Facebook Twitter

ბს-1136 (კ-18) 11 ივნისი, 2020წ.

ქ . თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშეგანიხილა ო. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ.განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. მ-მა და მ. გ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიმართ და ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიმართ, ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 08.01.2015წ. №1 სხდომის ოქმის მე-15 პუნქტის, ქ.თბილისში, ...ის ...ში, ...ში, №...-ე ...ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 23.01.2015წ. №110 ბრძანების, შპს „...სთვის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.06.2015წ. №1958245 ბრძანების და შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.02.2016წ. №299 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს „...“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს ო. მ-ს და მ. გ-ს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ საექსპერტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 11 020 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ო. მ-მა, აგრეთვე მ. გ-მა, რომელმაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ საექსპერტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მისთვის დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ.განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არარსებობის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელების, შპს „...ს“ კანონიერი ნდობის არსებობაზე, მოსარჩელეთათვის არსებითი ზიანის მიყენების დაუდასტურებლობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტების უკანონობას არ ადასტურებს ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერება შპს „...ს“ მიერ მშენებლობლის სანებართვო პირობების დარღვევით წარმოების საფუძვლით. მართებულად იქნა მიჩნეული აგრეთვე გადაწყვეტილება საექსპერტო ხარჯების მოსარჩელეთათვის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა ექსპერტიზის ჩატარება ო. მ-ის და მ. გ-ის საცხოვრებელ სახლებზე, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შპს „...ს“ მიერ ხარჯის გაღება. სარჩელის უარყოფის გათვალისწინებით მართებულად იქნა მიჩნეული ხარჯების მოსარჩელეთათვის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ.განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-მა.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. ო. მ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან გასაჩივრებული აქტების მიღებისას, აგრეთვე სასამართლოს მიერ კასატორის უფლებების დარღვევას არ მიეცა ობიექტური შეფასება, გათვალისწინებული არ იქნა მოსარჩელეთა ჯანსაღი ცხოვრების და სამუშაო პირობები. მხედველობაში არ იქნა მიღებული საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის 20.01.2016წ. №000199916 დასკვნა, რომელიც მიუთითებს, რომ კასატორის საცხოვრებელი სახლის დაზიანებები შესაძლოა გამოეწვია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე წარმოშობილ დინამიკურ დატვირთვებს და ვიბრაციებს. იგნორირებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უფლება. ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანებები მიღებულია მიკერძოებით. სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა ო. მ-ის მითითება მშენებლობის დარღვევით წარმოების თაობაზე, რაც დასტურდება 15.03.2017წ. №000888617 ექსპერტიზის დასკვნით, აგრეთვე საპატრულო პოლიციის ოქმები და ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი დადგენილებები. არასწორია გადაწყვეტილება საექსპერტო ხარჯების მოსარჩელეთათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან შპს „...ს“ ამგვარი შინაარსის ექსპერტიზის ჩატარება ევალდებოდა ჯერ კიდევ მშენებლობის ნებართვის მოპოვების დროს, შესაბამისად, მას უსაფუძვლოდ არ გაუღია ხარჯი. გარდა ამისა, ხარჯების დაკისრება უსაფუძვლოა, ვინაიდან ო. მ-ს არ გააჩნია სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის შესაძლებლობა.

სამოტივაციონაწილი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულიგანჩინებისგაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივარის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს...ის“, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რომელსაც შეეძლო საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება გამოეწვია. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არარსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ დავის საგანია ქ.თბილისში, ...ის ...მ/რ, ...-ე ...ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ... სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ბრძანების კანონიერება. დადგენილია, რომ სამშენებლო ტერიტორია მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში (სზ-6). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019წ. №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ თანახმად საცხოვრებელ ზონა ...-ში განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (41-ე მუხ.). ამდენად, დასტურდება აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უფლების არსებობა. არ დასტურდება გასაჩივრებული ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 08.01.2015წ. №1 სხდომის ოქმის მე-15 პუნქტის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 23.01.2015წ. №110 ბრძანების, აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.06.2015წ. №1958245 ბრძანების კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მიღება. გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს არ ქმნის მშენებლობის პარამეტრების გაზრდით მშენებლობის ნებართვის გაცემა, ამგვარ შესაძლებლობას ითვალისწინებდა სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.03.2009წ. №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“, აგრეთვე ამჟამად მოქმედი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. №14-39 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ (21-ე მუხ.). მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილია კ-1 და კ-2 კოეფიციენტების განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების გადამეტების მოთხოვნის შემთხვევაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო - მუნიციპალიტეტის მერია (22-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უფლებამოსილი ორგანოების მიერ.

დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა გასაჩივრებული აქტებისადმი შპს „...ს“ კანონიერი ნდობის არსებობის თაობაზე. არ დასტურდება კანონიერი ნდობის გამომრიცხავი რაიმე გარემოების არსებობა. დადასტურებულია, რომ შპს „...მა“ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები, კერძოდ, აწარმოა მშენებლობა.

ამასთანავე, არ დასტურდება ო. მ-ის უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვა. კასატორი აქტების უკანონობას ასაბუთებს მისი ჯანსაღი ცხოვრების და სამუშაო პირობების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებით, აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნების გაუთვალისწინებლობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის ზოგადი მითითებები არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება ო. მ-ის საცხოვრებელ სახლზე უარყოფითი ზემოქმედება შპს „...ს“ მიერ მშენებლობის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით. ექსპერტიზის დასკვნებში გამოთქმული ვარაუდები შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თაობაზე არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთანავე, დასკვნებით არ დასტურდება ო. მ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანება, შენობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება (სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 03.08.2015წ. №004490015 დასკვნა(ტ.1.ს.ფ. 284-289)).

დაუსაბუთებელია აგრეთვე მოთხოვნა შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.02.2016წ. №299 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. მითითებული ბრძანება მიღებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, რომლითაც შპს „...“ ასაჩივრებდა ზედამხედველობის სამსახურის 04.12.2015წ. №000907 მითითებას და მშენებლობის შეჩერების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის 04.12.2015წ. დადგენილებას. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.02.2016წ. №299 ბრძანებით დადგინდა, რომ კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა ზედამხედველობის სამსახურის 04.12.2015წ. №000907 მითითება და მშენებლობის შეჩერების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის 04.12.2015წ. დადგენილება, ვინაიდან მითითების გაცემის საფუძვლად არასწორად იქნა მიჩნეული კვლევის წარუდგენლობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ შპს „...ს“ მიერ წარმოებული მშენებლობის მომიჯნავე ნაგებობებზე ზეგავლენის საკითხის თაობაზე კვლევის წარდგენა არ იყო სავალდებულო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. ამდენად, აღნიშნული კვლევის წარუდგენლობის მოტივით მითითებისა და დადგენილების გაცემა არ შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.02.2016წ. №299 ბრძანება შეესაბამებოდა მისი მიღების დროს მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილება ადგენდა ამგვარი კვლევის ჩატარებას საჭიროების შემთხვევაში (33-ე, 35-ე მუხ.). მშენებლობის დაწყებამდე ამგვარი კვლევის ჩატარების ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.02.2016წ. №299 ბრძანების მართებულობას ადასტურებს აგრეთვე საქმეში დაცული არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომლებითაც არ დადასტურდა ო. მ-ის კუთვნილ შენობაზე შპს „...ს“ მიერ წარმოებული მშენებლობით უარყოფითი ზემოქმედების გამოწვევა.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ექსპერტიზის ჩატარების გამო შპს „...ს“ მიერ გაღებული ხარჯის მოსარჩელეთათვის არასწორად დაკისრების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ხარჯების გადანაწილების საკითხი წყდება საქმის შედეგის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (სსკ-ის 53-ე მუხ.). ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარეებს მართებულად დაეკისრათ შპს „...ს“ მიერ გაწეული ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს 18.07.2016წ. განჩინებით დანიშნული იქნა სასამართლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარების საფასური, 11020 ლარი, გადახდილია შპს „...ს“ მიერ (ტ.4.ს.ფ.230). ო. მ-ს და მ. გ-ს დაეკისრათ სწორედ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი, მათ არ დაკისრებიათ შპს „...ს“ ინიციატივით ჩატარებული სხვა ექსპერტიზის ხარჯები. ამდენად, დაუსაბუთებელია ო. მ-ის მოსაზრება მასზედ, რომ შპს „...ს“ კანონმდებლობით ევალებოდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება, რის გამოც არასწორია აღნიშნული ხარჯის მოსარჩელეთათვის დაკისრება. ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება თანხის გადახდის შეუძლებლობაზე. სასამართლო ხარჯის წაგებული მხარისთვის დაკისრებისას მხარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებას და ამ მიმართებით რაიმე საშეღავათო პირობის გამოყენების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, კანონშესაბამისია სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება როგორც სასარჩელო მოთხოვნების, ისე ხარჯების გადანაწილების ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ო. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ. განჩინება;

3. ო. მ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.08.2018წ. №17532190 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის70%, _ 210ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდიTRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინოკოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე