Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 141 17 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე,),

ი. ბიბილაშვილი,

მ. გოგელია

განიხილა ადვოკატ პ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მარტის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის დადგენილება ა. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის.

აღწერილობითი ნაწილი:

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ა. კ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, დაუბრუნდა სოხუმის რაიონულ და საქალაქო პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 19 მარტის განჩინებით გააუქმა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის დადგენილება და სისხლის სამართლის საქმე ა. კ-ის მიმართ ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

საბრალდებო დასკვნით ა. კ-ლს ბრალი ედება განზრახ მკვლელობის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. წ-სა და ა. კ-ლს შორის ჩამოყალიბებული სასიყვარულო ურთიერთობის ნიადაგზე ეს უკანასკნელი საცხოვრებლად გადავიდა გ. წ-ას ბინაში. მოგვიანებით მათ შორის წარმოშობილ უთანხმოებას მოჰყვა სისტემატური კონფლიქტები. 2002წ. 15 ივლისს მთვრალ გ. წ-ასა და ა. კ-ლს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც გ. წ-იამ ა. კ-ლს მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ამის შემდეგ ა. კ-მა შურისძიების მოტივით, გ. წ-ას განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომლის შედეგად ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კერძო საკასაციო საჩივრით განსასჯელ ა. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. გ-ე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ა. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა პ. გ-ემ მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და, სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ა. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ნაცვლად იმისა, რომ დაუშვებლად ეცნო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული რიგი მტკიცებულებები და ა. კ-ის მიმართ საქმე შეეწყვიტა, უსაფუძვლოდ დააბრუნა იგი დამატებით გამოძიებაში. სააპელაციო სასამართლომ კი მისი შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ასევე უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. ადვოკატს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ ა. კ-ის მიერ მის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ამდენად, იგი იმყოფება უკანონო პატიმრობაში.

ადვოკატი ს. უ-ძე და განსასჯელი ა. კ-ლი დაეთანხმნენ პ. გ-ის მოთხოვნას. დაზარალებული ნ. ბ-ვა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ქ-ვა არ დაეთანხმნენ კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი ნ. ე-ვა კერძო საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმა. პროკურორს სააპელაციო პალატის განჩინება ა. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების შესახებ მიაჩნია კანონიერად. პროკურორი თვლის, რომ არ არსებობს ამ სტადიაზე საქმის წარმოებით შეწყვეტის საფუძველი. პროკურორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღოს შემაჯამებელი და კანონიერი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მარტის განჩინების გაუქმებისა და ა. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო პალატა სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ვერ იმსჯელებს ა. კ-ის ბრალეულობაზე ან არაბრალეულობაზე იმ პირობებში, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად არ გამოუკვლევია და, შესაბამისად, არ მიუღია არსებითი ხასიათის საბოლოო გადაწყვეტილება. გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის სახით. ამასთან, პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას. იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მითითებული საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს, რადგან მათი შემოწმება და ასეთი შემოწმების შედეგების სამართლებრივი შეფასება სავსებით შესაძლებელია სრულყოფილი სასამართლო გამოძიების საფუძველზე, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების გარეშეც. სოხუმის რაიონულმა და საქალაქო სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, საქართველოს სსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, მხარეთა შუამდგომლობებში დაყენებული საკითხები და მოპოვებულ მტკიცებულებათა სწორი სამართლებრივი შეფასების მეშვეობით საქმეზე მიიღოს კანონის შესაბამისი არსებითი ხასიათი შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

ამრიგად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მარტის განჩინება, რომლითაც გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის დადგენილება ა. კ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის, უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მარტის განჩინება, რომლითაც გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის დადგენილება ა. კ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, დარჩეს უცვლელად.

აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ ა. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.