Facebook Twitter

ბს-1089 (კ-18) 12 მარტი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ფ-ას და ა. ფ-ას (კანონიერი წარმომადგენელი მ. ქ-ა) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ფ-ამ და ნ. ფ-ამ 14.03.2017წ. სარჩელით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ. წ-ის მიმართ გ. წ-ისათვის ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N43/3-ში მდებარე ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 07.02.2011წ. N53 ბრძანებისა და N570 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.03.2017წ. განჩინებით ა. და ნ. ფ-ების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო გ. წ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. N43, სართული 2, ბინა N3 ფართით 77.90 კვ.მ., ს/კ ...).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 01.05.2017წ. სხდომის ოქმით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. წ-ის სახით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 27.10.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. წ-ისათვის ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N43/3-ში მდებარე ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 07.02.2011წ. N53 ბრძანება და N570 საკუთრების უფლების მოწმობა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და გ. წ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2018წ. გადაწყვეტილებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. წ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 27.10.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ფ-ას და ნ. ფ-ას (კანონიერი წარმომადგენელი მ. ქ-ა) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გ. წ-ის საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის მისამართი არაასწორია და რომ 11.12.1998წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული ბინის მისამართი (...ის ქ. N53) იგივეა რაც ამჟამად ...ის ქ. N43. მხოლოდ მოსარჩელეების და მოწმეთა ახსნა-განმარტებები, რომ კ. ფ-ასთან შეთანხმებით წ-ების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა მათთვის სადავო აქტებით გადაცემულ ბინაში - არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კ. ფ-ას მიერ 11.12.1998წ. ხელშეკრულებით სწორედ ის ბინა იყო პრივატიზებული, რომელიც ამჟამად გ. წ-ის საკუთრებად არის რეგისტრირებული.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, აგრეთვე, რომ სკ-ის 1336.1 მუხლით შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. კ. ფ-ას (მოსარჩელეების ბაბუის) გარდაცვალების დროისათვის (18.02.04წ) ცოცხალი იყო მისი პირველი რიგის მემკვიდრე და მოსარჩელეების მამა ე. ფ-ა, რომელმაც 06.10.08წ. სამკვიდრო მოწმობით მიიღო მამის, კ. ფ-ას კუთვნილი სამკვიდრო ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა მდებარე ზუგდიდი, ...ის ქ. N35, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თავის საკუთრებად. მამისაგან, კ. ფ-ასაგან ე. ფ-ას მემკვიდრეობით სხვა ქონება არც სამკვიდრო მოწმობით და არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია. ამდენად, მოსარჩელეებს მემკვიდრეობის უფლება გააჩნიათ მათი გარდაცვლილი მამის, ე. ფ-ას დანაშთ სამკვიდროზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ წარმოდგენილა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ე. ფ-ას სამკვიდროში შედიოდა გ. წ-ისათვის სადავო აქტით გადაცემული საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. N43/3.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. და ნ. ფ-ის (კანონიერი წარმომადგენელი მ. ქ-ა) მიერ.

კასატორები აღნიშნავენ, რომ გ. წ-ის სახელზე დარეგისტრირებული ქონება წარმოადგენს ნ. და ა. ფ-ების საკუთრებას. აღნიშნული ბინა ნ. და ა. ფ-ებმა მემკვიდრეობით ბაბუისგან - კ. ფ-ისგან მიიღეს და თავიანთ სახელზე დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. გ. წ-ი თავად უთითებს, რომ სადავო ბინა კასატორების ბაბუისგან მიიღო. კ. ფ-ასა და გ. წ-ის მამას ლ. წ-ს შორის 02.10.1998წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კ. ფ-ამ ლ. წ-ისგან იყიდა ქ. ზუგდიდში, ...ის ქ.N35-ში მდებარე უძრავი ქონება, რის შემდეგაც კ. ფ-ამ ლ. წ-ს სარგებლობაში გადასცა ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N43-ში მდებარე ბინა. სწორედ ეს ბინა დაირეგისტრირა გ. წ-მა უკანონოდ. საქმეში დაცული მასალები და დაკითხული მოწმეები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ამ ბინაში გ. წ-ის ოჯახის წევრები კ. ფ-ას ნებართვით შევიდნენ.

სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 1421.2 მუხლი, რომლის მიხედვით თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო. კ. ფ-ას სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა შვილმა ე. ფ-ამ, ხოლო ე. ფ-ას სამკვიდრო მიიღეს მისმა შვილებმა ა. და ნ. ფ-ებმა. ის გარემოება, რომ ე. ფ-აზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში არ იყო მითითებული სადავო პრივატიზებული ბინა, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სადავო ბინა ე. ფ-ას მემკვიდრეობით არ მიუღია, ე. ფ-ა სადავო ბინის მემკვიდრე ფაქტობრივი ფლობით გახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და ა. ფ-ის (კანონიერი წარმომადგენელი მ. ქ-ა) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით გ. წ-ი 09.02.2011წ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული N570 საკუთრების მოწმობის საფუძველზე 09.11.2016წ. დარეგისტრირდა ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N43-ში II სართულზე მდებარე 77.90 კვ.მ. ფართის N3 საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ. აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის საფუძველია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 07.02.2011წ. N53 ბრძანება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. იმავე მისამართზე მდებარე 76.30 კვ.მ. ფართის N5 საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეებად 25.03.2016წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 30.03.2016წ. დარეგისტრირდნენ ნ. და ა. ფ-ები, რომლებიც სადავოდ ხდიან გ. წ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერებას იმ დასაბუთებით, რომ გ. წ-მა უკანონოდ დაირეგისტრირა მათი მემკვიდრეობით მიღებული ბინა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 25.03.2016წ. სამკვიდრო მოწმობით ნ. დ ა. ფ-ებს საკუთრებაში გადაეცათ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N53-ში მდებარე ბაბუის კ. ფ-ას სამკვიდრო ქონება, რომელიც საქმეში დაცული ცნობა-დახასიათების მიხედვით 1998 წლის 11 დეკემბრიდან პრივატიზაცებულია კ. ფ-ას სახელზე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ განსხვავებულია გ. წ-ისათვის საკუთრების მოწმობაში და ნ. და ა. ფ-ების სამკვიდრო მოწმობაში მითითებული უძრავი ქონების მისამართები, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმის მტკიცებულება, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N53 და ...ის ქ. N43 ერთიდაიმავე უძრავი ქონების მისამართებია. დაუსაბუთებელია კასატორების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კ. ფ-ასა და გ. წ-ის მამას ლ. წ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ სადავო ბინა კ. ფ-ამ გ. წ-ის ოჯახს დროებით სარგებლობაში გადასცა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების სანაცვლოდ, ვინაიდან საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება და ვერც კასატორები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ გ. წ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა სწორედ ის ბინაა, რომელიც კ. ფ-ას 1998 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ჰქონდა მიღებული. ამასთან, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშობა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საქმის მასალებით არ დასტურდება კ. ფ-ას სახელზე 11.12.1998წ. პრივატიზების ხელშეკრულებით აღრიცხული ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი. აღსანიშნავია ასევე, რომ ა. და ნ. ფ-ების რეგისტრაცია წინ უსწრებს გ. წ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, უძრავი ქონებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, რეესტრში დაცული მონაცემებით განსხვავდება ა. და ნ. ფ-ების და გ. წ-ის სახელზე რეგისტრირებული ბინების ფართობები და ნომრები, ხოლო თითოეულ მათგას მინიჭებული აქვს დამოუკიდებელი საკადასტრო კოდი. 25.03.16წ. N... სამკვიდრო მოწმობა არ ადასტურებს სადავო ფართზე მოსარჩელეების უფლებას, ვინაიდან მამკვიდრებელს - კ. ფ-ას 11.12.1998წ. ხელშეკრულებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ გადაეცა ...ის ქ. N53 სახლში მდებარე ბინა (ამავე მისამართს უთითებს საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 11.12.1998წ. ცნობა), შესაბამისად სამკვიდრო მოწმობა გაცემულია ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. N53-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო სადავო ბინა მდებარეობს ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. N43-ში, სართ. 2, ბინა N3. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, კანონისმიერმა მემკვიდრეებმა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. N53, მიიღეს 18.02.04წ., ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ბინა არც მათ და არც მათ აწ გარდაცვლილ მშობელს ე. ფ-ას არ მიუღია. საფუძველსაა მოკლებული საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ე. ფ-ამ მიიღო კ. ფ-ას სამკვიდრო, მათ შორის სადავო ბინა. საქმეში დაცული 06.10.08წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად მამკვიდრებლის კ. ფ-ას ერთადერთ პირველი რიგის მემკვიდრედ იყო ცნობილი მისი შვილი - ე. ფ-ა, სამკვიდრო მოწმობა გაცემული იყო მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. N35. 06.10.08წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში ე. ფ-ა აღირიცხა ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N35-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ. განსხვავებულია აგრეთვე მხარეებზე რიცხული ბინის ფართობები, სარეგისტრაციო კოდები, კერძოდ გ. წ-ის სახელზე რეგისტრირებული N3 ბინის ფართი შეადგენს 77.90 კვ.მ., კოდი ..., მოსარჩელეებზე საჯარო რეესტრში რიცხული N5 ბინის ფართი შეადგენს 76.30 კვ.მ., კოდი ... . ამდენად, მოსარჩელეებზე და მოპასუხეზე რიცხული ბინების ნუმერაცია, ფართის ოდენობა, კოდები განსხვავებულია და არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ წინააღმდეგობაზე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მოპასუხე გ. წ-ი სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში აღნიშნავდა, რომ მისთვის უცნობია თუ რა გზით და რომელი ბინა დაირეგისტრირეს საკუთრებად მოსარჩელეებმა, სააპელაციო საჩივარში გ. წ-ი ყურადღებას ამახვილებს მის სახელზე და მოსარჩელეთა სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული ბინების მონაცემთა სხვაობაზე. ერთ ქონებაზე დაუშვებელია ურთიერთსაწინააღმდეგო რეგისტრაციის განხორციელება, შესაბამისად არ დასტურდება გ. წ-ის სახელზე დარეგისტრირებული ფართის და მოსარჩელეების მიერ მემკვიდრეობით მიღებული ფართის იდენტურობა. მოსარჩელეებს არ დაუსვიათ დოკუმენტაციაში (ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ 11.12.1998წ. ხელშეკრულებაში, სამკვიდრო მოწმობაში) ცვლილებების შეტანის მოთხოვნა. საფუძველსაა მოკლებული ასევე კასატორების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კ. ფ-ას მთელი სამკვიდრო მასა მემკვიდრეობით კასატორების მამამ ე. ფ-ამ ფაქტობრივი ფლობით მიიღო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ბინაში მოპასუხე გ. წ-ი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს 1999 წლიდან, საქმეში დაცულია სადავო ბინით სარგებლობის საფუძველი - დირექტორის და ლ. წ-ს შორის 15.10.01წ. და 15.01.05წ. დადებული ბინის ქირავნობის ხელშეკრულებები. საქმის მასალებში დაცული, კასატორების მამის სახელზე გაცემული, სამკვიდრო მოწმობა არ მოიცავს ზუგდიდში, ...ის ქ. N53-ში მდებარე უძრავ ქონებას, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული ქონების ე. ფ-ას მიერ ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი. 06.10.08წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა გაიცა მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. N35, არ დასტურდება ე. ფ-ას მიერ სადავო ქონებაზე რაიმე პრეტენზიის გაცხადება.

შვილიშვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო (სკ-ის 1336-ე მუხ.). მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის შვილი სამკვიდროს გახსნამდე არ ყოფილა გარდაცვლილი, მამკვიდრებელი კ. ფ-ა გარდაიცვალა 18.02.04წ., ხოლო მისი შვილი, მოსარჩელეების მამა ე. ფ-ა 02.09.15წ. გარდაიცვალა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს აქვთ თანასწორად იმ წილის მიღების უფლება, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა, მოსარჩელეებს მემკვიდრეობის უფლება აქვთ მათი გარდაცვლილი მამის ე. ფ-ას დანაშთ სამკვიდროზე. ე. ფ-ას არც სამკვიდრო მოწმობით და არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია სადავო ბინა, შესაბამისად არ არსებობს სკ-ის 1421-ე მუხლის გამოყენების საფუძველი. სამკვიდრო მოწმობაში იმის აღნიშვნა, რომ ა. და ნ. ფ-ებს აქვთ ფაქტიური ფლობა სადავო ბინის არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. და ა. ფ-ების (კანონიერი წარმომადგენელი მ. ქ-ა) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ნ. და ა. ფ-ების (კანონიერი წარმომადგენელი მ. ქ-ა) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2018წ. გადაწყვეტილება;

3. რ. მ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.08.2018წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი