№ბს-821(კ-20) 4 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. გ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 25 ივნისს რ. გ-ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისის №04/30331 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რ. გ-ისათვის სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს 2017 წლის 28 ნოემბრის 04-08/6611 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის რ. გ-ისათვის ძალოვან სტრუქტურებში წელთა ნამსახურეობის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის, თვეში 560 ლარის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და მოპასუხეებისათვის რ. გ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 20 160 ლარის (დაწყებული 2014 წლის ივლისის თვიდან 2017 წლის ივლისამდე 36 თვე x 560 ლარზე = 20160 ლარს) სოლიდარულად ანაზღაურების დავალდებულება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისის №04/30331 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი რ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 28 ნოემბრის №04-08/6611 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა რ. გ-ისათვის მიმართვის დღიდან - 2014 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა წელთა ნამსახურეობის შესაბამისად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში ოპერატიულ სამმართველოს ...ა განყოფილების …ის, საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის ... სამმართველოს …ისა და საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის ...ის სამმართველოში სამმართველოს …ის …დ მუშაობის სტაჟი (ჯამში 1 წელი 6 თვე და 19 დღე) რ. გ-ისათვის წარმოშობდა თუ არა პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებში მუშაობის სტაჟთან (19 წელი და 9 დღე) ერთობლიობაში „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 აპრილის №207 დადგენილებაზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 23 სექტემბრის №694 დადგენილებაზე, 1997 წლის 13 ივნისის მდგომარეობით მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსზე, „საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ კომპენსაციის არსის, მისი მიზნების, სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების იდენტურობის გათვალისწინებით, რ. გ-ის მიერ საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში …ა სამმართველოს ….ის პოზიციასა და საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის ...ის სამმართველოში სამმართველოს …ის …ის პოზიციაზე მუშაობის სტაჟი (ჯამში 1 წელი, 6 თვე და 19 დღე), საქართველოს პროკურატურის ორგანოებსა და სასამართლოში მუშაობის სტაჟთან (19 წელი და 9 დღე) ერთობლიობაში - მოსარჩელისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის რეგულაციის შესაბამისად პენსიის ოდენობის დაანგარიშების განხორციელების საფუძველს ქმნიდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორმა აღნიშნა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-ე მუხლის მიხედვით, ამავე კანონის 70-ე მუხლის (საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესი) ვრცელდება მხოლოდ 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, რ. გ-ისათვის, როგორც სახალხო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისათვის, საერთო სასამართლოების ხაზით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.
კასატორმა მიუთითა `სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ სახელწმიფო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს და არა 20 წლიანი ნამსახურობის სტაჟის შესავსებად, ამავე ნორმაში ჩამოთვლილ სხვა სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს, რომელთა შორის არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ლეგიონი და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი. კასატორის მითითებით, რ. გ-ისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად სააგენტომ 2017 წლის 24 ოქტომბერს შეკითხვით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 3 ნოემბრის წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ რ. გ-ე არ მიეკუთვნებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირს. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ხაზით, რ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
კასატორმა მიუთითა `სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუქნტზე და აღნიშნა, რომ პროკურატურის ორგანოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად რ. გ-ეს 20 წლიანი მუშაობის სტაჟში ჩაეთვლება, როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში (…ე) მუშაობის პერიოდი, რომლებიც ერთობლიობაში შეადგენს 19 წელსა და 9 დღეს. აღნიშნულ სტაჟს ვერ დაემატება საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში/დეპარტამენტში 1 წლიანი, 6 თვიანი და 19 დღიანი მუშაობის პერიოდი, რადგან აღნიშნული სამსახურები არ მიეკუთვნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუქნტში ჩამოთვლის სამსახურთა რიცხვს. ამასთანავე, კასატორმა აღნიშნა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს სააგენტომ კონკრეტული შეკითხვით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. აღნიშნულ წერილზე მიღებული პასუხით სააგენტოს ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ორგანოების ჩამონათვალში არ შედიოდა საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველო/დეპარტამენტი. შესაბამისად, რ. გ-ეს საქართველოს პროკურატურის ხაზით ვერ დაენიშნება სახელწმიფო კომპენსაცია, ვინაიდან აღნიშნული უწყების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო 20 წლიან შრომის სტაჟში ვერ ჩაითვლება საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპეტარიულ სამმართველოში/დეპარტამენტში მუშაობის 1 წლიანი 6 თვიანი და 19 დღიანი მუშაობის პერიოდში, რის გარეშეც, რ. გ-ეს არ გააჩნია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი 20 წლიანი მუშაობის სტაჟი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ. გ-ე ...-... წლებში (4 წელი და 5 თვე) მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. ... წელს იგი გათავისუფლდა პროკურატურის ორგანოებიდან. ... წლის 11 აპრილიდან ... წლის 22 ივნისამდე რ. გ-ე იკავებდა ...ის თანამდებობას. 1994 წლის 22 დეკემბრიდან 1998 წლის 5 მაისამდე მოსარჩელემ მუშაობა კვლავ გააგრძელა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში, სადაც სამუშაო სტაჟმა შეადგინა 3 წელი, 4 თვე და 13 დღე. 1998 წლის 5 მაისს, რ. გ-ე პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა პირადი განცხადების საფუძველზე და 1998 წლის 16 მარტიდან 1999 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობა განაგრძო საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიულ სამმართველოში, შემდეგ საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიულ დეპარტამენტში, ხოლო 1999 წლის 4 ოქტომბრიდან იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის ...ის სამმართველოს …ის …ის თანამდებობიდან.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს რ. გ-ისათვის საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში ოპერატიულ სამმართველოს ...ა განყოფილების …ის, საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის ...ა სამმართველოს …ისა და საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის ...ის სამმართველოში სამმართველოს …ის …დ მუშაობის საერთო სტაჟში ჩათვლა და აღნიშნულის შედეგად „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნა წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო აქტების მიღების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ორგანოების ჩამონათვალში არ შედის საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველო/დეპარტამენტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 აპრილის №207 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს დროებითი დებულება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №66 ბრძანებით - საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს დებულება. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩამოყალიბდა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ 2009 წლის 03 ნოემბრის კანონით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სადავო საკითხთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს ზემოხსენებული დებულებებით გათვალისწინებული სამმართველოს ამოცანები და მიზნები არსებითად ემთხვევა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სამსახურის ამოცანებსა და მიზნებს, რაც, კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის, იძლევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობის პირებთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციის საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში ოპერატიული სამმართველოს/დეპარტამენტის ...ა განყოფილების …ის პოზიციასა და საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის ...ის სამმართველოს …ის …ის პოზიციაზე დასაქმებულ პირზე გავრცელების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე