საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-69(კ-21) 12 თებერვალი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებაზე.
2020 წლის 24 იანვარს რ. ჩ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით მოსარჩელე რ. ჩ-ს სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი და მოსარჩელეს განესაზღვრა 10 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ თუ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩნებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო სააპელაციო პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ-ს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან, ამავე განჩინებით რ. ჩ-ს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება რ. ჩ-მ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომელიც რეალურად წარმოადგენდა კერძო საჩივარს, რადგან სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სწორედ კერძო საჩივრით საჩივრდება. რ. ჩ-ს კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მიუხედავად, მან ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან, რ. ჩ-ს განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, ვინაიდან სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა. ამდენად, მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის განუხლილველად დატოვების შესახებ სადავოდ გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება არც საკასაციო და არც კერძო საჩივრით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინადან რ. ჩ-ს მიერ გასაჩივრებულია ის განჩინება, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მისი საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე