გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 162-აპ 18 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
ნ. გაბრიჩიძე
განიხილა თბილისის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 მარტის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 სექტემბრის განაჩენი კ. მ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 სექტემბრის განაჩენით კ. მ-ნს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ,,გ’’ ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 მარტის განაჩენით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე კ. მ-ნს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა პირობითი მსჯავრით – 3 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
განაჩენით კ. მ-ნს მსჯავრი დაედო ბინაში უკანონო შეღწევით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რომელიც ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:
2003 წლის 15 მაისს კ. მ-მა უკანონოდ შეაღწია თბილისში მცხოვრებ ი. პ-ნის ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა ნ. მ-ას ნივთები, რითაც დაზარალებულს მიაყენა 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. ა-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ შეუცვალა მსჯავრდებულ კ. მ-ნს სასჯელი პირობითი მსჯავრით, არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
კ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ა-ემ საკასაციო საჩივრის მოტივი განაჩენის გაუქმების შესახებ მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატის სხდომაზე პირობით მსჯავრდებულმა კ. მ-მა მოინანია დანაშაული. მან აღნიშნა, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი დედა, არასრულწლოვანი ძმა, დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი და, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ კ. მ-ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული მისი აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულისა და მოწმეების განმარტებებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით განაჩენის გაუქმების შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ კ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ,,გ’’ ქვეპუნქტებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება და მისი პირობითი მსჯავრით შეცვლა, 3 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეტისმეტად მსუბუქად და აშკარა უსამართლოდ. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ისე სააპელაციო და საკასაციო პალატის სხდომებზე მოინანია დანაშაული, მას კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი დედა და არასრულწლოვანი ძმა. წინასწარი გამოძიების დროს იგი იმყოფებოდა პატიმრობაში და შეფარდებული სასჯელიდან ფაქტობრივად მოხდილი აქვს 11 თვე და 25 დღე.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 მარტის განაჩენი კ. მ-ს მიმართ კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 მარტის განაჩენი კ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება