გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 158-აპ 18 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),
ნ. გაბრიჩიძე,
დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენში ლ. ჩ-ის მიმართ, კერძოდ, ლ. ჩ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ლ. ჩ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს _ კუსტარული წესით დამზადებულ, ტექნიკურად გამართულ, 09 მმ კალიბრის პისტოლეტს და სამ ერთეულ _ 9,2 მმ კალიბრის ვაზნას; ასევე, პირადი მოხმარების მიზნით, შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---”. 2002წ. 7 აგვისტოს პოლიციის მუშაკებმა ქ. ფოთში, ---ისა და ---ის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე, პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი სამ ვაზნასთან ერთად და ნარკოტიკული საშუალება “---” 0,024 გრამის ოდენობით.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენით ლ. ჩ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით, 6 წლით გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის მიმართ განსაზღვრულ სასჯელს არ დაეთანხმა პროკურორი და მან განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო წესით. განაჩენი ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივრის მოთხოვნა და მსჯავრდებულ ლ. ჩ-ეს შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარს, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ლ. ჩხიტუნიძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ჩ-ია ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ჩხრეკის დროს უხეშად დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნები, იგი ეჭვმიტანელად ასევე ცნობილ იქნა საპროცესო ნორმების დარღვევით. სასამართლომ, ყოვლად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, მიუთითა თ. ჭ-ას ჩვენებაზე, მაშინ, როდესაც თვითონ თ. ჭ-მაც აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე იგი არ ყოფილა დაკითხული. ასევე სასამართლომ ყოვლად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოწმე თ. ჭ-ას ჩვენება. მან სასამართლოს დასაბუთებულად უჩვენა, რომ როდესაც ჩხრეკაზე დასასწრებად მიიყვანეს, ლ. ჩ-ძე უკვე დაკავებული იყო და ავტომანქანაზე ეყარა იარაღი და სხვა საგნები, პირადად მას არ დაუნახავს ჩხიტუნიძისგან ზემოაღნიშნული ნივთების ამოღების ფაქტი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ლ. ჩ-ის დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში უხეშად დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნა, რადგან ჩხრეკას არ ესწრებოდა ორი დამსწრე, ასევე საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით იქნა ლ. ჩ-ძე ეჭვმიტანილად ცნობილი. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ლ. ჩ-ძე კატეგორიულად უარყოფდა ნარკოტიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის ქონას და მისგან ამოღებას. ყოვლად გაურკვეველია, საიდან იცოდა ქ. ზუგდიდში მყოფმა პოლიციის მუშაკმა დ. ჟ-ამ, რომ ქ. ფოთში მყოფი ლ. ჩ-ძე ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და ნარკოტიკებს; თუკი ეს მისთვის ცნობილი იყო, რატომ არ აიღო ბრძანება მოსამართლისაგან ჩხრეკის ჩატარების შესახებ და რატომ იყო გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული მისი ჩხრეკა.
ადვოკატმა მ. ჩ-მა იშუამდგომლა ლ. ჩხიტუნიძის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმების შესახებ, სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან იშუამდგომლა განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ლ. ჩხიტუნიძეს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია მისი პირადი ჩხრეკის ოქმით, საიდანაც ირკვევა, რომ ლ. ჩ-ეს პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა და მისგან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი სამი ვაზნით და 0,025 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”. ჩატარებული ჩხრეკის ოქმის რეალობა დადგენილია საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ბ. კ-ას ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ესწრებოდა პოლიციის მუშაკის მიერ ლ. ჩ-ს პირად ჩხრეკას, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება “---”, რაც ადგილზევე დაილუქა. წინასწარი გამოძიების სტადიაზე ანალოგიური ჩვენება ჰქონდა მიცემული ჩხრეკაში მონაწილე მეორე დამსწრეს _ თ. ჭ-საც, რომელმაც შემდგომ საქმის სასამართლო განხილვისას გარკვეულწილად შეცვალა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მაგრამ აღნიშნული გარემოება სათანადოდ შეაფასა სასამართლომ და სავსებით კანონიერად გაიზიარა მის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება. ამასთან, ფოთის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც პროკურორს გაეგზავნა.
პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილად ცნობის დადგენილება არ იქნა კანონით დადგენილ ვადაში გამოტანილი, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება განაჩენის გაუქმების საფუძველი გახდეს. ეს გარემოება გათვალისწინებულ იქნა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას და მისი მხედველობაში მიღებით ლ. ჩ-ეს არ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება, იგი გადაცემულ იქნა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. შემდგომში ლ. ჩ-ეს წარედგინა ბრალდება და დაკითხულ იქნა ბრალდების ირგვლივ. პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული ხარვეზები და შეცდომები არ წარმოადგენს საპროცესო კანონის არსებით დარღვევას და ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული.
ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ლ. ჩ-ეს განაჩენით შეფარდებული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობით შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას; მისგან ამოღებული ნივთიერება მთლიანობაში შეადგენს გრამის მეორმოცე ნაწილს, რაც მიახლოებულია მცირე ოდენობასთან; თვით მსჯავრდებული ლ. ჩ-ძე ხასიათდება დადებითად; წელიწადისა და ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ და ამ ხნის განმავლობაში რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში არ ყოფილა შემჩნეული; მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია (პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მისი ნასამართლობა არ მიიჩნიეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად).
ზემოაღნიშნულ გარემოებათა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად თვლის, რომ მსჯავრდებულ ლ. ჩ-ეს განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 თებერვლის განაჩენი ლ. ჩ-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, თანახმად სსკ-ის 63-64-ე მუხლებისა. ლ. ჩ-ეს დაეკისროს მოვალეობა, რომ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ყოფაქცევაზე კონტროლის გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.