Facebook Twitter

ბს-918 (2კ-19) 12 მარტი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ 26.06.2018წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვეს მ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.05.2018წ. N04/30700 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელეების - ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის ოჯახისათვის 2014 წლის 3 დეკემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გამოცემის დავალება და ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 3 დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით მიუღებელი შემწეობის სახით ზიანის ანაზღაურების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.2018წ. გადაწყვეტილებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.05.2018წ. N04/30700 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მ. ჩ-ის 18.12.2014წ. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.11.2017წ. განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უნდა ემსჯელა გაზრდილი ქულის მინიჭების კანონიერებაზე. ამასთანავე, უნდა შეეფასებინა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი არ არის შესაბამისობაში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ, მისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პირობებთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის მიერ.

კასატორმა - სსიპ სოციალური მომხახურების სააგენტომ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 30.11.2017წ. განჩინების შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება განმცხადებლის 18.12.2014წ. საჩივართან დაკავშირებით. საჩივრის ზეპირი მოსმენა გაიმართა 24.04.2018წ., რომელსაც საჩივრის ავტორი არ ესწრებოდა. სასამართლოს ბრალდება სააგენტოს მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მოკლებულია იურიდიულ და ფაქტობრივ საფუძველს, ვინაიდან გასაჩივრებულ აქტში აღნიშნულია, რომ 04.12.2014წ. ოჯახის განმეორებითი შეფასების ფარგლებში სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შევსებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული ოჯახის დეკლარაციის ფორმა, ხოლო მინიჭებული სარეგიტინგო ქულა (74130) 03.01.2015წ. შევიდა ძალაში. სააგენტოს მიერ ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და სარეიტინგო ქულის ოდენობაც სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს. გაუგებარია სასამართლოს პოზიცია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლად მიჩნევის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო მოქმედებდა სზაკ-ის 99-100 მუხლების შესაბამისად და არ არსებობს საქმის ხელახლა განსახილველად სასკ-ის 32.4 მუხლით დაბრუნების იურიდიული საფუძველი.

კასატორებმა - ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ აღნიშნეს, რომ 03.01.2015წ. ყალბი დოკუმენტებითა და სხვისი საყოფაცხოვრებო ნივთების გამო გაზრდილი ქულის მეშვეობით უკანონოდ შეუწყდათ სოციალური სტატუსი და დახმარება. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით სზაკ-ის 184-ე მუხლის საფუძველზე არსებობს სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი გადადის ადმინისტრაციულ ორგანოზე, რომელმაც კასატორებისათვის სტატუსის შეწყვეტის კანონიერება უნდა ამტკიცოს. კასატორების ოჯახის შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილ ვადაზე ადრე ყალბი დოკუმენტების საფუძველზე და ქულის გაზრდა გამოიწვია ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთების შეფასების ნუსხაში შეტანამ, რომელიც სადავო პერიოდში საერთოდ არ ექვემდებარებოდა აღრიცხვას. კასატორების მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების სხდომის ოქმის არარსებობის მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამასთანავე არც სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში არ ფიქსირდება მიღებული გადაწყვეტილება. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ შეცვალა დავის საგანი და 23.01.2015წ. ადმინისტრაციული საჩივრის ნაცვლად სოციალური მომსახურების სააგენტოს 18.12.2014წ. საინფორმაციო წერილის გამოკვლევა დაავალა. კასატორები აღნიშნავენ, რომ სტატუსი 03.01.2015წ. შეუწყდათ შესაბამისად სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით 23.01.2015წ. მიმართეს და ჯერ არ მომხდარ ფაქტზე 18.12.14წ. საჩივარს ვერ წარადგენდნენ. ამდენად, სასკ-ის 33.2 მუხლის საფუძველზე არსებობს უკანონოდ შეწყვეტილი სტატუსის აღდგენისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით მ. ჩ-ისა და ა. ჩ-ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა შემწეობას 2014 წლის 1 ივნისიდან 2014 წლის დეკემბრამდე. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმებულ იქნა 2014 წლის დეკემბერში და მიღებული ქულის (74130) საფუძველზე შეუწყდა სოციალური დახმარება. მ. ჩ-ემ 18.12.2014წ. განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტს, რომლითაც არ ეთანხმებოდა სოციალური აგენტის მიერ მისი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას ძველი წესით, ვინაიდან იგი გამოიწვევდა მინიჭებული სარეიტინგო ქულის გაზრდას, ხოლო მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და შეფასებისას გასათვალისწინებელი იყო ოჯახის საბინაო პირობები და ფინანსური სიდუხჭირე. მ. ჩ-ემ განმეორებით 12.01.2015წ. წერილებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის 14.01.2015წ. და 21.01.2015წ. წერილებით განემარტა, რომ ოჯახის განმეორებითი შეფასების სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობდა, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.01.2015წ. N04/6627 წერილით მ. ჩ-ის 21.01.2015წ. საჩივარი არ იქნა მიღებული განსახილველად. მ. ჩ-ემ ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობისა და სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2017წ. განჩინებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2017წ. გადაწყვეტილება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2017წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 14.01.2015წ. და 21.01.2015წ. წერილები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.01.2015წ. და 30.01.2015წ. წერილები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ჩ-ის 18.12.2014წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 24.05.2018წ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N04/30700, რომლითაც მ. ჩ-ის 18.12.2014წ. ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფიდა.

საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.05.2018წ. N04/30700 გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მითითებების უგულებელყოფით. სადავო გადაწყვეტილება შედგება მხოლოდ ნორმების ციტირებისგან და არ შეიცავს მსჯელობას ძირითად საკითხზე, კერძოდ კონკრეტულ შემთხვევაში მ. ჩ-ის ოჯახისათვის მინიჭებული ქულისა და სტატუსის შეწყვეტის კანონიერებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.11.2017წ. განჩინებით ადმინისტრაციულ ორგანოს მიეცა მითითება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ემსჯელა გაზრდილი სარეიტინგო ქულის მინიჭების კანონიერებასა და სარეიტინგო ქულის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული განჩინების აღსასრულებლად გამოცემულ სადავო აქტში დავის საგნად მითითებულია სარეიტინგო ქულის მოქმედების შეჩერება, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო მსჯელობს სარეიტინგო ქულის მოქმედების შეჩერების საკითხზე, ხოლო გამოკვლევის გარეშეა დარჩენილი მ. ჩ-ის ოჯახის შეფასებისას რამდენად სწორად და სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა გაზრდილი ქულის მინიჭება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში დასმულ შუამდგომლობაზე, რომ მოხდეს 18.12.2014წ. საინფორმაციო წერილის ბუნების გარკვევა და მის ნაცვლად 21.01.2015წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 18.12.2014წ. წერილის შინაარსი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მ. ჩ-ე იმთავითვე არ ეთანხმებოდა სოციალური აგენტის მიერ მისი ოჯახის შეფასებას, ვინაიდან შეფასება ოჯახის სარეიტინგო ქულაზე მოახდენდა გავლენას, ხოლო 21.05.2015წ. საჩივრით მხარემ კონკრეტულად გაზრდილი სარეიტინგო ქულა გაასაჩივრა. კასატორები სადავოდ ხდიან მათი ოჯახის გადამოწმების შედეგებს. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს ამ საკითხის კანონიერების შესწავლის მიზნით სწორედ 18.12.2014წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დაევალა, ხოლო სსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით მიხედვით კასატორები არ ესწრებოდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლეობის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების დრო და ადგილი, ამასთან საქმის მასალებში დაცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.12.2018წ. და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.03.2019წ. სხდომის ოქმები, რომელთა თაობაზეც მხარეებს შენიშვნები სსკ-ის 291-ე მუხლით დადგენილი წესით არ განუცხადებიათ. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი