Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 15-I 8 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ნ. გაბრიჩიძე,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა განსასჯელ თ. წ-სა და ადვოკატ ზ. რ-ის კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 მარტის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება თ. წ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ.

საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით თ. წ-ნს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ" და “ე" პუნქტებით _ ნარკოტიკული ნივთიერების _ “---ის" მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 28 იანვრის დადგენილებით, გამოძიების არასრულყოფილების მოტივით, თ. წ-ის ბრალდების საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი, გააუქმა საქალაქო სასამართლოს დადგენილება და იმის გათვალისწინებით, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თ. წ-ის მიმართ სხვა საქმე განსახილველად იმყოფება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ეს საქმე მკვლელობის ბრალდების საქმესთან გასაერთიანებლად და პირველი ინსტანციის წესით განსახილველად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება არის უკანონო. ნარკოტიკული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე თ. წ-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია აშკარად არასრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. ბრალდებულის მიმართ კანონის უხეში დარღვევით მოხდა საპატიმრო ვადის გაგრძელება, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და საქმე გადაეცეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. საჩივარი ზემოაღნიშნული მოსაზრებების დასასაბუთებლად, სხვა გარემოებებთან ერთად, იშველიებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის განსხვავებულ აზრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პალატის განჩინებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. რ-მა ითხოვა წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილება. პროკურორმა გ. დ-მა მხარი არ დაუჭირა საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში სწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ, საქართველოს სსსკ-ის 426-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის წარმართავს იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება არსებითად არასრულია და იგი არ შეიძლება შეივსოს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ისე მიიღო გადაწყვეტილება საქმის დამატებითი გამოძიებისათვის წარმართვის შესახებ, რომ თვითონ არ უცდია, შეევსო და გამოეკვლია ის გარემოებები, რომლებიც მან გამოძიების ხარვეზად მიიჩნია. ასეთ ვითარებაში საქმის დამატებითი გამოძიებისათვის წარმართვა არასწორია. საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი კანონიერი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება მოსაზრებას ბრალდებულ თ. წ-ის მიმართ პატიმრობის ვადის გაგრძელების უკანონობის თაობაზე, საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა. ერთი თვით ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის შუამდგომლობითა და პროკურორის თანხმობით, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს არა მარტო იმ შემთხვევაში, როცა საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებულია რომელიმე სასამართლო ინსტანციის მიერ, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა პროკურორმა არ დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა გამომძიებელს. ამდენად, თ. წილოსანის მიმართ გამოძიების მიმდინარეობისას პატიმრობის ვადის 7 თვემდე გაგრძელება პროცესუალურად უკანონო არ არის.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თ. წ-სა და სხვა პირთა მიმართ საქართველოს 1960წ. სსკ-ის 104-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე განსახილველად შესულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიაში. აღნიშნულის გამო უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა და საქართველოს სსსკ-ის 245-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე თ. წ-ის ბრალდების საქმე უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას მათ წარმოებაში არსებულ განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმესთან გასაერთიანებლად და პირველი ინსტანციის წესით განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

განსასჯელ თ. წ-სა და ადვოკატ ზ. რ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 მარტის განჩინება თ. წ-ს ბრალდების საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.