Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 171-აპ 20 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

მ. ისაევი,

დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 მარტის განაჩენზე, რომლითაც თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ივლისის განაჩენი ი. ს-ის მიმართ დარჩა უცვლელად. განაჩენით ი. ს-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, 128-ე მუხლით და ერთობლივად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 3 ოქტომბრიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:

ი. ს-ლი 2000წ. 23 სექტემბერს, პირველ საათსა და 30 წუთზე, მთვრალი მართავდა სხვის კუთვნილ მიკროავტობუს “უაზ-452-ს”. იგი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, გორიდან თბილისის მიმართულებით, მოძრაობდა დაახლოებით 60 კმ\სთ სიჩქარით, რა დროსაც მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების” კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, გადავიდა სავალი გზის მარჯვენა მხარეს და უკნიდან დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ბ. ჯ-ეს, აგრეთვე _ გზის იმავე მხარეს მდგარ ავტომობილ “კამაზ-55111-ს”. ამის შემდეგ ი. ს-მა მძიმედ დაშავებული ბ. ჯ-ძე მიატოვა შემთხვევის ადგილზე და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ. ჯ-ძე 2000წ. 28 სექტემბერს გარდაიცვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. ს-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებით გამოძიებაში. იგი მიუთითებს, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიება არაობიექტურია, ყველა გარემოება არ გამორკვეულა და საქმეში არსებულ მასალებს მიეცა არასწორი შეფასება.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი. ს-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ; მანვე აღნიშნა, რომ თუკი საკასაციო პალატა არ გაიზიარებს საჩივრის მოთხოვნას, მაშინ აკმაროს მოხდილი სასჯელი და გაათავისუფლოს პატიმრობიდან, რადგან ჰყავს მომაკვდავი დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი. პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად მიიჩნია ი. ს-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა განაჩენის გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საკასაციო საჩივარი არის ძალზე ზოგადი და არაა მითითებული, თუ რომელი გარემოებები არ შეამოწმა წინასწარმა გამოძიებამ ან რომელი საპროცესო მოთხოვნა დაირღვა. აქვე პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა დეტალურად გამოიკვლიეს დაცვის მხარის ვერსიები და სათანადოდ შეაფასეს, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია საკითხი, თუ რა გარემოებებში იქნა ჩადენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ახსნილ იქნა საქმეში არსებული წინააღმდეგობები, გამოკვლეულ იქნა საგზაო მოძრაობის კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი და მიღებულ შედეგებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას უტყუარად დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა ი. ს-მა დაარღვია საგზაო მოძრაობის კანონის მოთხოვნა, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ბ. ჯ-ს, რომელიც მიატოვა შემთხვევის ადგილზე და მიიმალა. მიღებული დაზიანების გამო ბ. ჯ-ძე რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა შეზღუდულია, რომ დადგენილად არ მიიჩნიოს განაჩენით უტყუარად დადგენილი ფაქტები ან ეჭვი შეიტანოს მათ რეალობაში.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. ს-ლს განაჩენით შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1 წლით შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ არასწორად მიუთითა სიმთვრალე, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რადგან სიმთვრალე არის ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, რის გამოც მას აღარ შეიძლება მიეცეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მნიშვნელობა. სხვა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ი. ს-ლს არ გააჩნია. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ი. ს-ლი ხასიათდება უაღრესად დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. სასამართლომ პასუხისმგებლობის აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღო.

აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. ს-ლს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით განსაზღვრული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს ერთი წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 მარტის განაჩენში ი. ს-ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება: ი. ს-ლს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით განსაზღვრული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს ერთი წლით და სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.