საქმე №ბს-710(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირები: ბ. გ-ე, ქ. ჯ-ი, ნ. ხ-ი, მ. ხ-ი, ა. მ-ი, ხ. ჯ-ა, ვ. ფ-ა, თ. ს-ე, ჯ. ხ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა 2017 წლის 20 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 მარტის ... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 8 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნენ ბ. გ-ე, ქ. ჯ-ი, ნ. ხ-ი, მ. ხ-ი, ა. მ-ი, ხ. ჯ-ა, ვ. ფ-ა, თ. ს-ე და ჯ. ხ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დაადგინა საქმეზე ყველაზე მთავარი - კანონიერად ფლობდა თუ თვითნებურად იყო დაუფლებული ი. წ-ი სადავო მიწის ნაკვეთს 1994 წლამდე. ასევე სასამართლომ არ დაადგინა კანონიერად ფლობდა თუ თვითნებურად იყო დაუფლებული ბ. გ-ე სადავო მიწის ნაკვეთს 1994 წლამდე. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ი. წ-ისა და ბ. გ-ის საკუთრების უფლება აღიარებულად სადავო მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების წესის“ მიხედვით, მაშინ, როდესაც არც ი. წ-ს და არც ბ. გ-ეს განცხადებით არ მიუმართავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი „აღიარების კომისიისთვის“ ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის აღიარების მოთხოვნით და არ გადაუხდიათ „აღიარებისთვის“ დადგენილი სავალდებულო „საფასური“ ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ მაინც მართებულად მიიჩნია საჯარო რეესტრის მიერ ბ. გ-ის სახელზე სადავო მიწის ფართის რეგისტრაციის ფაქტი. კასატორის მოსაზრებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება.
განსახილველი დავის წარმოშობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილების თანახმად, გ. გ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ხვდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკადასტრო კოდებით: ..., ... და ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, რომლებიც წარმოიქმნა ს/კ ... გამიჯვნის შედეგად. განმცხადებელს ამავე გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ ... საკადასტრო კოდზე პირველადი უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა სამკვიდრო მოწმობა (№... - გაფორმების თარიღი: 24/01/2012, ნოტარიუსი ლ. ო-ი), რომლის საფუძველზეც განხორციელდა ბ. გ-ის უფლების რეგისტრაცია მისი მამკვიდრებლის - ი. წ-ის სახელზე ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხულ უძრავ ქონებაზე. მითითებული უძრავი ქონება შემდგომში გამიჯნული და გასხვისებულ იქნა ფიზიკურ პირებზე.
საკასაციო პალატის მოსაზრებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაამახვილეს ყურადღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2010 წლის 28 დეკემბერს გაცემულ ცნობა-დახასიათებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ...ის გზატკეცილი №1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით - 4255კვ.მ, ირიცხება ი. წ-ის სახელზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღრიცხულია 1994 წლამდე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციით, მათ შორის, ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გაცემული საინვენტარიზაციო გეგმით. ამასთან, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა ბ. გ-ის №... სარეგისტრაციო განაცხადით მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი 2012 წლის 24 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული №... სამკვიდრო მოწმობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც, ი. წ-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა ბ. გ-ე (სამკვიდრო ქონება - უძრავ ნივთი, მდებარე: ...ის გზატკეცილი №1, 4255 კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი). სწორედ მითითებული სანოტარო აქტის ძალმოსილების საკითხია მოცემული დავისათვის გადამწყვეტი. საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის №2/3179-17 განჩინებით მოსარჩელე გ. გ-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის გაუქმებას. ამგვარად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 ივნისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №1, 3820 კვ.მ, დარეგისტრირდა ბ. გ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...), კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასევე არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 ივნისის №..., 2014 წლის 15 ნოემბრის №..., 2015 წლის 5 ოქტომბრის №..., 2015 წლის 23 მარტის ..., 2015 წლის 23 მარტის №..., 2015 წლის 23 მარტის №..., 2015 წლის 20 ნოემბრის №..., 2015 წლის 26 ოქტომბრის №..., 2015 წლის 3 ნოემბრის №... და 2015 წლის 8 დეკემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რადგან ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გამიჯვნის შედეგად წარმოიქმნა, ხოლო შემდგომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა ფიზიკურ პირებზე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოხსენებული რეგისტრაციების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი არც ერთი დოკუმენტი კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა, რაც სადავო რეგისტრაციების კანონიერად მიჩნევის საფუძველად მართებულად მიიჩნიეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ის განცხადებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 22-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რადგან არ დასტურდება რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას სააგენტოს მიერ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.
შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე