#ბს-729(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 13 მაისს შპს „...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ პაციენტების: ა. ა-ის (პ/ნ ...), ტ. მ-ის (პ/ნ ...), მ. ღ-ის (პ/ნ ...) შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 14 იანვრის #04/2702 გადაწყვეტილებისა და შპს „...ოს“ 2016 წლის 2 თებერვლის #187/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 18 აპრილის #04/31098 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, პაციენტების - ა. ა-ის, ტ. მ-ისა და მ. ღ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებები უსაფუძვლოა, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს სამედიცინო დაწესებულების კანონიერ უფლებას, მიიღოს ანაზღაურება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით განსაზღვრული წესით. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და განხილული შემთხვევები დაექვემდებაროს ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ პაციენტების - ა. ა-ის (პ/ნ ...), ტ. მ-ის (პ/ნ ...), მარიამი ღვინიაშვილის (პ/ნ ...) შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 14 იანვრის #04/2702 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ოს“ 2016 წლის 2 თებერვლის #187/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 18 აპრილის #04/31098 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე „...ოს“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს „ს...ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ა. ა-ის შემთხვევასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვითაც, შპს „...ში“ პაციენტი ა. ა-ი შევიდა დიაგნოზით - უცხო სხეულის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაუზუსტებელ ნაწილში, აბდომინური და ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტში მოთავსების მიზნით. პაციენტი საჭიროებდა უცხო სხეულის ამოღებას ენდოსკოპიური მეთოდით, რაც ვერ განხორციელდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის შესაბამისად, უცხო სხეული გადასული იყო კუჭიდან, ხოლო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან პაციენტი საჭიროებდა 24 სთ-ზე მეტი დროით დაყოვნებას. ამასთანავე, პაციენტის #15009 სტაციონარული სამედიცინო ბარათით დადასტურებულია, რომ პაციენტი სტაციონარში იმყოფებოდა 2015 წლის 25 ივლისის 14:20 საათიდან, 2015 წლის 26 ივლისის 14:30 საათამდე. პაციენტ მ. ღ-ის შემთხვევასთან მიმართებით, პალატამ აღნიშნა, რომ იგი კლინიკაში შევიდა დიაგნოზით - პოლიართრიტი, დაუზუსტებელი, რევმატოლოგიურ ცენტრში მოთავსების მიზნით. პალატამ მიუთითა საქართველოს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის მიერ გაცემულ ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ პაციენტ მ. ღ-ის ანამნეზი, სტაციონარში მოთავსების მომენტში არსებული მდგომარეობა, შეშუპება, ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა სახსრების არეში, გადაადგილების შეზღუდვა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მონაცემები, დაავადების მაღალი აქტივობა მიუთითებდა პაციენტის სტაციონარში მოთავსების აუცილებლობაზე, თანამედროვე გაიდლაინების გათვალისწინებით, პაციენტთან გამოყენებულ იქნა დაავადების მოდიფიცირების უნარის მქონე პრეპარატი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას (პრეპარატის მრავლობითი გვერდითი მოვლენების და გართულების გათვალისწინებით). ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ ორივე შემთხვევაში სახეზეა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
რაც შეეხება ტ. მ-ის შემთხვევას, პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, თავდაპირველად საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას არსებობდა ხარვეზი, მაგრამ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლების ფარგლებში, მოხდა მისი გამოსწორება. შედეგად, არსებული ვითარებით, შეუსაბამობა არ არსებობს, რის გამოც, აღნიშნულ ნაწილში ასევე არ დასტურდება შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ა. ა-ის შემთხვევასთან მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უცხო სხეულის არსებობა წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდება, შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ტ. მ-ის შემთხვევასთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24-საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას. აღნიშნული შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ვინაიდან ანგარიშებისას წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ძირითადი დიაგნოზი არის 53.1 ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი, ცალმხრივი, რაც არ შეესაბამება ელექტრონულად წარდგენილ ინფორმაციას. მ. ღ-ის შემთხვევასთან მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების „გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით“ ჩატარება არ დასტურდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ა. ა-ის, ტ. მ-ისა და მ. ღ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 14 იანვრის #04/2702 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 აპრილის #04/31098 გადაწყვეტილება.
ა. ა-ისა და მ. ღ-ის შემთხვევებთან მიმართებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ აღნიშნა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღწერილი პირობების მიხედვით, მოცემული შემთხვევები არ ანაზღაურდებოდა, ვინაიდან პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა ა. ა-ის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უცხო სხეულის არსებობა და მ. ღ-ის მომსახურების „გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით“ ჩატარება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება ჩატარებული მკურნალობის შესაბამისობა და საჭიროება, ხოლო სააგენტოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა კლინიკის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის გამომრიცხავი ფაქტები. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით ადმინისტრაციული ორგანოს უარი სადავო შემთხვევების ანაზღაურებაზე.
რაც შეეხება ტ. მ-ის შემთხვევას, სააგენტომ მიიჩნია, რომ პროგრამის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აღწერილი პირობების მიხედვით, პაციენტის შემთხვევა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, ვინაიდან წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დიაგნოზი არ შეესაბამებოდა ელექტრონულად წარდგენილ ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა განმარტებებზე, რომლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას არსებობდა ხარვეზი, რომლის გამოვლენისთანავე, ის 2 სამუშაო დღის ვადაში იქნა გასწორებული და განმახორციელებელს წარედგინა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ამდენად, მართალია, თავდაპირველად არსებობდა ხარვეზი, მაგრამ მოხდა მისი გამოსწორება, თანახმად „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა, რომელიც ადგენს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად. შედეგად, არსებული ვითარებით, აღარ არსებობს შეუსაბამობა, რის გამოც ასევე არ დასტურდება შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევას, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი თანხის ანაზღაურებაზე არ შეესაბამება ამავე დადგენილების მე-15 მუხლით დადგენილ პირობებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 26.07.2019წ. #24830 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.07.2019წ. #24830 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი