურების დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის - 0.07 პროცენტის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე Nბს-610-610(კ-18) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; ასევე მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე ა. ს-ა აღდგენილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის (განყოფილების ...ი) თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

ა. ს-ას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისთვის ქ. თბილისის მერის 2013, 2014, 2015, 2016, 2017 წლების ადმინისტრაციული აქტებით განსაზღვრული იყო დანამატები, რაც ა. ს-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 23 სექტემბრიდან, აღდგენის დღემდე - 2019 წლის 23 იანვრამდე ჯამში შეადგენდა - 15 900 ლარს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის წერილით, ა. ს-ას ეცნობა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ა. ს-ას მიმართ დანამატის ანაზღაურების დავალებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლი ითვალისწინებს მოხელის უფლების დაცვას, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებას, რომ იძულებითი განაცდური არ მოიცავს დანამატს და განმარტავს, რომ იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობის და შესაბამისად, მის მიერ თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და ანაზღაურებაში შემავალი სხვა კომპონენტების ყოველთვიური ოდენობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ა. ს-ას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისთვის ქ. თბილისის მერის 2013, 2014, 2015, 2016, 2017 წლების ადმინისტრაციული აქტებით განსაზღვრული იყო ყოველთვიური დანამატები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა ანაზღაურებაში შემავალი კომპონენტის - დანამატის ანაზღაურება და არა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შედეგად გასაცემი დანამატის ანაზღაურება, როგორც ამას კასატორი მიუთითებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის - ა. ს-ას მითითებას, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება შრომის კანონთა კოდექსი, რომლის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულია საჯარო მოსამსახურეებზე ამ კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედების ფარგლები, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელე ა. ს-ა წარმოადგენს პროფესიულ საჯარო მოხელეს, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და კერძოდ, აღნიშნული კანონის 118-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური მოწესრიგება, რომელიც არ ითვალისწინებს ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დაყოვნებული ყოველი დღისათვის დამატებითი თანხის ანაზღაურების ვალდებულებას, შესაბამისად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენება უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა. ს-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე