საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-804(კ-20) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - სს „...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 26 დეკემბერს შპს „...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ოქტომბრის №04/64294 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №04/78178 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქმეში, მოსარჩელე შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ ჩაერთო სს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ოქტომბრის №04/64294 გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №04/78178 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სს „...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ხელს აწერს სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო მეგრელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ თუ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნებოდა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს ჩაბარდა 2020 წლის 28 სექტემბერს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2020 წლის 29 სექტემბრიდან დაიწყო და 2020 წლის 5 ოქტომბერს (ორშაბათს) ამოიწურა.
დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო, არამედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა (სოფიო მეგრელმა) საკასაციო სასამართლოს დაგვიანებით - 2020 წლის 12 ოქტომბერს მომართა (გზავნილი საქართველოს ფოსტას ჩაბარდა 2020 წლის 9 ოქტომბერს). ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განცხადებაში მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილების საფუძველზე, გახდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, მხარემ, საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობის თაობაზე იშუამდგომლა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შეიძლება აღდგეს, თუ მხარე დაადასტურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას - მხარის ბრალის გარეშე ხსენებულ ვადაში კონკრეტული ქმედების განხორციელების ობიექტურ შეუძლებლობას.
სადავო შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენელი წარმოდგენილ განცხადებაში ვერ მიუთითებს არაბრალეული გარემოებით გამოწვეული, კონკრეტული ქმედების გამომრიცხველი ვითარების თაობაზე, რომელიც საპროცესო მოქმედების შესასრულებლად საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას შექმნიდა. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ სააგენტოს შეეძლო აღნიშნული შინაარსის განცხადება წარმოედგინა ან საპროცესო მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნა დაეყენებინა სასამართლოს მიერ მხარისათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თუმცა მას ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებია.
საკასაციო პალატა, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მხარის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ განცხადების წარმოდგენა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სასამართლოს დროულ ინფორმირებას არ გამორიცხავდა. სწორედ ამიტომ, ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არც საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით და არც სასამართლოს მიერ მხარისათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოუმართავს სასამართლოსთვის, მათ შორის, ზემოაღნიშნული შუამდგომლობით, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. განმცხადებაში აღწერილი ვითარება კი ვერ ადასტურებს მოთხოვნილი დოკუმენტაციის საპროცესო ვადაში წარმოდგენის შეუძლებლობასა და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის წინაპირობების არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე