Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-316(კ-20) 27 იანვარი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ლ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ...ის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-მა 2019 წლის 4 აპრილს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ...ის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 მარტის №671 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის №671 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. გ-მა და ...ის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ამასთან, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, აპელანტმა (მოსარჩელე) ლ. გ-მა დააზუსტა მოპასუხეთა წრე და საქმის განხილვა გაგრძელდა მხოლოდ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ...ის გამგეობაში განხორციელებულ რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების შემცირება, შესაბამისად, იგი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა. ამასთან, შტატების შემცირების შემთხვევაშიც კი, სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა ატესტაციის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, კასატორის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი მაინც არ არსებობდა. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ მასთან ერთად 2017 წლის 1 მაისს გათავისუფლებული 6 მოადგილე ხელახლა აიყვანეს სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე, მოსარჩელეს კი 31 მაისამდე ჰპირდებოდნენ სამსახურში აყვანას, თუმცა შემდეგ უარი უთხრეს იმ საფუძვლით, რომ სამსახურში დანიშვნა მხოლოდ კონკურსით ხდება. აღნიშნული, კასატორის მოსაზრებით, მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ადასტურებს.

კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა პროცედურული დარღვევებითაც. მათ შორის, მოხელეები სათანადო წესით არ ყოფილან ინფორმირებულნი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. გარდა ამისა, გამგებლის 2017 წლის 12 აპრილის №655 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა გამგებლის 2017 წლის 23 მარტის №514 ბრძანებაში, რეგისტრირებულია 19 აპრილს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. კასატორის მოსაზრებით, რეორგანიზაციის ვადაც დარღვეულია. ასევე, სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულ იქნა მიუკერძოებლობის პრინციპი - მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მიმართა კომისიას რამდენიმე წევრის აცილების მოთხოვნით, დაუსაბუთებლად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კასატორს არც კომისიის სხდომის ოქმები ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე, 97-ე, 112-ე, 114-ე მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4-მე-8, 53-ე, 91-ე-93-ე, 96-ე მუხლები, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი. სანაცვლოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილება, რომელიც სადავო ბრძანებებში მითითებული არც არის. უფრო მეტიც, აღნიშნული დადგენილება ითვალისწინება მისი მოქმედების ვადას და არ ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი კონკურსის ჩატარებას. ...ის მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე კი, 2014 წლის ბოლოს საჯარო ბიუროსთან შეთანხმებით, სამსახურებს მოადგილეთა შტატებიც კი დაემატა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული და მატერიალური ნორმების დარღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. გ-ის, სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების საფუძვლით, სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონის (2015წ.) 110-ე მუხლი, ასევე, ადგენს, რომ მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას, „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა განთავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში ლ. გ-ი სწორედ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 1 მაისიდან. შესაბამისად, უნდა შეფასდეს, რეორგანიზაციას მოჰყვა თუ არა ლ. გ-ის მიერ 2015 წლის 1 თებერვლიდან დაკავებული საშტატო ერთეულის - ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის გაუქმება. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლ. გ-ის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრების შედეგად საქმეზე დასრულებულია ორი სასამართლო დავა, რომელთა ფარგლებში მიღებული 2017 წლის 28 დეკემბრის №3/126-17 და 2018 წლის 21 ნოემბრის №3/181-18 გადაწყვეტილებებითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარება. საბოლოოდ კი, ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 მარტის №671 გასაჩივრებული ბრძანებით, ლ. გ-ი 2017 წლის 1 მაისიდან გათავისუფლებულად ჩაითვალა დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2017 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საშტატო ნუსხა ნამდვილად აღარ ითვალისწინებდა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული თანამდებობის გაუქმება გამოიწვია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებით „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ დამტკიცებამ. აღნიშნული „რეესტრის“ 46-ე და 47-ე მუხლებით, სტრუქტურული ერთეულის (ადმინისტრაცია, დეპარტამენტი, საქალაქო სამსახური, სამსახური, აპარატი) ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა გათვალისწინებულ და დაშვებულ იქნა მხოლოდ ისეთი მუნიციპალიტეტის (გარდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) მერიაში/გამგეობაში, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაც აღემატება 100 000-ს. ამრიგად, ჯერ კიდევ მოსარჩელის დანიშვნის მომენტისთვის, კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, ...ის გამგეობაში საერთოდ არ უნდა დაშვებულიყო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ამასთან, ვინაიდან ხსნებული დადგენილება მოქმედებდა 2017 წლის 1 ივლისამდე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რასაც საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 3 იანვრის წერილიც ადასტურებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით ლ. გ-ის გათავისუფლება რეალურად მოხდა მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რომელიც აღარ ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ ორგანოში (რადგან შესაბამისი მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემეტებოდა 100 000-ს) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის საშტატო ერთეულის არსებობას. ამდენად, საქმეზე დადასტურებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საშტატო ერთეულის გაუქმება, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, რაც შტატების შემცირების საფუძვლით მისი გათავისუფლების წინაპირობას ქმნიდა. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არ მომხდარა უბრალოდ საშტატო ერთეულთა რიცხოვნობის შემცირება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა მოხელეთა კონკურენციასა და საუკეთესოს გამოვლენის საკითხებზე მსჯელობა.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიებს პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროცედურული წესის ნებისმიერი დარღვევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, არამედ დარღვევა არსებით ხასიათს, ადმინისტრაციული წარმოების შედეგზე გავლენის მქონე ფორმას უნდა ატარებდეს. სადავო შემთხვევაში კი მსგავსი დარღვევების არსებობა არ დასტურდება. მათ შორის, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას კომისიის წევრების აცილების აუცილებლობის თაობაზე, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას შესაძლო გათავისუფლების შესახებ არაინფორმირებულობის თაობაზე, დადგენილია, რომ რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის №514 ბრძანება ლ. გ-ს ჩაბარდა 2017 წლის 27 მარტს, ხოლო გათავისუფლების შესაძლებლობაზე ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდება, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის გათვალისწინებით, საქმის გადაწყვეტაზე გავლენას მაინც ვერ მოახდენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე