Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1274(2კ-19) 20 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ა“).

აღწერილობითი ნაწილი:

16.06.2017წ. სს „...ის საწარმოო კომერციულმა ფირმა ...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.02.2017წ. N17/7620 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 05.06.2017წ. N1-1/231 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სს ,,...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ას” საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.07.2018წ. გადაწყვეტილებით სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N17/7620 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 5 ივნისის N1-1/231 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.07.2018წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

...ის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 15.07.1959წ. N15 საოქმო გადაწყვეტილებით ცვლილება განხორციელდა „ქალაქის ტერიტორიაზე ...ის ქარხნის მშენებლობისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ“ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 29.06.1959წ. გადაწყვეტილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ...ის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომმა შეცვალა 29.06.1959წ. გადაწყვეტილება ...ის ქარხნის მშენებლობისათვის 3,5 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ და დაადგინა, რომ ...ის ქარხნის მშენებლობისათვის გამოყოფილ უნდა იქნეს 5 ჰა მიწის ფართობი, შემდეგ საზღვრებს შორის: სამხრეთ აღმოსავლეთით - ...ის ქუჩა, სამხრეთ დასავლეთით - ...ის ტერიტორია, ჩრდილოეთით - ...ე ...ა, ჩრდილო აღმოსავლეთით - ...ის ქუჩა, ჩიხი. ამავე გადაწყვეტილებით ტექაღრიცხვის ბიუროს დაევალა ცვლილებების შეტანა ტექაღრიცხვის ბიუროს მასალებში.

„...ის ...ის წარმოების სახელმწიფო - სამრეწველო კომერციული ფირმა „...ას“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ“ ქ. ...ისა და ...ის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსადმი 28.07.1994წ. N4 ბრძანებით დამტკიცდა ,,...ის წარმოების სახელმწიფო სამრეწველო კომერციული ფირმა ...ას“ სააქციო საზოგადოების წესდება, ქონების შეფასების აქტი და საწარმოს პრივატიზაციის გეგმა.

„სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. N288 დადგენილების საფუძველზე, ,„...ის ...ის წარმოების სახელმწიფო-სამრეწველო კომერციული ფირმა „...ას“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ“ ქ. ...ისა და ...ის რაიონის გამგეობის 28.07.1994წ. N130 გადაწყვეტილებით, ...ის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში წარდგენილი დოკუმენტაციის (პრივატიზაციის გეგმა, სააქციო საზოგადოების წესდება და საწარმოს ქონების შეფასების აქტი) საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ რეგისტრაციაში უნდა გატარდეს სს „...ის საწარმოო - კომერციული ფირმა ...ა“. ამავე თარიღით ქ. ...ისა და ...ის რაიონის გამგეობამ განახორციელა საზოგადოების წესდების რეგისტრაცია.

სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ა“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია ...ის რაიონის სასამართლოს 31.08.1996წ. დადგენილების საფუძველზე (სახელმწიფო რეგისტრაციის N...). საწარმოს წესდების თანახმად, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 171 244 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის - 215 770 ლარის ქონებას, ამასთან, საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 117 130 ჩვეულებრივ აქციად.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, სს „...ის საწარმოო კომერციულ ფირმა ...ას“ საკუთრების უფლება უფიქსირდება შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1) ქალაქი ...ი, ...ის ქუჩა, ჩიხი N1; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი); დაუზუსტებელი ფართობი: 1100.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., საკადასტრო კოდი: ..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N... (დამოწმების თარიღი: 22.10.2007წ., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო გურია-სვანეთის ტერიტორიული ორგანო); 2) ქალაქი ...ი, ...ის ქუჩა, ჩიხი N1; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაუზუსტებელი ფართობი: 6800.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., საკადასტრო კოდი: ..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N..., დამოწმების თარიღი: 22.10.2007წ., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის ტერიტორიული ორგანო; 3) ქალაქი ...ი, ...ის ქუჩა, ჩიხი N1 (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3819.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., საკადასტრო კოდი: ..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N..., დამოწმების თარიღი: 22/10/2007წ., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის ტერიტორიული ორგანო; 4) ქალაქი ...ი, ...ის ქუჩა, ჩიხი N1 (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი); დაზუსტებული ფართობი: 2420.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: ... (საკადასტრო კოდი: ...); უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N..., დამოწმების თარიღი: 22/10/2007წ., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო გურია-სვანეთის ტერიტორიული ორგანო); 5) ქალაქი ...ი, ...ის ქუჩა, ჩიხი N1 (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი); დაზუსტებული ფართობი: 5555.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: ..., საკადასტრო კოდი: ..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N..., დამოწმების თარიღი: 22/10/2007წ., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის ტერიტორიული ორგანო).

23.05.2012წ. შედგენილი საკადასტრო აღწერის აქტის მიხედვით, სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ა“ მდებარეობს ...ში, ...ის ჩიხი N1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 21 476მ2 მიწის ნაკვეთზე და მოიცავს მასზე განთავსებულ შემდეგ შენობა-ნაგებობებს: 1) ადმინისტრაციული შენობა (რიგითი ნომერი - 01/1, სართულიანობა - 1, განაშენიანების ფართობი - 140,5 მ2); 2) ...ის მასალების საამქრო, (რიგითი ნომერი - 02/1, სართულიანობა -1, განაშენიანების ფართობი - 2068,4 მ2); 3) ...ის ჩამოსასხმელი საამქრო (რიგითი ნომერი - 03/1, სართულიანობა - 1, განაშენიანების ფართობი - 4002,4 მ2); 4) საავტომობილო სასწორის ფარდული, (რიგითი ნომერი - 04/1, სართულიანობა - 1, განაშენიანების ფართობი - 56,2 მ2); 5) საპრესე განყოფილება (რიგითი ნომერი - 05/1, სართულიანობა - 1, განაშენიანების ფართობი -1011 მ2); 6) ...ის საამქრო (რიგითი ნომერი - 06/1, სართულიანობა - 1, განაშენიანების ფართობი - 947,6 მ2); 7) ...ო (რიგითი ნომერი - 07/1, სართულიანობა - 1, განაშენიანების ფართობი -238,6 მ2); 8) დამხმარე მასალების საწყობი და ...ი საამქრო (რიგითი ნომერი - 08/1, სართულიანობა - 1, განაშენიანების ფართობი - 761,2 მ2); 9) ... (ნაგებობის რიგითი ნომერი - 09/1, სართულიანობა - 1, განაშენიანების ფართობი - 35 მ2); 10) ...ა (რიგითი ნომერი - 10/1, სართულიანობა - 1, განაშენიანების ფართობი - 232,7 მ2).

17.07.2012წ. სს „...ის საწარმოო კომერციულმა ფირმა ...ამ“ N29200/12 განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. განმცხადებელმა მოითხოვა სს ...ის საწარმოო კომერციული ფირმა „...ას“ სარგებლობაში არსებული შენობების ქვეშ და ამავე შენობებს შორის არსებული 21 670,2 კვ.მ ფართობის სს ...ის საწარმოო კომერციული ფირმა „...ასთვის“ მიკუთვნება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემების გათვალისწინებით. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 3.11 მუხლი და საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილება, „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“.

24.06.2014წ. N30266/ფ, 17.11.2014წ. N59404/04, 05.08.2015წ. N67047/07, 26.06.2016წ. N47400/04, 23.08.2016წ. N68021/07 განცხადებების, ასევე საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან გადაგზავნილი განცხადებების პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სს „...ის საწარმოო კომერციულ ფირმა ...ას“ 16.02.2017წ. N17/7620 წერილით აცნობა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიწის მიკუთვნების საკითხს განიხილავს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონის 3.11 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, მიწის ნაკვეთზე ამ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი. ვინაიდან სს „...ის საწარმოო კომერციულ ფირმა ...ას“ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსგან ეტაპობრივად აქვს გამოსყიდული საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, სააგენტო არ არის უფლებამოსილი, განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 05.06.2017წ. N1-1/231 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ას“ ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.02.2017წ. N17/7620 გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 149-ე, 150.2, 170.1, 171-ე მუხლებზე, ასევე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.11 მუხლზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონების განკარგვის ფორმებზე, პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის ცნებებზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სააგენტოს მიზნებზე (სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა), უფლებამოსილებებზე, მათ შორის, სააგენტოს უფლებამოსილებაზე - განახორციელოს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ასევე სხვა შენობა-ნაგებობის, არასაცხოვრებელი ფართების, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირებული ღონისძიებები. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებით დამტკიცებულ „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესზე“, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენდა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, განეხილა სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ას“ განცხადება მის კუთვნილ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით. სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 16.02.2017წ. N17/7620 ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ჩამოყალიბებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ გაასხვისა საწარმოს აქციები (საწარმოს მართვის უფლება) და არა საწარმოს შენობა-ნაგებობები, ვინაიდან „...ის ...ის წარმოების სახელმწიფო სამრეწველო კომერციულ ფირმა ...ას“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნასთან ერთად, ქ. ...ისა და ...ის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსადმი 28.07.1994წ. N4 ბრძანებით დამტკიცდა ,,...ის წარმოების სახელმწიფო სამრეწველო კომერციული ფირმა ...ას“ სააქციო საზოგადოების წესდება, ქონების შეფასების აქტი და საწარმოს პრივატიზაციის გეგმა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ არ გამოიკვლია, რომელი ფართობის (შენობების ქვეშ და ამავე შენობებს შორის) მიკუთვნებას ითხოვდა სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ა“. ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია სადავო მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, შესაბამისად, სახეზეა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის წინაპირობები. სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ზაკ-ის 601.3, 185-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.02.2017წ. N17/7620 გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, მართებულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 05.06.2017წ. N1- 1/231 ბრძანება, სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ას“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სრულად არ გამოუკვლევია სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული აზომვითი ნახაზებით დგინდება, თუ რომელ შენობა-ნაგებობაზე ითხოვდა მოსარჩელე მიწის ნაკვეთის მიკუთვნებას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ იმსჯელა განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა ზოგადი მითითებებით. სასამართლო არ დაეთანხმა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ გაასხვისა საწარმოს აქციები და არა საწარმოს შენობა-ნაგებობები, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები გადაწყვეტილებაში ასახული არ არის.

კასატორი მიუთითებს, რომ სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ას“ პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიხედვით, პრივატიზების საგანს წარმოადგენდა საწარმოს აქციები. აღნიშნულს ადასტურებს საპრივატიზებო დოკუმენტაციაში მითითებული ნორმატიული საფუძველი - „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. N288 დადგენილება. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.11 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება. კასატორი მიუთითებს პრივატიზების დროს მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონის 1.1, 1.2 16.1 მუხლებზე, საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის N288 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ“ დებულების (დანართი N1) მე-10, მე-13, მე-14 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საპრივატიზებო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, პრივატიზების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ სს „...ას“ აქციები და სააგენტო ვერ იმსჯელებდა მისთვის სადავო უძრავი ქონების მიკუთვნების თაობაზე. კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მითითებას საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებით დამტკიცებულ „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესზე", ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, პრივატიზების ობიექტს არა სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქცია წარმოადგენდა.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამის მტკიცებულებებში, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

კასატორის მოსაზრებით, ასკ-ის 32.4 მუხლით რეგლამენტირებული, სასამართლოსთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.11 მუხლზე, ასევე საქართველოს მთავრობის N144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“, 1.2 მუხლზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისათვის ორივე წინაპირობა უნდა არსებობდეს კუმულატიურად - კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ გასხვისებული უნდა იყოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და საკუთრების უფლების აღიარება შეუძლებელი უნდა იყოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. აღნიშნული კანონის 7.4 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება. საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. ეს მოწესრიგება ცალსახად გამორიცხავს მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი ორი წინაპირობიდან მეორე შესრულებულია.

კასატორი მიუთითებს პრივატიზების დროს მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონის 1.1, 1.2, 16.1 მუხლებზე, საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის N288 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ“ დებულების მე-10, მე-13, მე-14 პუნქტებზე, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007წ. გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ „აქცია“ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, რომელიც მის მფლობელს მრავალი უფლებით აღჭურავს, იგი გულისხმობს სააქციო საზოგადოებაში კაპიტალის წილს, ადასტურებს მისი მფლობელის წევრობას ამ საზოგადოებაში და შესაბამის უფლება-მოვალეობებს, რაც ვლინდება როგორც საზოგადოების მართვაში, ისე მოგების მიღებაში. „...ის ...ის წარმოების სახელმწიფო-სამრეწველო კომერციული ფირმა „...ას” სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ“ 28.07.1994წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის V თავით განისაზღვრა აქციების განლაგებისა და გაყიდვის წესი, მოცულობა და ვადები. მითითებული საწარმოს წესდების თანახმად, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 171 244 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის - 215 770 ლარის ქონებას, ამასთან, საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 117 130 ჩვეულებრივ აქციად. კასატორის მოსაზრებით, წარმოდგენილი საპრივატიზებო დოკუმენტაციით ცალსახად დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში, პრივატიზების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ საწარმოს აქციები, რაც გამორიცხავს სააგენტოს მიერ სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ასთვის“ სადავო უძრავი ქონების მიკუთვნების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სასამართლომ უგულებელყო ასკ-ის 5.1 მუხლის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2019წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს პრივატიზაციის წესით შესაბამის შენობა-ნაგებობებზე მისი საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტის დადასტურება და ამ შენობა-ნაგებობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა. აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლებლად იქნა მიჩნეული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო 16.02.2017წ. N17/7620 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 05.06.2017წ. N1-1/231 ბრძანებით. მოპასუხეთა მოსაზრებით, სს „...ის საწარმოო - კომერციულ ფირმა ...ასთან“ მიმართებაში პრივატიზების პროცესი გულისხმობდა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოს აქციების გამოსყიდვას. აქციებთან ერთად არ მომხდარა შენობა-ნაგებობების პრივატიზება, შესაბამისად, ვერ განისაზღვრება გადაცემულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სააქციო საზოგადოებად მიჩნეულია საწარმო, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად, ხოლო აქცია განმარტებულია, როგორც არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში (კანონის 51.1 მუხლი). ამდენად, გარდა იმისა, რომ აქცია ადასტურებს სააქციო საზოგადოებაში აქციონერსა და საზოგადოებას შორის არსებულ უფლება-მოვალეობებს, იგი არამატერიალიზებული ფორმით გამოხატავს აქციონერის შესაბამის წილს კაპიტალის აქციებად დაყოფის პრინციპით შექმნილ საწარმოში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოში 1997 წლის 30 მაისამდე მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. კანონის მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეების, მათი გაერთიანებების, ასევე არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესის უზრუნველყოფა და სამართლებრივად მოწესრიგება. აღნიშნული კანონის 1.1 მუხლით „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც, ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. ამავე კანონის 1.2 მუხლის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. კანონის 9.1 მუხლის თანახმად, პრივატიზება ხორციელდებოდა საწარმოთა შესყიდვით, კონკურსის ან აუქციონის წესით, ხოლო 3.3 მუხლის თანახმად, პრივატიზების ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. ამავე კანონის მე-16 მუხლი ადგენდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესაძლებლობას აქციების (პაის) გაყიდვის გზით. ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმო წინასწარ უნდა გარდაქმნილიყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოებად და ამხანაგობად, ხოლო მათი რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოთა აქციების პაკეტი გადაეცემდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, საკონკურსო საწყისებზე გაყიდვის მიზნით. ამავე კანონის 21.2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო სააქციო საზოგადოების (ამხანაგობის) აქციების (წილის, პაის) მყიდველი ხდებოდა მის ქონებრივ უფლება-მოვალეობათა ნაწილობრივი სამართალმემკვიდრე, პროპორციულად ნაყიდი აქციების (წილის, პაის) რიცხვისა და საერთო ღირებულებისა.

14.04.1993წ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო N288 დადგენილება „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“, რომლითაც გადაწყდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და დადგენილების შესაბამისად შექმნილი სააქციო საზოგადოების ყველა აქციის გაყიდვის ან გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ პრივატიზების შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით (დადგენილების მე-5 პუნქტი). აღნიშნული დადგენილების N1 დანართით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულების“ მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებას გადაეცემა სოციალურ-კულტურული, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების და სხვა ობიექტები, რომელთათვისაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია შეზღუდვები ან დადგენილია პრივატიზაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომელთა შემდგომი გამოყენების წესი განისაზღვრება პრივატიზაციის გეგმით. სააქციო საზოგადოებისათვის გადასაცემი ქონების შემადგენლობა ობიექტების მიხედვით მტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ. ამავე დებულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან ტერიტორიული ორგანო, პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააქციო საზოგადოების წესდებას, ქონების შეფასების აქტს და პრივატიზაციის გეგმას. დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენს გადაწყვეტილებას მისი სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ. მითითებული დებულების მე-10 პუნქტის თანახმად, სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა შეფასების აქტში. მე-13 პუნქტის თანახმად, დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს (წერილობით შეტყობინებას, ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზების მიზნით), ხოლო მე-14 პუნქტის შესაბამისად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პრივატიზაცია, როგორც კანონით გათვალისწინებული ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განკერძოების პროცესი, სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. სადავო პერიოდში სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას და მიზნად ისახავდა სახელმწიფოს მხრიდან პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობის, განკარგვის უფლების დაკარგვას. „..სახელმწიფოს მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება იმავდროულად ნიშნავს სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას (განკარგვას), ვინაიდან ამ დროს ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებად, თუნდაც ამ იურიდიული პირის წილთა 100%-ის მესაკუთრედ სახელმწიფო დარჩეს...“ (სუს დიდი პალატის 06.11.2003წ. N3გ-ად-15-გ-03 განჩინება). ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება აქციათა გამოსყიდვის გზით, წარმოადგენდა მიზანმიმართულ მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო საწარმოს მუშაკები უნდა გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით დაშვებული შეღავათებით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ას“ განსახელმწიფოებრიობა განხორციელდა აქციონირების გზით, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. კანონისა და “სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. N288 დადგენილების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯერ განხორციელდა სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა, ხოლო შემდგომ - სახელმწიფო საწარმოს აქციების გაყიდვა. ქ. ...ისა და ...ის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 28.07.1994წ. N4 ბრძანებით დამტკიცდა ,,...ის წარმოების სახელმწიფო სამრეწველო კომერციული ფირმა ...ას“ სააქციო საზოგადოების წესდება, ქონების შეფასების აქტი და საწარმოს პრივატიზაციის გეგმა. ამავე გამგეობის 28.07.1994წ. N130 გადაწყვეტილებით, ...ის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში წარდგენილი დოკუმენტაციის - პრივატიზაციის გეგმის, სააქციო საზოგადოების წესდებისა და საწარმოს ქონების შეფასების აქტის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ რეგისტრაციაში უნდა გატარდეს სს „...ის საწარმოო - კომერციული ფირმა ...ა“. ამავე თარიღით გამგეობამ განახორციელა საზოგადოების წესდების რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია და სათანადო მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს კასატორების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის მოსარჩელისათვის მიყიდვის ფაქტი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საწარმოს პრივატიზაციის სამუშაო კომისიის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან 27.07.1994წ. შეთანხმებული პრივატიზაციის გეგმა და ქ. ...ისა და ...ის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 28.07.1994წ. N4 ბრძანებით ,,...ის წარმოების სახელმწიფო სამრეწველო კომერციული ფირმა ...ას“ ქონების შეფასების აქტის დამტკიცების ფაქტი იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ,,...ის წარმოების სახელმწიფო სამრეწველო კომერციული ფირმა ...ა“ პრივატიზებას დაექვემდებარა როგორც მისი აქციებით, ისე ქონებით. ამასთან, საწარმოს პრივატიზაციის გეგმაში ცალკე იქნა მითითებული შენობა-ნაგებობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას (276,0 ათას მანეთად შეფასებული სასურსათო ...ა, პრივატიზაციის გეგმის N8 პუნქტი).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა განსახილველ დავასთან მიმართებაში ასკ-ის 32.4 მუხლი. იმ პირობებში, როდესაც უდავოა ,,...ის წარმოების სახელმწიფო სამრეწველო კომერციული ფირმა ...ას“ პრივატიზება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით და აღნიშნული ქონებისათვის მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ვერ განხორციელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ საფუძველზე იმსჯელოს სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების შედეგად სს „...ის საწარმოო კომერციული ფირმა ...ას" საკუთრებაში გადაცემული შენობა-ნაგებობების შესაბამისი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე