ბს-418(კ-19) 11 ივნისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 25.10.2017წ.სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი/მ ა. კ-ის მიმართ, სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის გამო მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 55893 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ა. კ-ე ფლობდა ქ. თბილისში, ...ას გამზ. N... ...ის გამზ N...-ში მდებარე, N...საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ნაწილს, შესაბამისად უსაფუძვლოა თანხის დაკისრების მოთხოვნაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36.13 და 492 მუხლებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ კანონი ადგენს გარკვეულ წინაპირობებს, რომელთა კუმულაციურად არსებობის შემთხვევაში მოთხოვნა ითვლება საფუძვლიანად და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: უნდა არსებობდეს სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, მოსარგებლე კომერციული მიზნით უნდა იყენებდეს სახელმწიფო ქონებას, მოსარგებლეს არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფოს საკუთრების უფლებით უძრავი ნივთი რეგისტრირებული უნდა იყოს 2012 წლის 17 სექტემბრიდან. მოცემულ შემთხვევაში თბილისში, ...ას გამზ N.../ ...ის გამზ N...-ში მდებარე უძრავი ნივთი სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 2008 წლის 25 ივნისიდან, რომელსაც არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სამეწარმეო მიზნით იყენებდა ი/მ ა. კ-ე. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ 128-130-ე მუხლებზე მითითებით უგულებელყო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის სპეციალური ჩანაწერი, რომელიც ქონების მმართველის მსგავსი კატეგორიის მოთხოვნებს ხანდაზმულობას საერთოდ არ უწესებს. აღნიშნული ურთიერთობა არ წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას. სასამართლომ არასრულად შეაფასა და გამოიკვლია ა. კ-ის 04.05.2015წ. N... განცხადება, სადაც ა. კ-ე სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად ფლობის გამო ითხოვდა პატიებას. ამდენად, საქმის ყოველმხრივი და სრულად გამოკვლევის პირობებში არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციონაწილი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულიგანჩინებისგაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 17.1 მუხლის მიხედვით მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ა. კ-ის მიერ უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა ფოტოსურათები და მიუთითა ა. კ-ის 04.05.2015წ. განცხადებაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ განცხადებაში ა. კ-ე ადასტურებს, რომ იგი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ნამდვილად ფლობდა ...ას გამზ. N34-ში გარკვეულ ფართს, რომლის საკადასტრო კოდი განცხადებაში არ ფიქსირდება, ხოლო საქმის მასალებში დაცულია შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია იმავე მისამართის, თუმცა განსხვავებული საკადასტრო კოდის (N...) მქონე უძრავ ქონებაზე, მაშინ როდესაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილია N...საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების არამართლზომიერი ფლობის საფასური. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილ შესაბამის შესაგებლებში დაფიქსირებულია ა. კ-ის პოზიცია, რომელიც სადავო უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტს არ ადასტურებს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ არის დადასტურებული ა. კ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ას გამზ N.../ ...ის გამზ N...-ში მდებარე, N...საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტი, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა ა. კ-ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე