Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 184-აპ 20 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ნ. გაბრიჩიძე,

მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ს. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით ს. ვ-ლს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2001წ. 17 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, მართვის უფლების არმქონე და მთვრალი, ყვარლის რაიონის სოფ. ---ში დროებითი გამოყენების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თანასოფლელ გ. შ-ის ავტომანქანა “ნისანს”, რომლის მართვის დროს დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და დასახლებულ პუნქტში განავითარა 110-120 კმ\სთ სიჩქარე. ასეთი სიჩქარით სველ და ორმოებიან გზაზე მოძრაობისას აერია საჭე და მანქანის მოძრაობაზე დაკარგა კონტროლი, რის გამოც იმავე სოფლის მეოთხე უბანზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით მოძრაობისას გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, რკინის გადასასვლელ ბოგირზე, ავტომანქანის ძრავის სახურავის მარჯვენა ნაწილით შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით ფეხით მოსიარულე ზ. ჭ-ლს, შემდეგ კი _ ო. მ-ის საცხოვრებელი სახლის კედელს და მანქანით გადავარდა წყლის არხში. მანქანის შეჯახების შედეგად ზ. ჭ-მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და იქვე გარდაიცვალა.

აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენისათვის სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით ს. ვ-ლს მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდის 2001წ. 29 ნოემბრიდან.

საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულ ს. ვ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო; არც წინასწარი გამოძიებისა და არც საქმის სასამართლო განხილვების დროს მოპოვებული არ ყოფილა ს. ვ-ის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები; ბრალდებულმა გამოძიების დროს აღიარებითი ჩვენებები მისცა ერთ-ერთი ნათესავი გამომძიებლის რჩევით; საქმის ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლომ მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება და უკანონოდ დაადგინა მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა ითხოვა წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილება. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. ჭ-მა და პროკურორმა ბ. გ-ემ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა ს. ვ-მა, რომელსაც არ გააჩნდა ავტომანქანის მართვის უფლება და იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომანქანით მოახდინა საგზაო შემთხვევა. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით ასევე უდავოდ დადასტურებულია, რომ ამ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სწორედ ს. ვ-ლი დაეჯახა აწ გარდაცვლილ, არასრულწლოვან ზ. ჭ-ლს, რომელიც მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

საქმის მასალებით ვერავითარ დადასტურებას ვერ პოულობს საკასაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ თითქოს ს. ვ-მა გამოძიების დროს აღიარებითი ჩვენება მისი ახლობელი გამომძიებლის რჩევით მისცა. ასევე უსაფუძვლოა ავტოტექნიკურ და ქიმიურ ექსპერტიზებთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში განვითარებული პოზიციები. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა უდავოდ ადასტურებს მსჯავრდებულ ს. ვ-ის ბრალეულობას მასზე შერაცხულ ბრალდებებში.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ს. ვ-ლი არის ახალგაზრდა, ხასიათდება დადებითად, პირველადაა სამართალში, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრის შთანთქმის წესი და არა _ სასჯელთა შეკრების პრინციპი. აქედან გამომდინარე, მას სასჯელის საბოლოო ღონისძიებად უნდა განესაზღვროს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ს. ვ-ის სასიკეთოდ შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით:

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა _ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთამ _ შთანთქას სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს. ვ-ლს მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.