ბს-396(კ-19) 12 მარტი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. შ-ამ 17.11.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მატერიალური ზიანის - 7651 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2017წ. გადაწყვეტილებით ვ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ შემოსავლების სამსახურს ვ. შ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 7651 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1300 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით არამართლოზმიერად იქნა ცნობილი ვ. შ-ას საგადასახადო სამართალდამღრევად მიჩნევა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა სამართალდარღვევის გამოვლენის ფარგლებში ვ. შ-ასათვის ჩამორთმეული 19,87 მ3 ხის მასალის მოსარჩელისათვის დაბრუნება. ამასთ-ე, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა ჩამორთმევისა და დაბრუნების მომენტში ხის მასალის ღირებულებებს შორის სხვაობა, რაც პალატის მოსაზრებით ქმნიდა აღნიშნული ოდენობით ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ გაითვალისწინა, რომ ზიანი არ დამდგარა სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ თავის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მათ იმოქმედეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით. საქონლის ღირებულების შემცირება გამოწვეულ იქნა ბუნებრივი ამორტიზაციით, არ დგინდება საქონლის შენახვის პირობების დარღვევა ან სხვა რაიმე ბრალეული ქმედება. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს პრეტენზიას ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 29.01.2014წ. ვ. შ-ას მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ზედნადების გარეშე დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირების ფაქტზე, ვ. შ-ა დაჯარიმდა 500 ლარით და ჩამოერთვა საქონელი - 19,87 მ3 დახერხილი ხის მასალა, რომლის ღირებულება იყო - 7948 ლარი, მასალა შესანახად გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოს. აღნიშნული ოქმი სასამართლო წესით გასაჩივრდა ვ. შ-ას მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 05.01.2015წ. გადაწყვეტილებით ვ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.01.2014წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფძველზე ჩამორთმეული 19,87 მ3 დახერხილი ხის მასალის ვ. შ-ასთვის დაბრუნება. ხის მასალის მოსარჩელისათვის დაბრუნებამდე, ვ. შ-ას ინიციატივით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე განთავსებულ ხის მასალას ჩაუტარდა ექსპერტიზა. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.10.2016წ. დასკვნის მიხედვით, ხის დახერხილი მასალა დაზიანებულია, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება მიზანშეუწონელია, მასალის საორიენტაციო ღირებულება შეადეგს 297 ლარს, სხვაობა წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულ დახერხილი ხის მასალის საბაზრო ღირებულებასა და წარდგენილი ხის დახერხილი მასალის საბაზრო ღირებულებას შორის შეადგენს 7651 ლარს. ამდენად, უტყუარად დასტურდება, რომ არამართლზომიერი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ჩამორთმეული ტვირთის ღირებულება მის დაბრუნებამდე შემცირდა 7651 ლარით. ამასთან, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება ღირებულების შემცირების გამომწვევ ფაქტორებს: ბუნებრივ ამორტიზაციას, შესაძლო არასათანადო პირობებში შენახვას და სხვ.. გადამწყვეტია მასალის ჩამორთმევის ფაქტის არამართლზომიერება. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ პირს, რომელმაც ჩაიდინა სამართალდარღვევა ევალება მის მიმართ განხორციელებული სახელმწიფოს იძულების ღონისძიებების თმენისა და დაკისრებული სანქციის ჯეროვნად შესრულების ვალდებულება, თუმცა მსგავსი თმენის ვალდებულება არ ეკისრება პირს, რომელსაც სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. განსახილველ შემთხვევაში სასამარლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ვ. შ-ას საგადასახადო სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ამდენად, არამართლზომიერი იყო აგრეთვე მოცემული სამართალდარღვევის გამოვლენისა და პასუხისმგებლობის დაკისრების ფარგლებში ვ. შ-ასთვის ტვირთის ჩამორთმევა. განხორციელების მომენტში ფორმალურად კანონიერი მოქმედებები, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთ-ე ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ. ამდენად, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერ ქმედებებს მოჰყვა ვ. შ-ას კუთვნილი საქონლის ღირებულების არსებითი შემცირება, რაც აღნიშნული სხვაობის ანაზღაურების საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი