ბს-983 (კ-19) 12 მარტი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-მა 04.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.07.2016წ. N... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.03.2017წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.04.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. ..., ..., ს/კ N...) ცვლილების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2017წ. განჩინებით მოსარჩელე მ. კ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ. ნ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.02.2018წ. გადაწყვეტილებით რ. ნ-ის (მ. კ-ის უფლებამონაცვლის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.04.2017წ. N... გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.03.2017წ. N... გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.07.2016წ. N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. კ-ის (უფლებამონაცვლე რ. ნ-ე) მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის სრულყოფილი გამოკვლევისა და მხარეთა ჩართულობის პირობებში, რეესტრში დაცული რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტარციული წარმოება და უნდა განსაზღვროს უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან დაზუსტებული რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად განხორციელდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უძრავ ნივთთან მიმართებაში ადგილმდებარეობის დადგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება. წარმოების დროს დადგინდა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ადგილს არ შეესაბამებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული უძრავი ნივთი, კერძოდ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სააგენტოში დაცულ მონაცემებს. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. N153 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის" 11.10 მუხლი, რომლის თანახმადაც თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დასტურდება მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა კანონით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობით. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა ექსპერტიზის საშუალებითაც ვერ დადგინდა. სასამართლომ მიუთითა ნაძალადევის რაიონის გამგეობის წერილზე და აღნიშნა, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა განცხადების უარყოფის ფაქტობრივ საფუძველთან, რასთან დაკავშირებითაც კასატორი აღნიშნავს, რომ წერილში გაკეთებული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა არ არის სადავო ადასტურებს მხოლოდ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის მის ფაქტობრივ მდებარეობასთან იდენტურობას. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მ. კ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის ადგილას რეგისტრირებულია გ. და ე. წ-ის თანასაკუთრება. ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ ამ პირობებში უკანონოა ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის დავალება. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყველა ფაქტობრივი გარემოების შეფასებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და არ არსებობდა სასამართლოს მიერ დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროება. სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტების კანონიერება სასამართლოს თავად უნდა დაედგინა. მარეგისტრირებელი ორგანო სადავო აქტების გამოცემისას მოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით მ. კ-ი 2007 წლის 19 თებერვლიდან რეგისტრირებულია ქ. ..., ...ში მდებარე 1000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 1996 წელს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც მიწის რეფორმის კომისიის გადაწყვეტილებით მ. კ-ს გადაეცა 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი ...ში. მ. კ-მა ნაკვეთის დაზუსტების მოთხოვნით 12.07.2016წ. განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს. იმ მიზეზით, რომ ვერ დგინდებოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი ნაკვეთის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობა, მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს მოეთხოვა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, მათ შორის მომიჯნავე მეზობლების თანხმობის წარმოდგენა, ამავდროულად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიწის ნაკვეთების იდენტურობის დასადასტურებლად განცხადებით მიმართა თვითმმართველ ერთეულს. ნაძალადევის რაიონის გამგეობის 24.02.2017წ. წერილით სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ გამგეობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა ადგილზე წარმოების ჩატარებას, რადგან სადავო არ იყო ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. სარეგისტრაციო სამსახურმა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო 06.07.2017წ. მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებული პირის განცხადების განხილვისას სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს მ. კ-ის განცხადებაზე არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, არ მომხდარა სადავო ქონების ადგილზე დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, ხოლო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა განმცხადებელს დაევალა, მაშინ როდესაც სარეგისტრაციო სამსახურს თავად შეეძლო სათანადო დოკუმენტაციის მოძიება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმის განხილვისას არ იქნა გამოყენებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. N153 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის" 11.10 მუხლი, რომლის თანახმადაც თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დასტურდება მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა კანონით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მომიჯნავე მესაკუთრეების თანხმობა მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დამადასტურებელ ერთ-ერთ და არა ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენდა. ამასთანავე, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი ძალადაკარგულია, ხოლო ამჟამად მოქმედი "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონი სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დასადგენად მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების თანხმობაზე აღარ მიუთითებს. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ზემოაღნიშნული კანონი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ნაკვეთის საკადასტრო აზმოვითი ნახაზით წარდგენილ ნაკვეთთან იდენტურობის დადასტურების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ნაძალადევის რაიონის გამგეობის 24.02.2017წ. წერილზე, რომლის შინაარსი ბუნდოვანია. იგი ერთის მხრივ ადასტურებს, რომ ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა სადავო არ არის, ხოლო მეორეს მხრივ ადგილზე წარმოების ჩატარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე საქმის დამატებითი გამოკვლევის საჭიროებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ცლილების გასახორციელებლად საჭირო იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობა, რაც საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას განეკუთვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.08.2019წ. N25391 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი