Facebook Twitter

№ბს-849(კ-20) 4 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ც. ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 03 აპრილს ც. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... წლის ... ...ის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ც. ბ-ისათვის ... წლის ... ...დან კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის - 900 ლარის (1200 ლარის 75%) დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის დავალება და მოპასუხისათვის ც. ბ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნიდან - ... წლის ... ...დან განსხვავებული თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... წლის ... ...ის №... გადაწყვეტილება ც. ბ-ისთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) ... წლის ... ...დან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სხვაობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ც. ბ-ისთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) ... წლის ... ...დან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სხვაობის სახით (900-560 ლარი) სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ანაზღურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-10, მე-20 მუხლებზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე და აღნიშნა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, ხოლო მე-20 მუხლი - სპეციალურ ნორმას, რომელიც უშუალოდ ეხება გარდაცვლილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი) შრომისუუნარო მეუღლეს და ადგენს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის წესს (კომპენსაცია ინიშნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით). შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სადავო საკითხი გადაეწყვიტა არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმის საფუძველზე, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავდა მსგავსი კატეგორიის პირთათვის კომპენსაციის თანხის ოდენობას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორად შეაფასა სამართლებრივი გარემოებები, რამდენადაც სპეციალურ ნორმასთან მიმართებით უპირატესობა მიანიჭა ზოგადი ხასიათის ნორმას, რომლითაც დადგენილი იყო სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა და სპეციალური დათქმის/ნორმის უგულებელყოფით მიიღო სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ამ ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, რომლითაც იმპერატიულად არის დადგენილი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობა - 560 ლარი. კასატორის მოსაზრებით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ ზემოხსენებული ნორმა ზოგადი ხასიათისაა, იმ პირობებში, როდესაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი პირდაპირ დათქმას შეიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას მისი ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა ოდენობით გაცემის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ც. ბ-ი წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყოფილი წევრის, გარდაცვლილი მოსამართლის მეუღლეს, რომელსაც მარჩენალის დაკარგვის საფუძვლით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დანიშნული ჰქონდა კომპენსაცია 900 ლარის ოდენობით. მოგვიანებით, კომპენსაციის ოდენობა შეიცვალა და განისაზღვრა 560 ლარით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1 200 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას ან გარდაცვლილად გამოცხადებისას მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით, კანონმდებელმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს დაენიშნოთ კომპენსაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის - 1200 ლარის 75%-ის ოდენობით - 900 ლარით. დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის პოზიცია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-7 მუხლის შესაბამისად, რადგან ხსენებული ნორმა წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტული, სადავო საკითხის მოწესრიგებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლის ზოგადი პრინციპის თანახმად, ერთსა და იმავე იერარქიულ საფეხურზე მდგომ სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის არსებობისას, გამოიყენება სპეციალური ნორმა, კონკრეტულ შემთხვევაში - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე