გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 144-დად 5 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა ბრალდებულ ლ. კ-ს დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ის საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 აპრილის ბრძანებაზე, რომლითაც ბრალდებულ ლ. კ-ეს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბრალდებულ ლ. კ-ეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 აპრილის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება 3 თვის ვადით.
საბრალდებო დოკუმენტების მიხედვით, ლ. კ-ეს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში: იგი მუშაობდა რა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად, საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არაერთგზის ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. მასვე ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სახელდობრ: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის დებულების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, კანონიერი საფუძვლის გარეშე, არაერთხელ დააკმაყოფილა შპს “---ის" ხელმძღვანელობის მოთხოვნა და მიღება-ჩაბარების აქტებით, უსასყიდლოდ და ფაქტობრივად უვადოდ, გადასცა სამსახურის ბალანსზე არსებული, თითქოს ექსპლუატაციისათვის უვარგისი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, შაშხანები, ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები, სპეცპისტოლეტები, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, დანები და სხვა სახის აღჭურვილობა. ამოძრავდებდა რა პირადი მოტივი, შპს “---ის" ხელმძღვანელობასთან ახლო ნაცნობობა, ამ კერძო სტრუქტურისათვის დიდი რაოდენობით იარაღის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით დაამტკიცა ყალბი დოკუმენტი _ ტექნიკური დათვალიერების აქტი იმის შესახებ, რომ თითქოს ზემოაღნიშნული აღჭურვილობა და იარაღები იყო ტექნიკურად გაუმართავი. ქონების არასახელმწიფო სამეწარმეო სუბიექტისათვის უპირობო გადაცემამ გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. ამის შემდეგ, გადაამეტა რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, გასცა განკარგულება შპს “---სთვის" გადაცემული იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურების შესახებ და დაამტკიცა მისი სიტყვიერი განკარგულებით უკანონოდ შექმნილი, არაუფლებამოსილი კომისიის მიერ შედგენილი ყალბი დოკუმენტი _ “აქტი ცეცხლსასროლი იარაღის უვარგისიანობისა და განადგურების შესახებ”.
ადვოკატ ვ. თ-ის საჩივარი ითხოვს ლ. კ-ის დაპატიმრების შესახებ სასამართლო კოლეგიის მიერ გაცემული ბრძანების გაუქმებას და ბრალდებულის პატიმრობიდან განთავისუფლებას. აღნიშნულ მოთხოვნას ადვოკატი ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:
1. ანტიტერორისტული ცენტრი, რომლის ხელმძღვანელადაც ლ. კ-ძე მუშაობდა, ემორჩილებოდა უშიშროების სამინისტროს და ცალკე შეიარაღების სამსახური არ გააჩნდა. გამომდინარე აქედან, ლ. კ-ეს იარაღთან და საბრძოლო მასალასთან მიმართებაში, პრაქტიკულად, რაიმე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო;
2. გამოძიების მიერ ლ. კ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქმეზე შეკრებილი მასალებით არ დასტურდება. უვარგის, ჩამოწერილ და სათანადო აქტით განადგურებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალებს სასაქონლო ფასი არ ჰქონდა. დაფიქსირებული არ არის მათი საბალანსო ღირებულება და უვარგისი იყო მიზნობრივი გამოყენებისათვის;
3. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა ლ. კ-ის პიროვნული მონაცემები: რომ იგი ხასიათდება დადებითად, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ღვაწლი მიუძღვის ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, არასდროს დამალვია გამოძიებას და ყოველთვის ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოებში პირველივე გამოძახებისთანავე;
4. საეჭვოა, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს იყო თუ არა დაცული სასამართლო განსჯადობის წესი. მართალია, ლ. კ-ეს მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, მაგრამ მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის დროს ის აღარ მუშაობდა არც უშიშროების სამსახურში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში;
5. ლ. კ-ის დაკავების დროს დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის ნორმები. მას წინასწარ არ ჩაბარებია პროკურატურაში გამოცხადების თაობაზე შესაბამისი უწყება და ამის გარეშე ოპერატიულმა მუშაკებმა ის დააკავეს ავტომანქანით მოძრაობის დროს.
ბრალდებულმა ლ. კ-ემ უარი განაცხადა პალატის მიერ საჩივრის განხილვაში მონაწილეობაზე.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ვ. თ-ემ ითხოვა წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილება, თუმცა ხაზგასმით მიუთითა იმის თაობაზე, რომ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია მტკიცებულებათა უკანონოდ მოპოვების თაობაზე.
პროკურორმა გ. ყ-მა მხარი არ დაუჭირა ადვოკატ ვ. თ-ს მოთხოვნას და ითხოვა ლ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების უცვლელად დატოვება დანაშაულის სიმძიმისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია, ის მიიმალოს და ხელი შეუშალოს გამოძიების ობიექტურად ჩატარებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ გამომძიებლის შუამდგომლობა ბრალდებულ ლ. კ-ის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდების შესახებ განიხილა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის ან გაუქმების დასაბუთებული არგუმენტაცია ადვოკატის საჩივარში მითითებული არ არის.
საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეზე შეკრებილი მასალებით არ დასტურდება ლ. კ-ის ბრალეულობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, ამჟამად პალატის განსჯის საგანი არ არის. საქართველოს სსსკ-ის 140-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის განხილვის დროს მოსამართლე (სასამართლო) არ მსჯელობს პირის ბრალეულობის თაობაზე და არკვევს მხოლოდ იმას, დაცული იყო თუ არა კანონით დადგენილი მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს.
პალატის მიერ განსახილველი საჩივრის პირველი ორი არგუმენტი ეხება სწორედ იმას, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს თუ არა ლ. კ-ის ბრალეულობა მასზე შერაცხულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში. მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების კანონიერების თაობაზე საჩივრის ავტორს რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
პალატა თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა საჩივრის მოსაზრება სასამართლო განსჯადობის წესის დარღვევის თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც საჩივარი ხდის სადავოდ, რომ ლ. კ-ეს მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის წოდება, რაც უმაღლეს ოფიცერთა კატეგორიას განეკუთვნება და ეს წოდება შემდეგ მას კანონით გათვალისწინებული წესით არ ჩამორთმევია. მას ბრალი ედება იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში, როცა იგი ამ წოდებით უშიშროების სამინისტროს სისტემაში ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად მუშაობდა და ეს ქმედებები დაკავშირებული იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. აღნიშნულის გამო, საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული განმარტების შესაბამისად, ლ. კ-ის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განსჯადობის წესის დაცვით განიხილა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ.
ბრალდების წარსადგენად ლ. კ-ის პროკურატურაში წარდგენა გამოძიების უწყების წინასწარი ჩაბარების შემდეგ მოხდა თუ ამის გარეშე, აღმკვეთი ღონისძიების შერჩევისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არ არის.
საქმის მასალების მიხედვით, ლ. კ-ეს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ამდენად, ის გარემოება, რომ ლ. კ-ეს ადრე მთავრობის ჯილდოები აქვს მიღებული, პალატას ამ ეტაპზე მისთვის პატიმრობის სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის საფუძვლად არ მიაჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ ლ. კ-ის დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 აპრილის ბრძანება ბრალდებულ ლ. კ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.