გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 143-დად 25 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
მ. გოგელია
განიხილა სს “---ს” მეანაბრეთა ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საგამოძიებო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის გამომძიებლის 2003წ. 24 აგვისტოს დადგენილება ა. ქ-სა და გ. ქ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
2003წ. 24 მაისს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგამოძიებო სამსახურში აღიძრა სს საქმე საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის IIAA ნაწილის “ე” პუნქტითა და III ნაწილით, რასაც საფუძვლად დაედო სს “---ს” მეანაბრეთა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, 2003წ. 24 მაისს, 11 საათსა და 30 წუთზე, 40 _ კაციანი ჯგუფი ა. და გ. ქ-ებმა დაარბიეს თავიანთი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში. ამის თაობაზე შსს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სამმართველოს განცხადებებით მიმართეს მოქალაქეებმა _ ნ. გ-მა, მ. ქ-ემ, ჯ. ლ-ემ, ც. კ-ემ, ს. და ლ. ხ-ებმა, ი. თ-მა, დ. ჩ-მა, ი. ნ-ემ, ნ. კ-ამ, ქ. მ-მა, ლ. ბ-მა. წინასწარი გამოძიების პროცესში ამ პირებმა აღნიშნეს, რომ ისინი მეანაბრეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობით მივიდნენ “---ს” ყოფილი ხელმძღვანელის _ ა. ქ-ის საცხოვრებელი ბინის მისამართზე ქ. თბილისში, ---, რათა მას შეხვედროდნენ მოსალაპარაკებლად. ნაცვლად ამისა, ისინი დაარბიეს და გამოაძევეს ა. და გ. ქ-ებმა, რასაც ერთვოდა ხულიგნური ქმედება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
აღნიშნულ სს საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა დაკითხა მეანაბრეები, რომლებმაც აჩვენეს, რომ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ძმებმა _ ა. და გ. ქ-ებმა, განსაკუთრებით აქტიურობდა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გ. ქ-ლი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე მეანაბრეს, ხოლო მოქალაქე ა. ა-ეს შუბლზე დაადო პისტოლეტი. მოგვიანებით გ. ქ-მა სახლის ფანჯრიდან გაისროლა ეზოში შეკრებილი მეანაბრეების მიმართულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2003წ. 27 მაისს ა. ქ-ლს წარედგინა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ე” პუნქტითა და III ნაწილით. მოგვიანებით ეჭვმიტანილად ცნობილ იქნა გ. ქ-იც. ორივემ კატეგორიულად უარყო მათზე შერაცხული ქმედება. ისინი მიუთითებდნენ საკუთარ უდანაშაულობაზე.
წინასწარი გამოძიების დროს მოწმის სახით დაიკითხნენ აგრეთვე ქ-ების მეზობლები: რ. ს-ძე, ო. ი-ძე, გ. ი-ძე, ლ. ა-ლი, ზ. ბ-ნი, ლ. კ-ია, ხ. გ-ნი, თ. გ-ნი, ნ. გ-ძე, ბ. ბ-ლი, კ. ა-ლი, თ. ხ-ვა, ე. ქ-ძე და ს. მ-ანი. აღნიშნულმა მოქალაქეებმა დიამეტრალურად საწინააღმდეგო სურათი დახატეს. მათი განცხადებით, სს “---ს” მეანაბრეები სისტემატურად იკრიბებიან მათი საცხოვრებელი სახლის წინ, უხეშად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, კეტავენ მოძრაობას. განსაკუთრებული აგრესიულობით ისინი იქცეოდნენ 2003წ. 24 მაისს, როდესაც დაამტვრიეს ქადაგიშვილების ბინის წინა კარი, დალეწეს სადარბაზოში ჭურჭელი.
ანალოგიური ხასიათის ჩვენებები მისცეს ბრალდებულმა ა. ქ-მა და მოწმის სახით დაკითხულმა ნ. ქ-მა, ხოლო გ. ქ-მა საერთოდ უარყო თავისი ყოფნა სახლში 2003წ. 24 მაისს. მისი ჩვენების მიხედვით, ის დილის 9 საათზე გავიდა სახლიდან მეგობართან ერთად. ისინი აპირებდნენ გ. ქ-ის საცოლესთან დუშეთში წასვლას, მაგრამ ამ დროს გ. ქ-ლი გახდა ცუდად. მეგობარმა ის სასწრაფოდ წაიყვანა ყ-ის სახელობის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი მოათავსეს საავადმყოფოს რეანიმაციის-კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში და დაესვა დიაგნოზი _ ბრონქოპნევმონია. 20 საათსა და 30 წუთზე ის გაეწერა საავადმყოფოდან და სახლში დაბრუნების ნაცვლად წავიდა დუშეთში. ამრიგად, მისი სახლში ყოფნა და კონფლიქტში მონაწილეობა გამორიცხული იყო. საავადმყოფოში მისი ყოფნის დასადასტურებლად გ. ქ-მა წარმოადგინა ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან.
აღნიშნული მასალების საფუძველზე გამომძიებელმა მიიჩნია, რომ ძმებ ქ-ებს არავითარი ხულიგნური ქმედება არ ჩაუდენიათ და გამოიტანა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.
გამომძიებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა სააქციო საზოგადოება “---ს” მეანაბრეთა ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. ნ-ია და მან საჩივრით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ საჩივარი განიხილა 2004წ. 24 თებერვალს და თავისი განჩინებით (უნდა იყოს დადგენილება) არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი ზ. ნ-ია ითხოვს სასამართლოსა და გამოძიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გაუქმებას და წინასწარი გამოძიების განსაახლებლად საქმის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგამოძიებო სამსახურისათვის გადაცემას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. ნ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიება არასრულყოფილია, ყველა გარემოება არ გამორკვეულა, ასევე არ აღმოფხვრილა ყველა წინააღმდეგობა. ადვოკატმა იშუამდგომლა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა ნ. ბ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან კანონიერად მიიჩნია სასამართლოსა და გამოძიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და იშუამდგომლა სასამართლო განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია ზერელედ, არასრულყოფილად, არ გამორკვეულა საქმის ყველა გარემოება, რასაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ არ აღმოფხვრილა არსებული წინააღმდეგობანი; არ ჩატარებულა ყველა საჭირო შემთხვევაში დაპირისპირება, რასაც მნიშვნელობა აქვს წამოჭრილ ვერსიათა სრულყოფილად შემოწმებისა და შეფასებისათვის. კერძოდ, ერთი მხრივ, სააქციო საზოგადოება “---ს” მეანაბრეები კატეგორიულად მიუთითებენ ა. და გ. ქ-ების მხრიდან ხულიგნობის ჩადენისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარის ფაქტს, მეორე მხრივ კი თვით ა. და გ. ქ-ები უარყოფენ ხულიგნობის ჩადენასა და იარაღით მუქარას; მათ სასარგებლო ჩვენებებს იძლევიან ასევე ქ-ის მეზობლები. პალატა თვლის, რომ მომხდარი ფაქტის სრულყოფილი გამოკვლევისათვის უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა წრე, დეტალურად მოხდეს მათი დაკითხვა, წინააღმდეგობათა არსებობისას უნდა ჩატარდეს დაპირისპირება და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თვით გ. ქ-ლი საერთოდ უარყოფს შემთხვევის ადგილზე ყოფნას და მიუთითებს, რომ იმ პერიოდში იგი მკურნალობდა ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. პალატა თვლის, რომ ეს საკითხიც დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული, უნდა დაიკითხონ მკურნალი ექიმი, სხვა მედპერსონალი და ამის შემდეგ იქნეს მიღებული იქნეს გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების შესამოწმებლად უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, რის გამოც სასამართლოსა და გამოძიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს და საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეცეს პროკურატურას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის 2003წ. 24 აგვისტოს დადგენილება ა. და გ. ქ-ების მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეცეს იმავე რაიონულ პროკურატურას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.