ბს-913(2კ-18) 04 ივნისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „...ის“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...ამ“ 01.08.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მოპასუხის 10.08.2012წ. N..., N..., N..., N..., N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სს „...ამ“ 28.11.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ მოპასუხის 06.08.2012წ. წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2014წ. განჩინებით ზემოაღნიშნულ ორ სარჩელზე მიმდინარე საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. სასარჩელო მოთხოვნათა არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.08.2012წ. N..., N..., N..., N..., N... გადაწყვეტილებების, 29.11.2013წ. N...გადაწყვეტილების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.08.2012წ. წერილის, 16.08.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის სს „...ის“ 22.04.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება. მოპასუხეებად დასახელდნენ: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 0.08.2012წ. N..., N..., N..., N..., N... , 29.11.2013წ. N...გადაწყვეტილებები, სს „...ის“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.08.2012წ. წერილის, 16.08.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობის, სამინისტროსათვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების ნაწილში არ დაკმყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს „...ამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.08.2012წ. N..., N..., N..., N..., N... , 29.11.2013წ. N...გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს) დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, სს „...ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...ის“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა სს „...ამ“ აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოების შეჩერების შემდგომ, სააქციო საზოგადოებამ წარადგინა რეგისტრაციისათვის საჭირო სრული დოკუმენტაცია, მათ შორის, სს „...ის“ საპრივატიზებო საქმის დამოწმებული ასლი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განკარგულება, საქალაქო საბჭოს აღმასკომის განკარგულება, გენ-გეგმა, ...ის ქუჩაზე საწარმოო გაერთიანებაზე „...ის“ ცენტრალური ...ის სამშენებლო დოკუმენტაცია, რომელთა ერთობლივი შეფასების შედეგად დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (6613 კვ.მ.) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები სარგებლობის უფლებით აღრიცხული იყო ...ის ... „...ზე“, აღნიშნული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 16.06.1976წ. განკარგულებით ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს. თბილის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 27.12.1976წ. განკარგულებით ყოფილი „...ის“ ქვესადგურის ტერიტორია და მასზე მდებარე ნაგებობები გადაეცა საწარმოო გაერთიანება „...ას“, რომელმაც აღნიშნულ ნაკვეთზე 1977წ. დაიწყო ცენტრალური საწარმოო ...ის მთავარი კორპუსის, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და ქარხანა „...ას“ დაპროექტება და მშენებლობა, შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1980 წ.. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 11.07.1994წ. დადგენილებით „...ის“ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 11 სააქციო საზოგადოება, მათ შორის სს „...ა“, რომელიც დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით დაფუძნდა „...ის“ ქარხნის ბაზაზე. სს „...ა“ ქარხანა „...ის“ უფლებამონაცვლეა. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს სს „...ა“ უნდა მიეჩნია სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად და მოეხდინა მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია, რაზეც სს-ს არამართლზომიერად ეთქვა უარი, საჯარო რეესტრმა სრულად უგულებელყო მასთან წარდგენილი მტკიცებულებები. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო წესით, საქმე საკასაციო პალატის მიერ დაშვებულია არსებითად განსახილველად. სახელმწიფოს სახელზე საკუთრების დარეგისტრირებამდე, საჯარო რეესტრს უნდა შეეფასებინა სააქციო საზოგადოების მიერ მასთან წარდგენილი დოკუმენტაცია, გაეთვალისწინებინა დასარეგისტრირებელ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა, რომლის შესახებაც მას ინფორმაცია ჰქონდა, რადგან დავაში მოპასუხედ იყო ჩართული. კასატორი თვლის, რომ მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი დამატებით კვლევას არ საჭიროებს, უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერება ადასტურებს მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთისა და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული ქონების იდენტურობას. ამდენად, სადავო რეგისტრაციები სრულად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან სს „...ა“, რომელიც სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელია, სარგებლობს მესაკუთრის მსგავსი უფლებრივი დაცვით. კასატორი თვლის, რომ ასევე არამართლზომიერად განხორციელდა სახელმწიფოს სახელზე ქონების რეგისტრაციის მიზნით მიმართვის გამოცემა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს მიერ სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება, რადგან სს „...ა“ ადმინისტრაციულ საჩივარს ვერ წარადგენდა აქტის ოფიციალურ გაცნობამდე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაცია იმ ქონებაზე, რომელიც იყო სს „...ის“ მართლზომიერ მფლობელობაში, რადგან აღნიშნულით შეიზღუდა სს-ს უფლება მოეპოვებინა საკუთრება სადავო ქონებაზე.
კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ნორმატიულ საფუძვლებს. სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარდგენისას, არც ერთი აღნიშნული საფუძველი სახეზე არ იყო, შესაბამისად სააგენტო ვალდებული იყო განეხორციელებინა რეგისტრაცია. ის გარემოება, რომ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, არ აბრკოლებდა რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას, რადგან საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული. კასტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული გამოსაკვლევი გარემოებები შეადგენს ცალკე დავის საგანს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქმის მასალების მიხედვით, 30.06.2011წ. სს „...ამ“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ქ თბილისში, ...ის ... ქ. N...„ა“-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. მარეგისტრირეელ ორგანოში წარმოება ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდგომში შეწყდა, რადგან მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით კონკრეტულ უძრავ ქონებაზე სს „...ის“ საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად, არ იქნა საკმარისად მიჩნეული მის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, სს „...ის“ საპრივატიზებო საქმის მასალები, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განკარგულება, საქალაქო საბჭოს აღმასკომის განკარგულება და სხვ.. სააქციო საზოგადოებამ არამართლზომიერად მიიჩნია მის განცხადებაზე მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა და აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში, ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის გარდა, სს „...ამ“ მოითხოვა მართზლომიერი მფლობელობის საფუძვლით ქ. თბილისში, ...ის ...ქ. N... „ა“-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია. აღნიშნულ სასარჩელო წარმოებაზე სასამართლო განხილვა დასრულებული არ არის. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, სს „...ამ“ სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, რის შემდეგაც წარმოება შეჩერდა. ამდენად, მართლზომიერ მფლობელობაზე მითითებით კონკრეტულ ქონებაზე სს „...ის“ მიერ საკუთრების მოპოვების მოთხოვნის საფუძვლიანობა, წარმოადგენს სხვა და არა მიმდინარე დავის საგანს. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებს სააქციო საზოგადოების მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციაზე, ვერ მიიჩნევს უდავოდ დადგენილ გარემოებად სს „...ის“ მიერ სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს, რადგან აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე სასამართლო წარმოება არ არის დასრულებული, ხოლო კონკრეტული სარჩელის განმხილველი სასამართლო ვერ გაცდება მის წარმოებაში არსებული საქმის განხილვის ფარგლებს. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს კასატორ სს „...ის“ მოსაზრებებს რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციით კონკრეტულ ქონებაზე მისი მართლზომიერი ფლობის დადასტურებისა და სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობების არსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანია მხოლოდ სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების მართლზომიერება. გასათვალისწინებელია, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას სსიპ საჯარო რეესტრს ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰქონდათ ინფორმაცია უძრავ ქონებასთან მიმართებით სს „...ის“ სამართლებრივი ინტერესის, საკუთრების მოპოვების მიზნით სასამართლო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რადგან საკასაციო პალატაში სს „...ის“ სარჩელზე მიმდინარე წარმოებაში მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო საქმეში ჩართული იყო მესამე პირად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ.), რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის გამარტივებასა და ეფექტიანობას, უძრავი ნივთების უფლებრივი მდგომარეობის აღრიცხვას, მესაკუთრისა და მესამე პირთა ინტერესების დაცვას და სხვ.. მართალია აღნიშნული არ გამორიცხავს მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხულ მონაცემთა უზუსტობის შესაძლებლობას, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უფლების რეგისტრაციის მიზნებისა და დანიშნულების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ უნდა მოეხდინა ისეთი მონაცემის განზრახ რეგისტრაცია, რომლის სადავოობის შესახებ მისთვის სათანადო წყაროდან იყო ცნობილი. განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ არათუ განახორციელა ისეთ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია, რომელზე უფლებაც სასამართლო დავის საგანი იყო, არამედ სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩართო სს „...ა“, უგულებელყო სადავო ქონების მიმართ მისი ინტერესები. კასატორ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითება, რომ გამოყენებული არ იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ამდენად, არ არსებობდა სახელმწიფოს სახელზე საკუთრების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები, არ არის დასაბუთებული, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა არ გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, რომ კონკრეტული სარეგისტრაციო წარმოების დასრულებამდე სრულად გამოეკვლია საქმის გარემოებები, უზრუნველეყო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის ჩაბმა, დაედგინა კონკრეტული ქონების მდებარეობა, საზღვრები, სხვა პირთა უფლებები ამ ნივთზე (მის ნაწილზე) და სხვ.. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული ქონება პრივატიზებულია, ამდენად, გარკვევას საჭიროებს ასევე პრივატიზებული ქონების ფარგლები, დასადგენია სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული ქონების კონკრეტულად რა ნაწილის პრივატიზება განხორციელდა, შესაფასებელია ქონების შემძენი პირების ინტერესები. ქონების პრივატიზებული ნაწილის მესაკუთრეები ჩაბმულ უნდა იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სს „...ის“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ის“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.10.2018წ. N28106 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. ზ. მ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.10.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე