საქმე №ბს-1340(კ-19) 05 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. თ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირები - ნ. მ-ი, დ. თ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. თ-მა 2018 წლის 28 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის N182 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. მ-ი და დ. თ-ი.
2018 წლის 6 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადეგენლმა დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 07 თებერვლის №182 ბრძანება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ზ. თ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძნების მიზნობრიობა, არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად საქმეზე დასუსაბუთებელი გადაწყვეტილების/განჩინების მიღება მოჰყვა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, 2017 წლის 15 სექტემბერს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ქ. ...ში, ...ის ქ. N12, ბინა N47-ში. მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელე ზ. თ-ი, აგრეთვე, ზ. თ-ის მეუღლის ბებია (ფართის მესაკუთრე) და მეუღლის დედა. ზ. თ-მა მონიტორინგის ჯგუფის წევრებს განუცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 7 თვის განმავლობაში, ქირის გარეშე. მანამდე, 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა გასხვისებულ ბინაში (ქ. ...ში, ...ის N12, ბინა N56), ხოლო თავდაპირველად, ...ში, ...ა N...-ის კოტეჯში. კასატორი აღნიშნავს, რომ ზ. თ-ს საკუთრებაში ჰქონდა ქ. ...ში, ....ის N12-ში მდებარე N56 ბინა, რომელიც 2016 წლის 28 ნოემბერს გაასხვისა. კასატორის განმარტებით, დამატებითი მოკვლევის მიზნით, მონიტორინგის ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ ქ. ...ში, ...ის ქუჩა N12-ში მდებარე N56 ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო. ჯგუფის წარმომადგენელი გაესაუბრა მეზობელს, რომელმაც განაცხადა, რომ ზ. თ-ი რეალურად ცხოვრობს ბინა N56-ში. მეზობელმა სახელი და გვარი არ დაასახელა და ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ვიზიტისას ასევე გამოირკვა, რომ ბინა N56-ის ამჟამინდელ მესაკუთრეს მეზობლები არ იცნობენ. კასატორი უთითებს "დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესზე" და აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულის. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალით დასტურდება, რომ განმცხადებლის მიერ შევსებული აპლიკაცია შეფასდა ქულებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, შესწავლილ იქნა ზ. თ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, განხორციელდა ადგილზე მონიტორინგი, რაც კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა, აუცილებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო (სიდედრის ბინაში, მასთან ერთად ცხოვრების გამო).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო აქტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ არ არსებობს ზ. თ-ის ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამდასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
საკასციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის შესაბამისად, დევნილ ოჯახს, რომელიც შეფასების შედეგად მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ შეფასების შედეგად, ზ. თ-ის ოჯახს მიჭებული ჰქონდა 3 ქულა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 21 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის, 2018 წლის 25 ივნისისა და 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებებით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1 და მეტი ქულა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ქულათა პრიორიტეტულობის პრინციპი გათვალისწინებული არ ყოფილა.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტის მიღების დროისათვის ზ. თ-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ ყოფილა. მონიტორინგის მასალები ადასტურებს, რომ იგი რეალურად ცხოვრობს მეუღლის ბებიის ბინაში სიდედრთან ერთად. დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსარჩელის ალტერნატიულ მისამართზე ცხოვრებისა და 2016 წელს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე