Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 16I 24 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

დ. სულაქველიძე

განიხილა შეურაცხ დ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ.პ-ის კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 აპრილის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 5 ივნისის განჩინებით დ. პ-ლი ცნობილ იქნა შეურაცხად საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “გ” და “ო” პუნქტებით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ”, “ვ”, “ზ”, “თ”, “ი” ქვეპუნქტებით, 120-ე მუხლით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში და შეეფარდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება ქ.ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებით.

2004წ. 9 თებერვალს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ქ.ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს 2004წ. 3 თებერვლის ფსიქიატრიული შემოწმების დასკვნა ავადმყოფ დ. პ-ის მიმართ, რომლის თანახმად, დ.პ-ლი მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შემდგომ მკურნალობას არ საჭიროებს, ექვემდებარება იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას დისპანსერული მეთვალყურეობის ქვეშ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქ.რუსთავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ.ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს საექიმო-ფსიქიატრიული კომისიის დასკვნა შეურაცხ დ. პ-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის შესახებ. დ.პ-ლი მკურნალობის გასაგრძელებლად დარჩა ქ.ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა, ორგანიზება გაუწიოს დ.პ-ის კვალიფიციურ სამედიცინო მკურნალობას.

შეურაცხ დ.პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ.პ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებას და დ.პ-ის გადაცემას დისპანსერული მკურნალობისათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ მოტივით, რომ იგი აღარ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებას და მისგან მოსალოდნელი არ არის შემდგომში დანაშაულის ჩადენა.

პალატის სხდომაზე დ.პ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი.ზ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორი ზ.მატკავა არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს დ.პ-ის მიმართ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ დ.პ-ლი აღარ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარმა ფსიქიატრმა თ.ს-ემ, მართალია, დაადასტურა დ.პ-ის ფსიქიატრიული შემოწმების 2004წ. 3 თებერვლის დასკვნის სისწორე, მაგრამ განაცხადა, რომ დ.პ-ის ფსიქიკური დაავადება კავშირშია მის სიმსივნურ დაავადებასთან, რაზეც ამ უკანასკნელს 8 თვეა მკურნალობა არ ჩატარებია; ნებისმიერ გამღიზიანებელს და, მათ შორის ქუჩაში შეკამათებას, შეუძლია დ.პ-ის ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია დ.პ-ლი საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებად და იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს დ.პ-ის ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი ფაქტორი (სიმსივნური დაავადება), რამაც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გამოიწვიოს მისი ფსიქიკური აშლილობა და შესაძლოა, მან კვლავ ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მისთვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფსიქიატრიული დისპანსერული მკურნალობის შეფარდება მიზანშეუწონელია, მით უმეტეს, როდესაც დ.პ-ის მკურნალობა ფოთის საავადმყოფოშიც შესაძლებელია, სასამართლომ გადაწყვეტილებით დაავალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომ ორგანიზება გაუწიოს დ.პ-ის კვალიფიციურ სამედიცინო მკურნალობას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ზ.მ-ამ კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ შეურაცხ დ.პ-ის საცხოვრებელ ადგილას, ქ.რუსთავში, არ არის დისპანსერული მკურნალობის პირობები იმ კატეგორიის დაავადების სამკურნალოდ, რითაც დაავადებულია დ.პ-ი. ამასთან, იგი ცხოვრობს მარტო, ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად, რაც კიდევ უფრო საშიშს ხდის მის მდგომარეობას.

ამდენად, პალატა ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ.ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს საექიმო-ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე შეურაცხ დ.პ-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმის, დ.პ-ის მკურნალობის გასაგრძელებლად ქ.ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დატოვებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დ.პ-ის კვალიფიციური სამედიცინო მკურნალობის ორგანიზების დავალების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 აპრილის განჩინება დ. პ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 679-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 აპრილის განჩინება დ. პ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.