Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1211(კ-19) 20 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ფ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2019წ. განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ქ-ე, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები - ე. მ-ი, ე. შ-ი, ეკ. შ-ი, მ. შ-ი, ჯ. შ-ი, ჟ. ს-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

27.07.2017წ. ა. ქ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; რეგისტრაციის შესახებ 23.01.2012წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იმ ნაწილში, რომლითაც საკუთრების უფლება დარეგიტრირდა ი. ს-ის მემკვიდრეების - ე., ეკ., მ., ფ., ჯ. შ-ების სახელზე, ს/კ ...) და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდება მის მფლობელობაში არსებული, 1961 წლიდან აზომვით ნახაზზე გამოსახული ფართი - მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 07.06.2017წ. N... წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ 1961 წლიდან მის საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის ნაწილი, სახლის სხვა ნაწილებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.01.2012წ. N... გადაწყვეტილებით საკუთრების უფლებით აღირიცხა 1986 წელს გარდაცვლილი ი. ს-ის მემკვიდრეების სახელზე. 27.06.2017წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მითითებული 23.01.2012წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. 05.07.2017წ. N... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. მოსარჩელის მოსაზრებით, მისთვის, როგორც მართლზომიერი მფლობელისათვის, უნდა ეცნობებინათ დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შესახებ და ჩაერთოთ წარმოებაში. აღნიშნული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ განუხორციელებია. სადავო გადაწყვეტილება ეფუძნება შეუსწავლელ მასალებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.08.2017წ. განჩინებით ა. ქ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამასთან, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ე. მ-ი. ამავე სასამართლოს 13.09.2017წ. განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ე. შ-ი, ეკ. შ-ი, მ. შ-ი, ჯ. შ-ი და ფ. შ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2017წ. N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა რეგისტრაციის შესახებ 23.01.2012წ. N... გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ფ. შ-მა. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2018წ., 13.04.2018წ. განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ფ. შ-ის სააპელაციო საჩივრები, ხოლო 04.02.2019წ. საოქმო განჩინებით, ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ჟ. ს-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2019წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ფ. შ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.12.2017წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. ამასთანავე, ზაკ-ის 80.4 მუხლის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.

სააპელაციო პალატამ, ზაკ-ის 178-ე 182.1, 201-ე მუხლებისა და სუს 14.07.2015წ. Nბს-408-403(2კ-14) გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი არ გამორიცხავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას, წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაამოწმოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ამდენად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლში ჩამოთვლილი გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება დასაშვებია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან და აღნიშნული არ ჩაითვლება არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო საკითხს შეისწავლის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის პრინციპთა დაცვით. ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია მნიშვნელოვანი ფუნქცია და უზრუნველყოფს როგორც საჩივრის ავტორის უფლებათა მაქსიმალურად დაცვას, ისე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თვითკონტროლის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებლობა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2017წ. N... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ახალი სარეგისტრაციო წარმოების წარმართვისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დაიცვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით რეგლამენტირებული საქმის ყოველმხრივ გამოკვლევისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება. ამასთანავე, ა. ქ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე მსჯელობისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს მხარის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები (სს ,,...ის’’ 06.12.2016წ. N1206/162 წერილი, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. შ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მესამე პირები კანონის სრული დაცვით არიან რეგისტრირებულნი სადავო ქონების მესაკუთრეებად და ა. ქ-ეს რეგისტრაციის არავითარი საფუძველი არ გააჩნია, ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილება არ გააუმჯობესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას. ა. ქ-ეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი. სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა ასკ-ის 32.4 მუხლი - სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.07.2017წ. N... გადაწყვეტილებით ა. ქ-ეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა „საჯარო რეესტრის შესახებ“ 29.3 მუხლის შესაბამისად. ამასთან, ზაკ-ის 178-ე მუხლის არასწორი განმარტების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავად უნდა განეხილა ა. ქ-ის საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის შესახებ 23.01.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

კასატორი მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 03.04.2017წ. გაცემულ ცნობა-დახასიათებაზე, რომლის თანახმად, თბილისში, ...ის ქუჩა N7-ში მდებარე 956 კვ.მ ფართის უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა აწგარდაცვლილი ი. ს-ე, ხოლო ამჟამად ქონების მესაკუთრეები კასატორები არიან. ა. ქ-ე ვერ მიუთითებს სათანადო დოკუმენტზე, რომელიც უძრავ ქონებაზე მის ინტერესს დაადასტურებს. სს “...ის“ წერილი და მოწმეთა განცხადებები არასაკმარისია სადაო უძრავ ქონებაზე ა. ქ-ის უფლების წარმოშობისათვის. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში ა. ქ-ის უფლება არ ყოფილა რეგისტრირებული. მას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში.

კასატორის მოსაზრებით, საყურადღებოა, რომ სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით, არსებობს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებები (2008-2017წწ.). უძრავი ქონება სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა პირების, მათ შორის - მესამე პირების საკუთრებად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამ გადაწყვეტილებების არსებობის პირობებში, მხოლოდ 23.01.2012წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა მოსარჩელისთვის იურიდიული შედეგის მომტანი ვერ იქნება (მაგ.: დროის გარკვეულ მონაკვეთში სადავო უძრავი ქონება აღრიცხული იყო მესამე პირების, ნ. ბ-ის, შ. ქ-ის, ც. ქ-ის, ლ. ც-ის და ლ. ს-ის თანასაკუთრებად. აღნიშნულის საფუძველი გახდა თანამესაკუთრეთა შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.02.2012წ. საოქმო განჩინებით დამტკიცებული მორიგება, რომელიც ძალაშია). ამდენად, სადავო 23.01.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ამასთან, იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-17 მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული აქტით არ ილახება მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასკ-ის 262 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება.

კასატორი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2017წ. N... გადაწყვეტილებით ა. ქ-ეს საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა “საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ზაკ-ის 178-ე მუხლის არასწორი განმარტების შედეგად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავად უნდა განეხილა ა. ქ-ის საჩივარი 23.01.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. კასატორის განმარტებით, უფლებამოსილება ნიშნავს სუბიექტის იურიდიულ შესაძლებლობას, განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავი შეიკავოს ქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის ვალდებული განიხილოს ა. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2020წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფ. შ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, თბილისში, ...ის ქუჩა N7-ში მდებარე 956 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთთან დაკავშირებული ცნობა-დახასიათების თანახმად (01.12.1944წ. N... სააღრიცხვო ბარათის, ასევე 1975 წლის N... და 2004 წლის სააღრიცხვო ბარათების მონაცემები), ლიტერ ა-ა1 (საცხოვრებელი) არის უფლების დამდასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 71,9 კვ.მ.; ლიტერ „დ“ (საცხოვრებელი) - უფლების დამადასტურებლი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 172.69 კვ.მ.; ლიტერ „ს“ (საცხოვრებელი) - უფლების დამადასტურებლი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 97.91 კვ.მ; ლიტერ „კ“ (საცხოვრებელი) - უფლების დამადასტურებლი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 136.78 კვ.მ.; ლიტერ „ვ“ (საცხოვრებელი) - უფლების დამადასტურებლი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 53,83 კვ.მ; ლიტერ „მ“ (საცხოვრებელი) - უფლების დამადასტურებლი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 78,56 კვ.მ; ლიტერი ნ-ბ-ე-ზ-ლ-თ-გ-ი (დამხმარე) – უფლების დამადასტურებლი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 77.48 კვ.მ. მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის გრაფაში მითითებულია ი. ს-ე.

ქალაქ თბილისის საკრებულოს 21.02.2008წ. N138 საკუთრების უფლების მოწმობის მიხედვით, გარდაცვლილ ი. ს-ეს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა თბილისში, ...ის ქუჩა N7-ში მდებარე 1176 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მოწმობა გაცემულ იქნა ჟ. ს-ეზე.

27.05.2008წ. დამოწმებული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, გარდაცვლილი ი. ს-ის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებმა: ე. შ-მა, ფ. შ-მა, გ. ს-ემ, ეკ. შ-მა და მ. ლ-ემ, სამკვიდრო ქონების სახით საკუთრებაში მიიღეს თბილისში, ...ის ქუჩა N7-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1176 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.06.2008წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ეკ. შ-ის განცხადება და თბილისში, ...ის ქუჩა N7-ში მდებარე 1176 კვ.მ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა გ. ს-ის, ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. ლ-ის და ფ. შ-ის თანასაკუთრების უფლება (ს/კ ..., შენობა ნაგებობები N1-დან N10-ის ჩათვლით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 27.05.2008წ. დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა). ამავე თარიღით გაიცა შესაბამისი ამონაწერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.05.2010წ. N... გადაწყვეტილებით და ამავე თარიღით გაცემული ამონაწერით დგინდება, რომ თბილისში, ...ის ქ. N1.3.5/...ის ქ. N7-ში მდებარე 2509 კვ.მ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ის, ფ. შ-ის, ჯ. შ-ის და იმა „...ის (...ის) N1,3,5,7 და შესახვევი N7“-ის თანასაკუთრების უფლება (ს/კ ..., შენობა ნაგებობები N1-დან N20-ის ჩათვლით; ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ის, ფ. შ-ის, ჯ. შ-ის წილი თანასაკუთრებიდან - 1176 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები N4-N6; N8-N14).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.01.2012წ. N... გადაწყვეტილებით და ამავე თარიღით გაცემული ამონაწერით დგინდება, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულებისა და სასამართლო აქტების საფუძველზე, თბილისში, ...ის ქ. N1.3.5/...ის ქ. N7-ში მდებარე 2509 კვ.მ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ე. მ-ის, ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ის, ფ. შ-ის, ჯ. შ-ის, ლ. ც-ის, ლ. ს-ის, ნ. ბ-ის, შ. ქ-ის და ც. ქ-ის თანასაკუთრების უფლება (ს/კ ..., შენობა ნაგებობები N1-დან N20-ის ჩათვლით; ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ის, ფ. შ-ის, ჯ. შ-ის წილი თანასაკუთრებიდან - 1176 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები N4-N6; N8-N14).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.02.2012წ. საოქმო განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოსარჩელეებს - ეკ., ჯ., მ., ფ., ე. შ-ებსა და მოპასუხეებს - ნ. ბ-ს, ს. და ბ. გ-ებს, შ. ქ-ეს, ლ. ც-ესა და ლ. ს-ს შორის. მითითებულ პირთა თანასაკუთრებაში არსებული, თბილისში, ...ის ქუჩა N1.3.5/...ის ქუჩა N7-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ..., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 2509 კვ.მ) გაიმიჯნა და დაიყო სამ უძრავ ნივთად. დაყოფილ უძრავ ნივთთაგან ერთ-ერთი (1176 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით N1-N10) განისაზღვრა ჯ. შ-ის, მ. შ-ის, ფ. შ-ის, ე. შ-ის და ეკ. შ-ის თანასაკუთრებად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ უძრავი ნივთების გამიჯვნა უნდა განხორციელდეს საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული საკადასტრო გეგმების საფუძველზე. 1176 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საფუძვლად მითითებულ იქნა 02.06.2008წ. მომზადებული საკადასტრო გეგმა (ს/კ ...).

ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებული პირობებით, ეკ., ჯ., მ., ფ., ე. შ-ებმა, ნ. ბ-მა, ს. და ბ. გ-ებმა, შ. ქ-ემ, ლ. ც-ემ და ლ. ს-მა 13.03.2012წ. გააფორმეს ხელშეკრულება უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ (ხელშეკრულება დამოწმებულია 20.03.2012წ.).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.04.2012წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. შ-ის 01.03.2012წ. განცხადება და წარდგენილი სასამართლო აქტის საფუძველზე, თბილისში, ...ის ქუჩა N1.3.5/...ის ქუჩა N7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი - 1176 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - ..., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - N1-დან N10-ის ჩათვლით) დარეგისტრირდა ჯ. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ის, ფ. შ-ის და ე. შ-ის თანასაკუთრების უფლება. ამავე თარიღით მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელშიც მესაკუთრეთა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: 27.05.2008წ. სამკვიდრო მოწმობა N2-299; 26.04.2010წ. ამხანაგობა „...“-ის დამფუძნებელთა კრების ოქმი; 11.05.2010წ. დამოწმებული ინდმენაშენეთა ამხანაგობა „...ის (...ის) N1.3.5 და შესახვევი N7“-ის დამფუძნებელთა კრების ოქმი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.02.2012წ. სხდომის ოქმი N2-11730-11; 20.03.2012წ. დამოწმებული ხელშეკრულება უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ.

25.05.2017წ. ა. ქ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წერილობითი განმარტება, ი. ს-ის მემკვიდრეების სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძვლების შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1962 წლიდან მფლობელობაში აქვს 54.14 კვ.მ ფართი, რომელიც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ირიცხებოდა ი. ს-ის სახელზე (უკანონო ნაგებობა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე). სახლთმფლობელობაზე სააღრიცხვო ბარათი გაიცა 1975 წელს. განმცხადებლის განმარტებით, მას, როგორც 1962 წლიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე აღრიცხული სახლისა და მიწის ნაწილის მფლობელს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის მეორე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის - ი. ს-ის უფლებამონაცვლეს, გააჩნია სახლის 54.14 კვ.მ. ფართზე და შესაბამისი მიწის ნაკვეთის ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მის ინტერესში შემავალ ფართს მოიცავს ი. ს-ის მემკვიდრეების სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხული უძრავი ქონება, თუმცა საჯარო რეესტრში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით მიმდინარე წარმოების შესახებ იგი ინფორმირებული არ ყოფილა და არ ჩაბარებია შესაბამისი გადაწყვეტილება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.06.2017წ. N... წერილით ა. ქ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

27.06.2017წ. ა. ქ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჩივრის ავტორმა მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ 23.01.2012წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო წარმოების განახლება და მისთვის, როგორც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის - ი. ს-ის უფლებამონაცვლისათვის, სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის უფლების მინიჭება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2017წ. N... გადაწყვეტილებით ა. ქ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით.

სს „...ის“ 06.12.2016წ. N1206/162 წერილის მიხედვით, კომპანიის მონაცემთა ბაზაში, თბილისში, ...ის ქუჩა N7-ში, 1996 წლის პირველადი მონაცემებით, სს „...ის“ აბონენტად ფიქსირდებოდა ა. ქ-ე (სააბონენტო ბარათი N...). 1996 წლამდე ინფორმაცია სს „...ში“ არ ინახება, ხანდაზმულობის გამო. 06.12.2016წ. მდგომარეობით, სს „...ის“N... აბონენტად რეგისტრირებულია ქ-ე ა. (მის: ...ის ქუჩა N7).

12.12.2016წ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ე. დ-ი და ნ. ჩ-ი ადასტურებენ, რომ ა. ქ-ე (დაბ. ...წ., პირადი N...) 1962 წლიდან დღემდე ნამდვილად ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, ...ის ქუჩა N7.

05.05.2017წ. ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით ე. დ-ი და ა. ფ-ი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 1961 წელს ა. ქ-ემ და მისმა მეუღლემ ი. ქ-ემ, ვ. ს-ისაგან იყიდეს ...ის ქუჩა N7-ში მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილი (ერთი ოთახი, ნახევრად ფიცრული, დაახლოებით 60 კვ.მ), რაშიც გადაიხადეს 3000 მანეთი. სახლის შეძენის შემდეგ, ა. ქ-ის მეუღლემ დაანგრია ფიცრული ოთახი და ააშენა კაპიტალური შენობა, სადაც დღემდე ცხოვრობს ა. ქ-ე თავისი ოჯახით. ისინი ადასტურებენ, რომ ესწრებოდნენ თანხის გადაცემას და შინაურული ხელშეკრულების შედგენას, მათ ასევე მოაწერეს ხელი ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტს, როგორც მოწმეებმა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მესამე პირის - ფ. შ-ის საკასაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შემოწმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და კასაციის ძირითადი მოტივებიდან გამომდინარე, შეფასდეს: დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა განსახილველ დავასთან მიმართებაში, ამასთანავე, მართებულია თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2017წ. N... სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებაში ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი ადგენს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრების აუცილებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევისთვის უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უშუალოდ აღნიშნული პირის მიმართ, ან იგი უშუალო და პირდაპირ გავლენას უნდა ახდენდეს მის კანონიერ ინტერესსა თუ უფლებაზე. პირის უფლებას უნდა ადგებოდეს ზიანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებით. ამასთან, კანონიერი ინტერესი არ ნიშნავს იმთავითვე მოთხოვნის კანონიერებას. სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის საკმარისია ინტერესის არსებობის ვარაუდი, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესის არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითებს, თუმცა უდავოა, რომ მას ინტერესი გააჩნია იმ უძრავი ნივთის ნაწილზე, რომელიც თავდაპირველად საჯარო რეეესტრში ირიცხებოდა ი. ს-ის სახელზე, ხოლო გარდაცვალების შემდგომ, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, აღირიცხა მისი მემკვიდრეების (საქმეში მონაწილე მესამე პირების) საკუთრებად. დავის საგნის მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობას მოსარჩელე იმ გარემოებაზე მითითებით ასაბუთებს, რომ ი. ს-ის მემკვიდრეების სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული ქონება მოიცავს 1961 წლიდან მის საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის ნაწილს. თავის მხრივ, უძრავი ქონების ნაწილზე უფლების არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს სს „...ის“ 06.12.2016წ. N1206/162 წერილზე, რომელშიც კომპანია მიუთითებს სადავო მისამართზე 1996 წლიდან ა. ქ-ის აბონენტად რეგისტრირების ფაქტზე. მოსარჩელეს ასევე წარმოდგენილი აქვს ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა განმარტებები, რომლებიც ადასტურებენ სადავო მისამართზე ა. ქ-ის 1962 წლიდან ცხოვრების ფაქტს, ასევე იმ გარემოებას, რომ 1961 წელს ა. ქ-ემ მეუღლესთან - ი. ქ-ესთან ერთად, ი. ს-ისაგან შეიძინა ...ის ქუჩა N7-ში მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილი, სათანადო საფასურის გადახდით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი ადგენს გასაჩივრების განსაკუთრებულ წესს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, კერძოდ, კანონის 29.3 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში სასამართლოს კომპეტენციის არსებობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წესით აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესის მიუხედავად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის მოკლებული შესაძლებლობას, უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი. ერთი მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლი ადგენს სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას როგორც უშუალოდ, ისე თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო მეორე მხრივ, ზაკ-ის 601 მუხლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილების მინიჭება, ადასტურებს ასევე მის უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან მიმართებაშიც. სააგენტოს, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, გააჩნია უფლებამოსილება, შეამოწმოს მისი ტერიტორიული სამსახურების მიერ გამოცემული აქტების კანონიერება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა ტერიტორიული სამსახურების გადაწყვეტილებების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობაზე. „..იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ. აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი..“ (სუს 25.05.2011წ. Nბს-1695-1651(კ-10), 26.09.2019წ. N1588(2კ-18) გადაწყვეტილებები; 14.07.2015წ. Nბს-408-403(2კ-14) განჩინება და სხვ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის განხილვა, სისტემის თვითკონტროლის ფარგლებში, ორგანოს საშუალებას აძლევს, სადავო საკითხის ეფექტურად გადაწყვეტით გაასწოროს მის მიერვე დაშვებული შეცდომა. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის წარდგენას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად და ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ჩაატაროს სრულყოფილი წარმოება და ჩატარებული წარმოების შედეგები ასახოს შესაბამის გადაწყვეტილებაში.

საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო მისამართზე 2008-2012 წლების მონაცემებით მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვა, მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს. კერძოდ, 02.06.2008წ. მდგომარეობით, თბილისში, ...ის ქუჩა N7-ში, მესამე პირების თანასაკუთრებად საჯარო რეესტრში ფიქსირდება N1-N10 შენობა-ნაგებობება. 24.05.2010წ. და 23.01.2012წ. მდგომარეობით, ამავე პირებზე, უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულებისა და სასამართლო აქტების საფუძველზე, თბილისში, ...ის ქ. N1.3.5/...ის ქ. N7-ში თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია N4-N6; N8-N14 შენობა-ნაგებობაზე, ხოლო 06.04.2012წ. მდგომარეობით, 20.03.2012წ. დამოწმებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისში, ...ის ქუჩა N1.3.5/...ის ქუჩა N7-ში მესამე პირთა თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია კვლავ N1-N10 შენობა-ნაგებობაზე. ამდენად, მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარემოებათა სათანადო გამოკვლევით არის შესაძლებელი, დადგინდეს - მოიცავს თუ არა მოსარჩელის ინტერესში შემავალ 54,14 კვ.მ ფართს 23.01.2012წ. მდგომარეობით მესამე პირების სახელზე აღრიცხული შენობა-ნაგებობები და იგივე ფართი შედიოდა თუ არა მესამე პირებზე 2008 წლის მდგომარეობით აღრიცულ შენობა-ნაგებობებში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რეგისტრირებული მონაცემების სადავოობა მხოლოდ 2012 წლის მდგომარეობით, ამ ეტაპზე საეჭვოს არ ხდის მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობას მესამე პირებზე აღრიცხული უძრავი ქონების ნაწილთან მიმართებაში. მხოლოდ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით და საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლით უნდა დადგინდეს, შეიცვლება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა.

საკასაციო სასამართლო კვლავაც ადასტურებს, რომ სასამართლოს კომპეტენციის არსებობა რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, შეისწავლოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება, თუმცა აღნიშნულის ვალდებულება მას არ გააჩნია. მითითებული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეფასებით ნაწილში არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, თუმცა თვლის, რომ შედეგობრივად მართებულია სარჩელის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტა და დავის შემდგომი პერსპექტივის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2019წ. განჩინება;

3. ფ. შ-ს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.01.2020წ. N8896188552 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე