#ბს-1008(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 12 იანვარს ლ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის #1/37 გადაწყვეტილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 10 დეკემბრის #2761627 წერილის ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ლ. გ-ისთვის მისი მეუღლის ნ. შ-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების სახით 100 000 ლარის გადახდის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 221 მუხლის 1-3 პუნქტების საფუძველზე, ლ. გ-ისთვის კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საკითხის განხილვის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ლ. გ-ის მეუღლე წლების განმავლობაში მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, გარდაცვალების მომენტში კი, მუშაობდა ...ს შინაგან საქმეთა განყოფილების ...ად 2004 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე ნ. შ-ე მოძრაობდა რა სამსახურებრივი ავტომობილით, თოვლიან და მოყინულ საგზაო პირობებში გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ფერდობზე, რის შედეგადაც მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები და გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზის დასადგენად ჩატარებულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რითაც დადგინდა, რომ მრავლობითი ძვლოვანი მოტეხილობები გამოწვეული იყო ავტოავარიის შედეგად. შსს გენერალური ინსპექციის მიერ გამოკვლეულ იქნა გარდაცვალების ფაქტზე არსებული დოკუმენტაცია, ნივთმტკიცებები და 2005 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის ძალითაც ნ. შ-ის გარდაცვალება ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის შესახებ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განსახილველი შემთხვევა არ ექცევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, ნ. შ-ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მაგრამ სახეზე არ არის ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების დროს გარდაცვალება, რაც არ წარმოადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ, თანმხლებ პირთან ერთად, ხე-ტყის სახერხი კუსტარული ქარხნების შემოწმების პერიოდში, განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: გამოკითხა სახერხი ქარხნების მფლობელები და თანმხლები პირები, გააფრთხილა ისინი, რათა მომავალში არ მოეხდინათ უნებართვოდ მოპოვებული ხე-ტყის დამუშავება-დახერხვა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებით დგინდება ის ფაქტი, რომ ნ. შ-ემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განახორციელა კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები, რათა აღეკვეთა სამართალდარღვევა და დანაშაული. შემდეგ კი, იგი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად, რის გამოც, მის მიერ განხორციელებული ქმედებები და დამდგარი შედეგი წარმოადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50.11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.
კასატორის მითითებით, გარდაცვლილი ნ. შ-ის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების გატარება დაკავშირებული იყო სიცოცხლისათვის მომეტებულ საფრთხესთან. მისი ავტომანქანით გადაადგილების მიზანს წარმოადგენდა პრევენციული ღონისძიებების გატარება. მის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები და შემდეგ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია. კასატორის მითითებით, მისი მეუღლე გარდაიცვალა პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დროს და გარდაცვალების შემთხვევა დადგა პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ოჯახისკენ დაბრუნების დროს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმე #ბს-270-266(კ-12) და აღნიშნავს, რომ მოცემული გადაწყვეტილების მიხედვით, დაკმაყოფილდა სამხედრო მოსამსახურის მეუღლის მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მეუღლე - ნ. შ-ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არამედ სადავოა, ნ. შ-ის გარდაცვალება ექცევა თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში და ასეთი შემთხვევებია: პოლიციელის გარდაცვალება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას. ამასთან, იმისათვის, რომ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრზე გავრცელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი, მნიშვნელოვანია დადგინდეს ორი გარემოება: პოლიციელის გარდაცვალება დაკავშირებული უნდა იყოს ამ ნორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევასთან და იგი უშუალოდ ამ შემთხვევის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
მოცემულ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 აპრილის №ბს-942-938(კ-17) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა გულისხმობს ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების პროცესში, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევას. ობიექტური საფრთხე იმ შემთხვევაში არის სახეზე, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის გარემოებები ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარება გამოიწვევს „პოლიციის შესახებ“ კანონით დაცული სიკეთისთვის ზიანის მიყენებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული პუნქტის სუბიექტად მიჩნევისათვის სავალდებულოა უშუალოდ მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ მუხლში ჩამოთვლილ ქმედებასა და პოლიციელის გარდაცვალებას შორის. გარდაცვალება სწორედ უშუალოდ პოლიციელის პროფესიული საქმიანობის განხორციელებას უნდა მოჰყვეს შედეგად.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ. შ-ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კონკრეტულად კი, უბედური შემთხვევის შედეგად, მაგრამ სახეზე არ არის ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების დროს გარდაცვალება, რაც ვერ მიიჩნევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან დასახელებული საქმე განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებებით ხასიათდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი