Facebook Twitter

ბს-1599(კ-18) 12 მარტი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჩ-მა 29.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 21.07.2017წ. N923 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე, N18ა კორპუსის მიმდებარედ არსებულ 400 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე მ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2018წ. გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, რადგან ნაკვეთი არ მდებარეობდა მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის გვერდით, ამასთანავე, არ დასტურდებოდა 2007 წლამდე ნაკვეთზე ნაგებობის არსებობა, რის გამო არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ჩ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთს ფლობს 1993 წლიდან, ტერიტორიაზე დარგული აქვს მწვანე ნარგავები, ახდენს ნაკვეთის მოვლა-პატრონობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ორმა პირმა დაადასტურა 2000 წლამდე ნაკვეთზე ნაგებობის არსებობა. აღნიშნული დგინდება აგრეთვე დანგრეული საძირკვლის ფოტოსურათებით. არაერთი მეზობელი ხელმოწერით ადასტურებს მ. ჩ-ის მიერ ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობას 1993 წლიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონების მეზობლად, ამასთანავე ნაკვეთზე 2007 წლამდე განთავსებული არ ყოფილა ისეთი შენობა-ნაგებობა, რაც აღიარების მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობას შექმნიდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (სსკ-ის 407.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენა, რის გამო საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

კასატორის მითითება მოწმეების ახსნა-განმარტებებზე, რომელთა თანახმად მ. ჩ-ი ნაკვეთს ფლობს 1993 წლიდან, არ ქმნიდა საკუთრების აღიარების საკმარის საფუძველს, რადგან სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 2007 წლამდე მიწის თვითნებურად დაუფლების ფაქტი იმთავითვე არ ადასტურებს მიწის თვითნებურად დაკავებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზნებისათვის. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნეოდა კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლები იყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამდენად, ნაკვეთის ფლობის, თვითნებურად დაკავების ფაქტის გარდა უნდა დადასტურებულიყო ნაკვეთზე ნაგებობის (საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული)) არსებობა ან მომიჯნავედ დაინტერესებული პირის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა. განსახილველ შემთხვევაში არც ერთი აღნიშნული წინაპირობა არ იყო სახეზე, რადგან წარმოდგენილი ფოტოსურათების საფუძველზე, ნაკვეთზე ნაგებობის არსებობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, არ დგინდება მისი დანიშნულება. უკეთუ ნაგებობა იყო არასაცხოვრებელი დანიშნულების, მაშინ, სადავო პერიოდში მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების მიხედვით, ასეთი შენობა იმ შემთხვევაში ქმნიდა საკუთრების აღიარების საფუძველს, თუ დანგრეული არ იყო. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე განთავსებული იყო საცხოვრებელი დანიშნულების შენობა. სწორედ ასეთი შენობის არსებობა, მისი დანგრევის მიუხედავად, შექმნიდა აღიარების საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ არსებობდა მ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.

ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის შემდგომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად განსხვავებულად მოწესრიგდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები, განსხვავებულად ჩამოყალიბდა, გაფართოვდა, საკუთრების აღიარების წინაპირობები. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქცია ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). შესაბამისად, ამჟამად აღიარების საფუძველს ქმნის აგრეთვე კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე არასაცხოვრებელი დანიშნულების დანგრეული შენობის არსებობის ფაქტის დადასტურება. საქმეში წარმოდგენილი არ არის ორთოფოტო, რომელზეც ნაგებობა აშენებული სახით იქნება დაფიქსირებული, ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება ასაღიარებელ ნაკვეთზე ნაგებობის არსებობა, რომელიც მოგვიანებით დაინგრა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი